რუსეთის ქალაქებში ბანკომატებთან უზარმაზარი რიგები დგას, მოსახლეობა ცდილობს დანაზოგი დროულად გამოიტანოს. აპარატებში ფული თავდება და ჯერაც მოქმედი ბანკომატის მოსაძებნად ხალხი ერთი უბნიდან მეორეში მირბის.
ფინანსური კრიზისი, რომლის წინაშეც რუსეთი აღმოჩნდა, იმდენად უპრეცედენტოა, რომ რუსი ექსპერტები გრძელვადიანი პროგნოზებისგან თავს იკავებენ. მართალია, ძლიერი სანქციები დასავლეთმა ადრე სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც გამოიყენა - მაგალითად, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის - მაგრამ რუსეთის შემთხვევას სულ სხვა მასშტაბი აქვს.
ფინანსური კრიზისი ქვეყანას მაშინვე დაეტყო. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ არანაკლებ შემაწუხებელი იქნება ტექნოლოგიების დეფიციტი, რაც ცოტა მოგვიანებით იჩენს თავს. მაგალითად, უკვე 28 თებერვალს ხალხმა ვეღარ შეძლო მგზავრობის ღირებულება ტელეფონით გადაეხადა. ბანკი, რომელიც საქალაქო ტრანსპორტს ემსახურებოდა, სანქციების ქვეშ აღმოჩნდა. აღარ რეაგირებდნენ ოპერატორები: Google pay, Apple pay, Samsung pay. თუმცა, დამოუკიდებლად უპრობლემოდ მუშაობს თავად საბანკო ბარათები.
ყველაფერი ვიცით, რაც აიკრძალა?
დაწესებული სანქციების ფარგლებში აიკრძალა რუსეთისთვის ნავთობგადამამუშავებელი ტექნოლოგიის გადაცემა და ექსპორტი, ასევე შეჩერდა იმ საქონლის ექსპორტიც, რომელიც ორმაგი დანიშნულებით შეიძლება გამოიყენო: საბრძოლო და სამოქალაქო. ამგვარი პროდუქტების ზუსტი ნუსხა არ არსებობს, მაგრამ, როგორც წესი, ორმაგი დანიშნულების საქონელში გულისხმობენ იმ ნედლეულსა და მოწყობილობებს, რომელიც შეიძლება მოიხმარონ: შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის, ბირთვული იარაღის, სარაკეტო მოწყობილობების, ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარაღის შესაქმნელად.
ასევე ნახეთ სანქცირებულთა სია ფართოვდება - კიდევ ვინ დასაჯა ევროკავშირმა?სანქციებთან დაკავშირებით ინფორმაცია საკმაოდ ქაოტური და ფრაგმენტულია, რადგან უკვე არსებულ შეზღუდებს მუდმივად ახლები ემატება. ქვეყნების გარდა, ბევრი კომპანია თავად იჩენს ინიციატივას, რუსეთს პროდუქციის მიწოდებაზე უარი უთხრას.
რუსი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე მაქსიმ კაცი თავის ბლოგში ამბობს, რომ რუსული ეკონომიკა ახლა მთლიანად უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზეა დამოკიდებული. მისი თქმით, ყოველი კადრი დანგრეული ხარკოვიდან თუ სხვა ქალაქიდან წინაპირობაა იმისა, რომ დასავლეთი სანქციებს კიდევ უფრო გაამკაცრებს.
„ილუზიაა, რომ სანქციების მარაგი ამოიწურა. სიტუაცია შეიძლება უსასრულოდ გართულდეს. ჯერ კიდევ არ დაუწესებიათ სანქციები ენერგეტიკულ სფეროზე; ჯერ ბოლომდე არ გადაკეტილა შიდა ვაჭრობა; ჯერ არ დაუწესებიათ აკრძალვები სამომხმარებლო სერვისებზე. მართალია, ზოგი დასავლური კომპანია ამას თავისი ინიციატივით აკეთებს, მაგალითად, Onlyfuns-ი, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. უკვე არსებული სანქციების შედეგიც მოგვიანებით იჩენს თავს. რუსული ქარხნები, IT სექტორი, ტრანსპორტი, ელექტროსადგურები... ეს ყველაფერი უცხოურ ტექნოლოგიებს საჭიროებს“, - ამბობს მაქსიმ კაცი.
რით გავფრინდეთ?
რუსი ექსპერტები განსაკუთრებით დარდობენ თვითმფრინავებზე, რომელთა დიდი ნაწილი ქვეყანას ლიზინგით აქვს აღებული. თუკი დასავლური კომპანიები ამ თვითმფრინავებს უკან წაიღებენ, რუსეთი შიდა ფრენებისთვის საჭირო ტრანსპორტის გარეშე აღმოჩნდება.
