Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არახამია ქართული პროდუქტის რუსეთში ექსპორტზე: ეს არის საქართველოს პასუხი, როცა რუსეთი თავს გვესხმის?


"ფიქრობთ, ეს ნორმალური პასუხია საქართველოსგან უკრაინის მიმართ მაშინ, როცა რუსეთი თავს გვესხმის?!"- ასე ეხმაურება უკრაინის რადის ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერი დავით არახამია ქართული რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის რუსეთის ბაზარზე ექსპორტის შეთავაზებას. არახამიას მიმართვას, რომელშიც ის ქართველ ხალხს მოქმედებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ რცხვენია საქართველოს ხელისუფლების გამო, "TV პირველი" ავრცელებს.

"გამარჯობა! მინდა მივმართო ქართველ ხალხს და პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებას. დღეს გახდა ცნობილი, რომ რუსეთმა ეკონომიკური სანქციები და ბარიერები მოხსნა ქართულ რძეზე, ღვინოზე და ა.შ. იმისთვის, რომ მოიპოვოს საქართველოს ლოიალური დამოკიდებულება უკრაინა-რუსეთის ომში.

მინდა, ყველა ქართველს ვუთხრა, რომ მე თავად ვარ ქართველი. როცა რუსეთი საქართველოს ვერაგულად დაესხა თავს, უკრაინამ მაშინვე, საკუთარი ეკონომიკური დანაკარგების მიუხედავად, ყველა საჭირო დახმარება აღმოუჩინა საქართველოს - მიაწოდა სამხედრო ტექნიკა, [გამოგზავნა] სამხედრო ინსტრუქტორები იმისათვის, რომ მხარი დაეჭირა მეგობარი ქვეყნისთვის, ძმა ერისთვის.

ეს არის საქართველოს პასუხი? თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ნორმალური პასუხია საქართველოსგან უკრაინის მიმართ, მაშინ, როცა რუსეთი თავს გვესხმის?! გთხოვთ, ქართველო ხალხო, მე მჯერა თქვენი, გაარკვიეთ საქმე თქვენს მთავრობასთან, გადაწყვიტეთ ეს საკითხი, იმიტომ რომ ჩვენ არ ვისურვებდით, ასეთი ღალატი და ზურგში დანა გვენახა ქართველი ხალხისგან.

მე ყოველთვის ვამაყობდი, რომ ქართველი ვარ, ვცხოვრობ უკრაინაში, ხელისუფლებაში ვარ და დღეს ნამდვილად მრცხვენია", - ამბობს არახამია.

ინფორმაცია ქართული პროდუქტების რუსულ ბაზარზე გატანის შესახებ რუსულმა მედიამ გაავრცელა სახელმწიფო სტრუქტურებზე დაყრდნობით. 5 მარტს სააგენტო "ტასმა" დაწერა, რომ რუსეთი ქართული რძის საწარმოებს სთავაზობს პროდუქტის ექსპორტზე გატანას რუსულ ბაზარზე. სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაადასტურეს, მოლაპარაკებების არსებობა რუსულ მხარესთან ქართული პროდუქტის ექსპორტზე გატანის შესახებ, თუმცა აღნიშნეს, რომ საქართველო რუსეთთან 2020 წლიდან მუშაობს ამ საკითხზე.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია 24 თებერვალს დაიწყო. მალევე დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს უკრაინაში ომის დაწყების გამო. რუსეთი ამ დრომდე თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას, ანადგურებს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ბომბავს ქალაქებს, საბავშვო ბაღებს და საავადმყოფოებს.

საქართველოს ხელისუფლებას ამ დრომდე აქვს პოზიცია, რომ არ უერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, არ აწესებს საკუთარ შეზღუდვებს რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კომპანიებისთვის და ამას "ეროვნული ინტერესებით" ხსნის.

XS
SM
MD
LG