ნავში რუსეთთან ერთად? - რუსული ბაზარი, ეკონომისტების შიშები და "ოცნების" იმედები

რუსეთის მიერ დაბომბილი საცხოვრებელი კორპუსი კიევში

საქართველოს ხელისუფლება მიესალმება რუსეთის ბაზარზე მეტი ქართული კომპანიის შესვლის შესაძლებლობას. 7 მარტს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაადასტურა, რომ მოსკოვი 15 ქართულ კომპანიას რუსული ბაზრის კარს უხსნის. ამას წინ უძღოდა აურზაური ქართული რძისა და რძის ნაწარმის გარშემო.

რადიო თავისუფლებამ 7 მარტს ვერ დაადგინა, რომელ 15 კომპანიაზეა ლაპარაკი. მანამდე, რძის პროდუქტების მწარმოებლებმა თქვეს, რომ ეს მათ არ ეხებათ და მიუხედავად "როსსელხოზნადზორის" განცხადებისა, რომ ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოდან რძის პროდუქტებს რუსეთში დაუშვებდნენ, არ აპირებენ საკუთარი პროდუქციის ექსპორტს.

უკრაინაში შეჭრისა და სისხლისმღვრელი, დაუნდობელი ომის დაწყებისთვის დასავლეთმა რუსეთს უპრეცედენტო სანქციები დააკისრა და ამ ფონზე, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების მცდელობები წაგებიანად მიაჩნიათ ეკონომისტებს და პოლიტოლოგებს. პარალელურად, ლაპარაკობენ საფრთხეზეც, რის გამოც დასავლეთის სანქციები შესაძლოა საქართველოსაც შეეხოს.

  • რას ცდილობს იზოლაციაში მყოფი რუსეთი და როგორია საქართველოს ხელისუფლების პასუხი?
  • რის ფასად შეიძლება დაუჯდეს საქართველოს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოება ომის ფონზე?
  • რა არის სახიფათო - როგორ შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა საქართველო?

რძისა და ყველის ამბავი

საქართველოს მოქალაქეებმა საერთოდ არაფერი იცოდნენ, როცა რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურმა (როსსელხოზნადზორი) გამოაქვეყნა ინფორმაცია რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიებისთვის მწვანე შუქის ანთების შესახებ.

კრემლის საიმედო იარაღად ქცეულმა სტრუქტურამ, რომელიც საქართველოში მოქმედ ლუგარის ლაბორატორიას სხვადასხვა დროს, მათ შორის - ბიოლოგიური იარაღის გამოყენებაშიც ადანაშაულებდა, განაცხადა, რომ შეთანხმება ქართულ და რუსულ მხარეებს შორის 5 მარტს გამართული მოლაპარაკების შედეგად შედგა. ლაპარაკი იყო მოლაპარაკებებზე "როსსელხოზნადზორის" ხელმძღვანელს, სერგეი დანკვერტსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, ზურაბ ჩეკურიშვილს შორის.

5 მარტს, უკრაინაში რუსეთის სასტიკი სამხედრო თავდასხმის მე-10 დღეს ითვლიდნენ და, შესაბამისად, რუსულ-ქართულ შეთანხმებას კიევში „ღალატი და ზურგში დანაც“ უწოდეს.

ასევე ნახეთ დავითაშვილის თქმით, რუსეთში პროდუქტის შეტანაზე აჟიოტაჟი ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირდება 

5 მარტის მოულოდნელმა განცხადებამ საქართველოშიც მრავალი კითხვა გააჩინა, რაზეც პირველი პასუხები ქართულმა მხარემ მხოლოდ 6 მარტს, გვიან საღამოს გამოაქვეყნა და ითქვა, რომ გადაწყვეტილება რუსულმა მხარემ 2020 წელს დაწყებული პროცესის საფუძველზე მიიღო.

რადიო თავისუფლებას 7 მარტს სურსათის ეროვნულ სააგენტოში უთხრეს, რომ რუსულ მხარესთან კომუნიკაცია მართლაც შედგა, მაგრამ არა შეხვედრა, არამედ სატელეფონო საუბარი.

