აგრესია, პანიკა, თავდადება - ყველაფერი უკრაინის გარშემო

„ქართული ლეგიონი“ უკრაინაში

კოლექტიური დასავლეთი აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა თავდაცვითი იარაღითა და აღჭურვილობით რუსეთის მორიგი აგრესიის წინაშე მდგარი უკრაინის მომარაგებას. გარდა ამ დახმარებისა, თითქმის უცნობია ის ფაქტი, რომ უკრაინაში ჩადიან და მის არმიაში მოხალისეებად წევრიანდებიან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები.

მათ პროფესიულ გადამზადებაში ჩაბმულია უკრაინაში მოქმედი მოხალისეთა დანაყოფი - „ქართული ლეგიონი“.

„მრავალი ადამიანი მოდის სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, აშშ-დან და ბრიტანეთიდან, ავსტრალიიდან და მექსიკიდან. მთლიანობაში მოგვამაგრეს დაახლოებით 3000 კაცი, და სწორედ ეს ჯგუფები გაიწვრთნებიან ჩვენ მიერ და ესკალაციის შემთხვევაში ჩვენ ვუხელმძღვანელებთ ამ ჯგუფებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა, რომელიც თანამებრძოლებთან ერთად 2015 წლიდან იცავს უკრაინას.

დასავლეთის მხარდაჭერის გამო მადლიერებასთან ერთად უკრაინაში გადაჭარბებულად მიაჩნიათ მოსალოდნელი ომის შესახებ გაუთავებელი განცხადებები, რაც მოსახლეობაში პანიკის დათესვას და ქვეყნიდან ინვესტიციების გადინებას იწვევს.

„რომელ ინვესტიციაზეა ლაპარაკი? ასეთ ქვეყანაში ვინ ჩადებს ინვესტიციას, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ურეკავს ზელენსკის და ეუბნება, [რუსები] ერთ კვირაში კიევს აიღებენო. ანუ „მგელი მოდის“ ძახილი და შემდეგ კვირას, რომელიღაც დღეს თავს დაგესხმებიან, - ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, ხდება უკრაინის მოსახრჩობად და შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ამ შემთხვევაში თამაშობს დესტრუქციულ როლს“, - ამბობს დავით საყვარელიძე, მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინაში დაფუძნებული პოლიტიკური ძალის „ახალი ძალების რუხის“ საბჭოს წევრი. ცოტა ხნის წინ დიდი გამოხმაურება მოჰყვა მის მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც დავით საყვარელიძემ აშშ-ის ადმინისტრაცია პანიკის დათესვაში დაადანაშაულა კიევში მდებარე საელჩოდან თავისი თანამშრომლების ევაკუაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო.

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო მოქმედებების საფრთხის გამო, უკრაინას დატოვებენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომელთა ოჯახის წევრები. შესაბამისი განკარგულება გამოსცა სახელმწიფო დეპარტამენტმა, სადაც განაცხადეს, რომ ეს არის სიფრთხილის ზომა და არა ევაკუაცია, რადგან საელჩო და დიპლომატები მუშაობას ჩვეული რეჟიმით განაგრძობენ.

ასევე ნახეთ უკრაინას დატოვებენ აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა ოჯახები

გაფრთხილება თუ პანიკის დათესვა?

გასული წლის ნოემბერში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციაში დაუფარავი კრიტიკით შეხვდნენ რუსეთის უკრაინის საზღვართან რუსეთის დამატებითი სამხედრო ძალების გადასროლის შესახებ გავრცელებულ ცნობას, რასაც უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა, მაშინ „შეგნებული დეზინფორმაცია“ უწოდა.

ასევე ნახეთ რა ხდება დონბასში და რატომ ადანაშაულებს კიევი დასავლურ მედიას „შეგნებული დეზინფორმაციის“ გავრცელებაში?

„ხდება მთელი საზოგადოების შეგნებული დეზინფორმირება. ვთქვათ ასე - რასაც ისინი წერენ, სინამდვილეს არ შეესაბამება. ჩვენ თვალს ვადევნებთ ყველა პროცესს, ეს დეზინფორმაციაა და ჩვენთვის გაუგებარია, თუ რატომ აკეთებენ ამას... რა იქნება ხვალ, არ ვიცით, მაგრამ დღეს ასეთი კონცენტრაცია, ძალთა ისეთი თავმოყრა, რაზეც ისინი წერენ, არ ხდება“, - უთხრა ალექსეი დანილოვმა გასული წლის შემოდგომაზე რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს.

