აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები, ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი დათანხმდნენ მონაწილეობა მიიღონ სამიტში, რომელზეც „ევროპაში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას“ განიხილავენ. სამიტზე იმსჯელებენ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შეკავების შესახებ.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ბაიდენი და პუტინი სამიტის ჩატარებას პრინციპში დათანხმდნენ. შეხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, „თუ რუსეთი არ შეიჭრება უკრაინაში“.
ელისეს სასახლის თანახმად, მაკრონის შეთავაზებით შეხვედრა თავდაპირველად პრეზიდენტებს ბაიდენსა და პუტინს შორის უნდა გაიმართოს და შემდეგ სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, რათა განიხილონ ევროპაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხები.
სამიტის მომზადება დაევალათ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, რომელთა შეხვედრაც 24 თებერვალსაა დაგეგმილი.
თეთრი სახლი ადასტურებს ჯო ბაიდენის თანხმობას შეხვედრის შესახებ, „თუ არ მოხდა შეჭრა“ და ადასტურებს „დიპლომატიისადმი მზაობას“.
„ჩვენ ასევე მზად ვართ დავუწესოთ სწრაფი და მძიმე სანქციები, თუ რუსეთი ამის [დიპლომატიის] ნაცვლად ომს აირჩევს. ახლა ისე ჩანს, რომ რუსეთი აგრძელებს მზადებას უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის ძალიან სწრაფად განხორციელებისთვის", - ნათქვამია თეთრის სახლის პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის განცხადებაში.
20 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან საუბრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და შემდეგ ისევ ვლადიმირ პუტინს ესაუბრა.
ამასთან, პუტინთან საუბრის შემდეგ, მაკრონი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა ტელეფონით.
ასევე ნახეთ უკრაინის პრეზიდენტი გამოდის სასწრაფო სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვის მოწოდებითეუთოს სადამკვირვებლო მისია იუწყება ბოლო დღეებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევების "დრამატულ მატებაზე" მღელვარე ფრონტის ხაზზე უკრაინის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის აღმოსავლეთ უკრაინაში. ეუთომ 19 თებერვალს განაცხადა, რომ დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში 1500-ჯერ დაირღვა.
უკრაინის არმიის განცხადებით, 20 თებერვალს უკრაინამ შეაჩერა მუშაობა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ აღმოსავლეთ დონბასის რეგიონისკენ გზის გამხსნელ შვიდიდან ერთ გამშვებ პუნქტზე, ჭურვების ინტენსიური ცეცხლის გამო.