კიევში ხელისუფლების და თბილისში ოპოზიციის მწვავე რეაქციას ინფორმაციის ნაკლებობით გამოწვეულ „აჟიოტაჟს“ უწოდებს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, რომელიც 2022 წლის თებერვლამდე სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო. სურსათის ეროვნული სააგენტო კი სწორედ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული სტრუქტურაა.

„მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მხრიდან რამდენიმე კომპანიიდან რუსეთში განცხადება გაგზავნილი იყო 2020 წელს, მას შემდეგ ეს კომუნიკაცია არ ყოფილა... მით უმეტეს - ომის პირობებში, საქართველოს ამ საკითხზე დამატებით არ მიუმართავს“, - უთხრა დავითაშვილმა 7 მარტს ჟურნალისტებს.

„როსსელხოზნადზორის“ ვებსაიტზე იძებნება განცხადება იმის შესახებ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურიშვილი 2021 წლის ივლისში ჩასული იყო მოსკოვშიც, პირადად შეხვდა „როსსელხოზნადზორის“ ხელმძღვანელს სერგეი დანკვერტს და საუბარი ყველის იმპორტსაც შეეხებოდა.

ასევე, იძებნება რუსულენოვან მედიაში გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ ყველთან დაკავშირებულ მსგავს მოლაპარაკებებს ჩეკურიშვილი 2017 წელსაც აწარმოებდა.

ასევე ნახეთ სოფლის მეურნეობის მინისტრი რუსულ ბაზარზე: ეს არის შესაძლებლობა ჩვენი კომპანიებისთვის
ასევე ნახეთ არ ვაპირებთ რუსეთის ბაზარზე შესვლას - რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია

დეტალებზე საქართველოში ბევრს მსჯელობენ, მაგრამ ეს მსჯელობა შესაძლოა აზრს მოკლებულიც არის, საქართველოს ხელისუფლების პოზიციის ფონზე, რომ ის არ უერთდება რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაკისრებულ სანქციებს და რუსეთის ბაზარს ეკონომიკის შემდგომი განვითარების იმედებსაც უკავშირებს.

„ეს არის შესაძლებლობა ჩვენი კომპანიებისთვის, რომ მათ უფრო მეტი წარმოება დაგეგმონ, ბოლომდე აამუშაონ თავისი სიმძლავრეები და უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქონდეთ კონკრეტული გეგმები", - თქვა სოფლის მეურნეობის ახალმა მინისტრმა, ოთარ შამუგიამ 7 მარტს გამართულ ბრიფინგზე.

ეკონომისტებს შორის, რომლებსაც რადიო თავისუფლება ელაპარაკა, ნაწილი თვლის, რომ რუსეთში რძისა და ყველის გატანა საქართველოსთვის დაუძლეველი ამოცანაა, რადგან საქართველოს არც თავისი სამყოფი რძე და რძის პროდუქტები აქვს.

განსხვავებული შეფასებით კი, ეკონომიკური სანქციების მარწუხებში მოქცეული „რუსეთისთვის ახლა რძის ფხვნილით დამზადებული სრულიად უხარისხო პროდუქციაც მისაღები იქნება“. თუ ამ ლოგიკით რუსეთის ბაზარზე, ვთქვათ, მაწონი ან ყველი გავა, ეკონომისტები ამ პროდუქტებზე საქართველოში ფასების ზრდას ვარაუდობენ.

ეკონომიკური მოგება-წაგება

საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი, ნიკა შენგელია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ, სანქციების ფონზე, რუსეთში ფასები მოიმატებს და ქართველი იმპორტიორებისთვის შესაძლოა, პროდუქციის გატანა მართლაც მოგებიანი იყოს, მაგრამ „ჩაკეტილ რუსეთთან“ ვაჭრობა მძიმე ტვირთად დააწვება საქართველოს ეროვნულ ვალუტას.