სამხედრო ძალების კონცენტრაცია ამის შემდეგ არაერთი სანდო წყაროთი გადამოწმდა და დადასტურდა და, ამავე დროს, გარდაუვალი სამხედრო აგრესიის შესახებ ვაშინგტონისა და ბრიუსელის გაფრთხილებები ძალაუნებურად იწვევს პანიკას ომის ზღვარზე მყოფ უკრაინაში, რომელსაც მოსალოდნელი ომის შიშით ტოვებენ ინვესტორები, ტურისტები და თავად უკრაინის მოქალაქეებიც.

"ქართული ლეგიონი" უკრაინაში

„კონკრეტული ციფრები თვის ბოლოს მეცოდინება, მაგრამ რასაც მე ვუყურებ, ჩემს სანაცნობოში, სამეგობროში და საერთოდ ქვეყანაში რა ფონიც არის, ხალხს, ვისაც საშუალება აქვს, გაჰყავს ოჯახები ან დასავლეთ უკრაინაში, ან საზღვარგარეთ. IT-ი ბიზნესი, რომელიც ძალიან იოლად შეიძლება, რომლის ოფისების გადატანაც ძალიან იოლია, მასობრივად გადადის მაგალითად ვარშავაში. უძრავი ქონების ბაზარი, რაც კარგად მუშაობდა უკრაინაში და საკმაოდ დინამიკურად ვითარდებოდა, ფაქტობრივად, გაჩერებულია. რომელ ინვესტიციაზეა ლაპარაკი, ასეთ ქვეყანაში ვინ ჩადებს ინვესტიციას, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ურეკავს ზელენსკის და ეუბნება, ერთ კვირაში კიევს აიღებენო. ანუ „მგელი მოდის“ ძახილი და შემდეგ კვირას, რომელიღაც დღეს თავს დაგესხმებიან, - ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, ხდება უკრაინის მოსახრჩობად.... ამ შემთხვევაში უკრაინამ უნდა მიიღოს და ალბათ ზელენსკი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყნის ეგზისტენციალური ინტერესებიდან გამომდინარეობს“, - უთხრა დავით საყვარელიძემ რადიო თავისუფლებას.

კობა ლიკლიკაძე: და რა გადაწყვეტილებას ამზადებს პრეზიდენტი ზელენსკი?

დავით საყვარელიძე

დავით საყვარელიძე: საინფორმაციო წყაროებში გაჟღერდა, რომ ბოლო საუბრის დროს ზელენსკიმ და ბაიდენმა იკამათეს კიდეც და ბაიდენის ზარი ეხებოდა გაფრთხილებას, რომ აი, შემდეგ კვირაში თავს დაგესხმებიანო. და ეს სტენოგრამა, ადრე თუ გვიან, ალბათ დაიდება... ზელენსკიმ ამაზე, სავარაუდოდ, მიუგო, რომ გასაგებია, თუ დაგვესხმება თავს - დაგვესხას, მაგრამ მე აქ ვარ უკრაინაში და ამას სხვანაირად ვუყურებ. არ არის ეგრე ცუდად ყველაფერი და თუ გვეხმარებით, დახმარებისთვის დიდი მადლობა, მაგრამ ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ დათესავთ და ნუ დააზიანებთ ამ მხრივ ქვეყანას. ანუ ქვეყანა თუ ჩამოიშალა და განადგურდა, ის 200 „ჯაველინი“ ისევე იდება საწყობში, როგორც, ალბათ, დევს“.

გასულ კვირაში უკრაინამ მიიღო აშშ-ის სამხედრო დახმარების მესამე ნაწილი, მათ შორის, 300 ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი „ჯაველინი“. 79 ტონა ტვირთი კიევის ბორისპოლის აეროპორტში 25 იანვარს, ღამით ჩაიტანეს.

