Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: საფრთხე არ გვემუქრება, მშვიდად გავაგრძელოთ ქვეყნის შენება


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოს საფრთხე არ ემუქრება. დღევანდელ, 7 მარტის მთავრობის სხდომაზე ის უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს შეეხო.

"მიუხედავად ამ გამოწვევებისა და ამ პროვოკაციებისა, ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად. მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საშიშროება, საფრთხე არ გვემუქრება. ასე მშვიდად და მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის შენება", - თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ქვეყანა უკრაინას ეხმარება, უკვე გაგზავნილია 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი და კიდევ იგეგმება.

"ჩვენთვის ყველასთვის კატეგორიულად მიუღებელია ომი. ის, რაც ხდება უკრაინაში, არის კატეგორიულად მიუღებელი და ჩვენ ყველანი ვლოცულობთ, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში და ის ტრაგედია, რომელიც ხდება, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ადამიანები იღუპებიან და ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. კიდევ ერთხელ იმედი გვაქვს, რომ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს", - თქვა პრემიერმა.

უკვე მეთორმეტე დღეა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს - იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები. უკვე დაიღუპა 30-ზე მეტი ბავშვი და ათეულობით ადამიანი. მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს, საქართველო კი "ეროვნული ინტერესების" მოტივით არ უერთდება მათ.

XS
SM
MD
LG