„იმპორტიორები რუბლს შემოიტანენ. შემოტანილი რუბლით საქართველოში ჯერ იყიდიან ლარს, მაგრამ შემდეგ ამ ლარით ისევ დოლარს შეიძენენ, რადგან რუსეთში ამის საშუალება არ ექნებათ. რა თქმა უნდა, ეს იქნება ზეწოლა ლარზე და ლარი დაიწყებს გაუფასურებას“, - გვეუბნება ნიკა შენგელია.

რუსეთის ბაზარს იმთავითვე განვითარების შემაფერხებლად და სახიფათოდ მიიჩნევდა „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი. ექსპერტი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლება არ იყენებს ხარისხის ზრდაზე ორიენტირებულ შესაძლებლობებს და სანაცვლოდ, რუსეთის სახიფათო ბაზრისკენ მიდის.

„რუსეთში ოპერირება სახიფათოც არის იმ თვალსაზრისით, რომ იქ არც სასამართლოა ნორმალური, არც პოლიცია და არც მედია, მით უფრო ახლა [რეპრესიების ფონზე] ... ეს სანქციები უნდა გამოგვეყენებინა იმისთვის, რომ საბოლოოდ გვეთქვა უარი რუსეთის ბაზარზე. ბევრი კარგი შესაძლებლობა აქვს საქართველოს და არა მხოლოდ ევროკავშირისა და აშშ-ის სახით და ჩვენ ისევ რუსეთის ხახაში ვბრუნდებით“, - გვეუბნება ჯანდიერი.

ასევე ნახეთ ღარიბაშვილი: საფრთხე არ გვემუქრება, მშვიდად გავაგრძელოთ ქვეყნის შენება
ასევე ნახეთ ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტი პარლამენტში დარეგისტრირდა

ნიკა შენგელიასთვის სახიფათო ტენდენციას აჩვენებს ifact.ge-ის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 1-დან 4 მარტის ჩათვლით, 200-ზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ მოითხოვა ბიზნესის რეგისტრაცია საქართველოში. ეკონომისტს აქვს „დიდი ეჭვი“, რომ რუსული კომპანიები საკუთარი პროდუქციის საქართველოს სახელით გაყიდვას შეეცდებიან და შიშობს, რომ დასავლეთი, რუსეთის მსგავსად, სანქციებს საქართველოსაც დაუწესებს.

„ვფიქრობ, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია... თუ პირდაპირ გამზადებული პროდუქცია, მაგალითად, შედედებული რძე შემოვა რუსეთიდან და იარლიყი შეეცვლება აქ მხოლოდ, ეს იქნება დასჯადი და დაგვიწესებენ აუცილებლად სანქციებს...

ეს არ დაიმალება. ვერავინ დასჯის მწარმოებელს და ქვეყანას, თუკი შემოვა დაუმუშავებელი პროდუქტი და საწარმოო ციკლის 50% მაინც საქართველოში დასრულდება... მე ვფიქრობ, რომ დაიწყება საქართველოში ე.წ. გადაფუთვა. ნახავთ, რომ ერთ თვეში კიდევ სხვა 200 კომპანია გაიხსნება“, - გვეუბნება შენგელია.

რა იქნება ინდიკატორი იმისა, რომ ასეთი პროცესები ნამდვილად მიმდინარეობს?

ეკონომისტის შეფასებით, ეს აშკარად გამოჩნდება სახელმწიფოს სტატისტიკაში, „როცა ვნახავთ, რომ ორი თვის თავზე გაიზარდა ექსპორტი და შევამოწმებთ, რა სახის საქონლის ხარჯზე გაიზარდა ეს ექსპორტი“.

ნიკა შენგელია გვეუბნება, რომ ერთ-ორ თვეში მხოლოდ ე.წ. გადაფუთვის შესაძლებლობა თუ ექნებათ ახალ კომპანიებს, რადგან თანაწარმოების „ტექნიკური მომზადება ამ დროში შეუძლებელია“.

