Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია: "ქართული ოცნება" თავისი გადაწყვეტილებით მკვლელებს, პუტინის რეჟიმს აფინანსებს


"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება თავისი გადაწყვეტილებებით ხელს უწყობს რუსეთს, თავი აარიდოს მსოფლიოში მისთვის დაწესებულ სანქციებს. მან საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ იქცევა და რუსეთის გვერდით დგება.

"როცა პუტინი უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას გენოციდს უწყობს, საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტ სახელმწიფოსთან, პუტინთან, აწარმოებს ფარულ სავაჭრო მოლაპარაკებებს, რომლის შესახებ ჩვენთვის ცნობილი ხდება რუსული საინფორმაციო გამოშვებების თანახმად.

საქართველო გადაიქცა მკვლელების და მკვლელებისთვის თავის არიდების ადგილად. ამ დანაშაულებრივი ქმედებით "ქართული ოცნება" მკვლელებს, პუტინის რეჟიმს აფინანსებს. მეტიც, რუსეთის მხარეს დგომა დღეს, აგრესორი სახელმწიფოსთვის სანქციების აცილების ხელშეწყობა, გვაყენებს ჩვენ, საქართველოს იმ რისკის წინაშე, რომ ჩვენც აღმოვჩნდეთ საერთაშორისო სანქციების ქვეშ", - თქვა ნიკა მელიამ.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, რუსეთი ქართულ საწარმოებს რძის ნაწარმის შეტანას სთავაზობს. "როსსელხოზნადზორის" განმარტებით, გადაწყვეტილება 5 მარტის მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს, რომელიც შედგა "როსსელხოზნადზორის" ხელმძღვანელს, სერგეი დანკვერტსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, ზურაბ ჩეკურიშვილს, ასევე მის აზერბაიჯანელ კოლეგას შორის.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მიიჩნევს, რომ რუსული ბაზრის გახსნა სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის ახალი შესაძლებლობაა.

"ეს არის შესაძლებლობა ჩვენი კომპანიებისთვის, რომ მათ უფრო მეტი წარმოება დაგეგმონ, ბოლომდე აამუშაონ თავისი სიმძლავრეები და უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქონდეთ კონკრეტული გეგმები", - თქვა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

XS
SM
MD
LG