ასევე ნახეთ რუსეთის საპასუხო ზომა: ფრენა ეკრძალებათ 36 ქვეყნის თვითმფრინავებსუცხოურმა სალიზინგო კომპანიებმა მართლაც დაიწყეს რუსულ ავიაკომპანიებთან ხელშეკრულების გაუქმება. BPN-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება უკვე მიიღო ირლანდიურმა AerCap-მა. ანალიტიკური ფირმა Cirium-ის მონაცემებით, რუსულ ავიაკომპანიებს მომსახურებაში 980 სამგზავრო თვითმფრინავი აქვთ, საიდანაც 777 ლიზინგით არის გაცემული. აქედან ორი მესამედი, ანუ 515 თვითმფრინავი, რომლის საბაზრო ღირებულებაც, დაახლოებით, 10 მლრდ დოლარია, ძირითადად, ირლანდიაში დაფუძნებული კომპანიების საკუთრებაა.
ხელშეკრულების შეწყვეტას გეგმავენ სხვა სალიზინგო კომპანიებიც.
„ამაზე გაცილებით შორს“
28 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი აკრძალავს რუსეთში მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების, მიკროელექტრონიკის, საზღვაო და სანავიგაციო მოწყობილობების ექსპორტს.
ბრიტანეთის საგარეოს საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი მზადაა გაიღოს ეკონომიკური მსხვერპლი უკრაინის დასახმარებლად. თქვა ისიც, რომ საჭიროების შემთხვევაში შეუძლია ამაზე გაცილებით შორსაც წავიდეს.
ასევე ნახეთ ბრიტანეთი ახალ სანქციებს ამზადებს რუსული ბანკებისა და სამხედრო მრეწველობისთვისრუსი ექსპერტები საუბრობენ, რომ სანქციები დააწესეს ავტომობილის მწარმოებელმა ბრენდებმაც (Mercedes-ი, Citroen-ი, Audi, Mercedes-Bеnz-ი), ელოდებიან, რომ სანქციებს შემოიტანს ასევე Volkswagen-ი, რომელსაც ბრენდები Skoda, Porsche და „Volkswagen - კომერციული ავტომობილები“ ეკუთვნის.
გარდა ავტომობილებისა, საუბარია კომპიუტერებისა და გაჯეტების მწარმოებელ ფირმებზეც. გაზეთი „კომერსანტი“ წერს, რომ პროცესორების მწარმოებელმა უმსხვილესმა კომპანიებმა, Intel-მა და AMD-მ, რუსეთში პროდუქციის მიწოდება დროებით შეაჩერეს.
Villianov.com-ის მთავარი რედაქტორი სერგეი ვილიანოვი „ეხო მოსკვის“ ეთერში ამბობს, რომ კომპიუტერებთან დაკავშირებით მას სანდო ინფორმაცია არ გააჩნია.
„რამდენადაც ვიცი, ჯერჯერობით სერვერებზეა საუბარი და არა მთლიანად პროცესორებზე. არანაირი ზუსტი ინფორმაცია ამის თაობაზე არ არსებობს... დოლარის გაძვირების გამო ბევრმა შეაჩერა საქონლის მოწოდება, რადგან არ იციან როგორ მოგვაწოდონ [რა ფასად - რ.თ]. პროცესორი, რომელიც 35 ათასი რუბლი ღირდა, ახლა 60 ათასამდე ღირს. ეს კურსის ბრალიცაა და პანიკისაც. ახლა შეუძლებელია თქვა, ბაზარს რა მოუვა. ყოველ წუთას ახალი ინფორმაცია მოდის და ეს ინფორმაცია სულაც არაა კეთილსაიმედო“, - ამბობს სერგეი ვილიანოვი.
ცალკე პრობლემაა მიკროჩიპები. მათ ძირითადად ტაივანი აწარმოებს, რომელმაც 25 თებერვალს განაცხადა, რომ სანქციებს შეუერთდება.
„მედუზას“ კითხვაზე, თუ რას გამოიწვევს რუსეთში მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების შემოტანის აკრძალვა, ეკონომისტი სერგეი გურიევი უპასუხებს:
„რუსეთს ტექნოლოგიური განვითარების შესაძლებლობა არ ექნება. ყველაფერი, რისი გაკეთებაც რუსეთს ტექნოლოგიების სფეროში უნდა, სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობას გულისხმობს. რუსეთი გამონაკლისი არაა, ჩინეთსაც არ შეუძლია ყველაფერი მარტომ გააკეთოს, არც ამერიკას. „აიფონები“ მხოლოდ ამერიკაში არ კეთდება. მარტივი ფაქტია: ყველაზე თანამედროვე მიკროჩიპები ტაივანში მზადდება. ტაივანი სანქციებს შეუერთდა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის განვითარება ტექნოლოგიების მხრივ შეჩერდება“.
Dirussia.ru წერს, რომ შეიძლება ტაივანური ქარხანა, კონკრეტულად კი TSMC, მიკროჩიპების მწარმოებელი სხვა კომპანიით შეიცვალოს, მაგალითად, რომელიმე ჩინური საწარმოთი, მაგრამ ეს მთელ რიგ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული. კერძოდ, უნდა შეიცვალოს დიზაინი და ფოტოშაბლონები, რაც გარდა იმისა, რომ ძვირია, დროც ბევრი სჭირდება. არ არის გამორიცხული, პროცესი წელიწადზე მეტხანს გაიწელოს.