საქართველო რუსეთს ეხმარება?

სწორედ ე.წ. გადაფუთვასთან დაკავშირებულ სახიფათო პროცესებზე ლაპარაკობს აშშ-ის მოქალაქე, პოლიტოლოგი და ჟურნალისტი იური შვეცი, რომელიც КГБ-ს ყოფილი მაღალჩინოსანია. 6 მარტს გამოქვეყნებულ თავის მორიგ ვიდეობლოგში შვეცი ამბობს, რომ აშშ-ის ინფორმაციით, საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა „საიდუმლო მოლაპარაკებები აწარმოეს კრემლთან, მოსკოვთან და დათანხმდნენ დახმარებაზე - დასავლეთის მიერ დაკისრებული სანქციების გვერდის ავლაში“.

ასევე ნახეთ ნიკა მელია: "ქართული ოცნება" თავისი გადაწყვეტილებით მკვლელებს, პუტინის რეჟიმს აფინანსებს

იური შვეცი კონკრეტულად ამბობს შემდეგს:

  • „საქმე შეეხება იმას, რომ, მაგალითად, „თბილისი იქცეს ჰაბად რუსეთიდან საჰაერო გადაზიდვებისა სხვა ქვეყნებში და უკან. ანუ იქ [თბილისში] დასხდებიან რუსეთის თვითმფრინავები პროდუქციით [დატვირთული]... იქ [ამ პროდუქციას] გადაეკვრება სხვადასხვანაირი იარლიყი, შეიცვლება შტამპები და რუსეთში წარმოებული პროდუქცია [ქვეყნიდან] გავა, როგორც საქართველოში წარმოებული პროდუქცია“;
  • „საბჭოთა კავშირის ქვეყნების უმრავლესობაში კორუფციული რეჟიმებია - ამა თუ იმ ხარისხით. ამ საქმეს, ცხადია, დიდი ფულის სუნი ასდის. კრემლი, რომელსაც სხვა გზა არა აქვს, შესაძლოა მზად იყოს მილიარდების გადასახდელად ამ ქვეყნების შესაბამისი ჩინოვნიკებისთვის - სანქციებისგან თავის დაღწევაში დახმარების სანაცვლოდ. აშშ-ის მთავრობამ იცის ამ გეგმების შესახებ და თვალს ადევნებს“.

„ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან ერთად ერთ ნავში არიან, დაისჯებიან საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის... მათ წინააღმდეგ ამოქმედდება დაახლოებით ასეთივე სანქციები“, - თქვა ასევე იური შვეცმა.

პროცესი, რომელსაც ის აღწერს, სისხლის სამართლის დანაშაულიც არის. დოკუმენტების გაყალბება პატიმრობით ისჯება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

ამერიკელი ექსპერტის სიტყვებს 7 მარტს „უაზრო სპეკულაცია“ უწოდა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

„საერთოდ არ ვიცი, წარმოუდგენელ რაღაცას ჰყვება ვიღაც ადამიანი, არ ვიცი რა ეროვნების, ვისი მოქალაქეა და საერთოდ, რას საუბრობს. პირველად გავიგე მისი სახელი და გვარი... თავად განმარტოს და მიაწოდოს საზოგადოებას კონკრეტული ინფორმაცია, თუ რამე აქვს. მაგრამ ეს ისევ სტანდარტული უაზრო სპეკულაციებია, რომელიც ძალიან ბევრია ამ მგრძნობიარე პერიოდში“, - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

ასევე ნახეთ ეკონომიკის მინისტრის თქმით, არასწორია რუსეთიდან ბევრი ადამიანის ჩამოსვლაზე ინფორმაცია

ეკონომისტი გია ჯანდიერი არ გამორიცხავს საქართველოს ჩართვას ევროკავშირის სტანდარტებით აკრძალულ სქემაში და ასევე, სანქციების დაწესების საფრთხეებზეც ამახვილებს ყურადღებას. თუმცა, კონკრეტული ინფორმაციის არარსებობის გამო, უჭირს საუბარი რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში დარეგისტრირებული კომპანიების კეთილსინდისიერებაზე.

