Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არ ვაპირებთ რუსეთის ბაზარზე შესვლას - რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია


"რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი კახაბერ კონიაშვილი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქართული კომპანიები რუსულ ბაზარზე აპირებენ საკუთარი პროდუქტების შეტანას. "რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია" 20-ზე მეტ კომპანიას და ინდ.მეწარმეს აერთიანებს. ასოციაციის დირექტორი ადასტურებს მოლაპარაკებებს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს შორის ქართული პროდუქტის ექსპორტზე გატანის შესაძლებლობების შესახებ, თუმცა ამბობს, რომ დღეს არსებულ ვითარებაში ქართული რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების მთავარი ამოცანა ადგილობრივი ბაზრის უზრუნველყოფაა პროდუქციით.

"სიტუაციიდან გამომდინარე, სირთულეები შეექმნათ [რუსეთში] და უნდათ საიდანღაც რაღაც პროდუქტები შეიტანონ, მაგრამ ჩვენი ასოციაციის და მასში შემავალი კომპანიების მყარი პოზიციაა, რომ არ ვაპირებთ რუსეთის ბაზარზე რძის პროდუქტების შეტანას, საერთოდ. არსებულ სიტუაციაში ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქართველი მომხმარებლების სურსათით უზრუნველყოფა და არცერთ კომპანიას არ აქვს გეგმაში, მით უმეტეს, არსებულ სიტუაციაში რუსეთის ბაზარზე შევიდეს. არცერთი ქართული კომპანია არ შეიტანს პროდუქტებს რუსეთის ბაზარზე", - უთხრა რადიო თავისუფლებას კახაბერ კონიაშვილმა. ის განმარტავს, რომ ქართულ კომპანიებს ამ დრომდე ექსპორტზე პროდუქტები ამერიკაში, დუბაიში, ისრაელში გაჰქონდათ და მუშაობას კვლავ ამ მიმართულებით გააგრძელებენ.

"მანამდე არ გაგვქონდა და ახლა, ამ ომის პერიოდში, წარმოუდგენელია ვინმემ რუსულ ბაზარზე გაიტანოს პროდუქცია. ეგ კი არა, ახლა იმაზე ვმუშაობთ, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების ფარგლებში უკრაინას გავუწიოთ დახმარება და როგორც გითხარით, ადგილობრივი ბაზარი რჩება პრიორიტეტად", - ამბობს კახაბერ კონიაშვილი.

ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში რძის პროდუქტები უფრო მეტად იმპორტით შემოდის, ვიდრე ექსპორტზე გადის. კახაბერ კონიაშვილის განმარტებით, ამის მიზეზი ისიცაა, რომ საქართველოში რძის მწარმოებლები სეზონებზე არიან დამოკიდებული და წლის ნებისმიერ დროს ერთი და იმავე დატვირთვით ვერ ამუშავებენ წარმოებას, რაც ნიშნავს იმას, რომ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ნედლ რძეზე ქვეყანაში ტოტალური დეფიციტი იქმნება.

ინფორმაცია ქართული პროდუქტების რუსულ ბაზარზე გატანის შესახებ რუსულმა მედიამ გაავრცელა სახელმწიფო სტრუქტურებზე დაყრდნობით. 5 მარტს სააგენტო "ტასმა" დაწერა, რომ რუსეთი ქართული რძის საწარმოებს სთავაზობს პროდუქტის ექსპორტზე გატანას რუსულ ბაზარზე. "სურსათის ეროვნულ სააგენტოში" დაადასტურეს მოლაპარაკებების არსებობა რუსულ მხარესთან ქართული პროდუქტის ექსპორტზე გატანის შესახებ, თუმცა აღნიშნეს, რომ საქართველო რუსეთთან 2020 წლიდან მუშაობს ამ საკითხზე.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია 24 თებერვალს დაიწყო. მალევე დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს უკრაინაში ომის დაწყების გამო. რუსეთი ამ დრომდე თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას, ანადგურებს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ბომბავს ქალაქებს, საბავშვო ბაღებს და საავადმყოფოებს.

საქართველოს ხელისუფლებას ამ დრომდე აქვს პოზიცია, რომ არ უერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, არ აწესებს საკუთარ შეზღუდვებს რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კომპანიებისთვის და ამას "ეროვნული ინტერესებით" ხსნის.

XS
SM
MD
LG