რუსეთის მედია იტყობინება, რომ რუსეთის მოქალაქეებმა ბოლო დღეებში მასობრივი დაინტერესება გამოხატეს სომხეთშიც და საკონსულტაციო კომპანიებს კომერციული მიზნებით დაინტერესებულმა არაერთმა ადამიანმა მიმართა.

რის ფასად?

„ქართული ოცნება“ მუდმივად აღნიშნავს, რომ საქართველოს წინსვლას ეწინააღმდეგება ოპოზიცია და განსაკუთრებით - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ენმ). „ოცნებაში“ სწორედ ოპოზიციის ავ ზრახვებს ხედავდნენ რუსთაველის გამზირზე გამართული არაერთი ხალხმრავალი აქციის უკანაც. ეს აქციები უკრაინის მიმართ სოლიდარობას ისახავდა მიზნად და პარალელურად, გმობდა საქართველოს ხელისუფლების პასიურობას უკრაინის დახმარების მიმართულებითაც.

უკრაინის ლიდერებთან აშკარად დაპირისპირებულმა „ქართულმა ოცნებამ“ ბოლოს ისინი, ენმ-თან კოორდინაციით, საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაშიც დაადანაშაულა.

ასევე ნახეთ კობახიძე: მიხეილ სააკაშვილმა თავადაც აღნიშნა, რომ დავით არახამია მისი დაფრთიანებულია
ასევე ნახეთ არახამია ქართული პროდუქტის რუსეთში ექსპორტზე: ეს არის საქართველოს პასუხი, როცა რუსეთი თავს გვესხმის?

„ახლა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რამენაირად ქვეყანა ჩართონ ომში, სამხედრო კონფლიქტში და ეს განზრახვაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესს, გავხდეთ ევროკავშირის წევრი. რა თქმა უნდა, დასუსტებული და მოწყვლადი ქვეყანა ევროკავშირში არავის სჭირდება. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ქვეყანა ეკონომიკურად, დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება და ასეთ შემთხვევაში იმის პერსპექტივა, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, არის ძალიან დიდი“, - თქვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, კვირას, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

პოზიცია, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლებას უჭირავს, პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის აზრით, ევროკავშირისკენ მიმავალი ქვეყნის პოზიციას არ შეესაბამება და „ისე ჩანს, რომ ხელისუფლება „3+3“-ის ფორმატისთვის სწირავს საქართველოს“.

„უკრაინის ომის დასრულების შემდეგ, ჩვენ ყველანი ერთად დავდგებით ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების წინაშე... შეიძლება სანქციების ნაწილზე მიერთებისა და მკვეთრი ნაბიჯების გადადგმის გეშინოდეს, მაგრამ რუსეთთან ეკონომიკურ ბენეფიტებზე იფიქრო მაშინ, როცა უკრაინაში სისხლი შენი სახელმწიფოებრიობის გადასარჩენადაც იღვრება, ძნელი გასარჩევია - ეს არის ახლომხედველობა თუ პირდაპირი რუსული გეზი“, - გვეუბნება პოლიტოლოგი.

ხათუნა ლაგაზიძისთვის ცხადია, რომ რუსეთი ამ ეტაპზე საქართველოს ხედავს ერთ-ერთ მთავარ პარტნიორად „ბლოკადის გარღვევის საქმეში“, რაც, მისი აზრით, ქმნის საფრთხეებს უსაფრთხოების კუთხითაც.

ექსპერტი ფიქრობს, რომ, თუკი უკრაინა, მშვიდობის სანაცვლოდ, დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიებით, საბოლოოდ დაეთანხმება ნეიტრალურ სტატუსს, „საქართველო შესაძლოა ყველანაირი გარანტიის გარეშე დარჩეს და მისთვის მხოლოდ ერთი კარი [რუსეთის] იარსებებს“.