საერთო ჯამში, 200 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტით, უკრაინამ 22 და 23 იანვარს მიიღო 170 ტონაზე მეტი სამხედრო დანიშნულების ტვირთი. აშშ უკრაინას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში ეხმარება რუსეთის მხრიდან შესაძლო, სამხედრო ინტერვენციის ფონზე.

ასევე ნახეთ უკრაინამ მიიღო ამერიკული სამხედრო დახმარების მესამე ნაწილი, მათ შორის "ჯაველინები"

რუსეთის შესაძლო აგრესიის წინაშე მდგარ უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები და ჩეხეთი.

ასევე ნახეთ სეპარატისტთა აღიარება და შეიარაღება? მოსკოვის მორიგი პასუხი კოლექტიურ დასავლეთს

ამ დახმარების ფონია კოლექტიურ დასავლეთსა და მოსკოვს შორის მზარდი დაძაბულობა იმის გამო, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 100 ათასზე მეტ ჯარისკაცსა და დიდძალ სამხედრო ტექნიკას მოუყარა თავი. ეს ბადებს ეჭვს, რომ იგი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. რუსეთმა 2014 წელს მოახდინა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია და დაიწყო აღმოსავლეთუკრაინელი სეპარატისტების დახმარება დონბასის რეგიონში.

„ბაიდენი უნდა მოიქცეს ისე, როგორც ბუში 2008 წლის ომის დროს“

ცოტა ხნის წინ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პირდაპირ განაცხადა, რომ რუსეთის ინტერვენციის შემთხვევაში, ალიანსი არ გაგზავნის ქვედანაყოფებს უკრაინაში.

ასევე ნახეთ სტოლტენბერგი: რუსეთის ინტერვენციის შემთხვევაში ნატო საბრძოლო შენაერთებს არ გაგზავნის უკრაინაში

კოლექტიური დასავლეთი იქცევა ისე, როგორც ნამდვილი პარტნიორი უნდა იქცეოდეს: აფრთხილებს უკრაინას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და თან ცდილობს მის გაძლიერებას ისე, რომ არ შექმნას სახიფათო ილუზია.

დათო საყვარელიძე ამბობს, რომ ამაზე რუსების პასუხი არის ის, რომ:

" ხალხს ფაქტობრივად აზიზღებენ დასავლეთს. ანუ უცხოელები გარბიან უკრაინიდან და ეს არის ყოველდღიურ ნიუსებში, საელჩოები აცხადებენ ევაკუაციას, და ამ დროს რუსეთი იძახის, რომ არა, მე არავითარ თავდასხმას (უკრაინაზე) არ ვაპირებ. როგორც ვიდექი, ისე ვდგევარ, ეს ჩემი შიდაპოლიტიკური საქმეა, თუ ჩემს საზღვარზე სად განვალაგებ ჯარსო. და, მეორე მხრივ, (რუსეთი) ეუბნება (უკრაინას), რომ ხო ხედავ, ჯარსაც არ გაძლევენ, მხოლოდ იარაღს გაძლევენ და აქეზებენ უკრაინას, რუსეთთან ფართომასშტაბიანი ომისთვის, სადაც ორივე მხარეზე იქნება უზარმაზარი დანაკარგი. ეს იყო ფაქტობრივად გუშინ პატრუშევის განცხადების არსი.

ასევე ნახეთ ნიკოლაი პატრუშევის თქმით, რუსეთს არ სურს ომი და არაფერში სჭირდება ის

და უკრაინული საზოგადოების გარკვეულ ფენებზე ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, მოქმედებს. ამიტომ მწყდება მე გული, როგორც პროდასავლურად განწყობილ ადამიანს, რომ ზოგჯერ დასავლეთის არათანამიმდევრულობას და არაადეკვატურობას ვხედავ, რაც დასავლეთისადმი ნდობას ამ ქვეყანაში ანადგურებს და აზიანებს.

კობა ლიკლიკაძე: რა იქნებოდა მაშინ,უკრაინის გარშემო შექმნილ ვითარებაში, რუსეთისადმი ყველაზე უკეთესი პასუხი კოლექტიური დასავლეთის მხრიდან?

დავით საყვარელიძე: კოლექტიური დასავლეთის პასუხი ამდენი ხნის განმავლობაში მინიმუმ უნდა ყოფილიყო ის, რაც გააკეთა ჯორჯ ბუშმა - ნატოს შეიარაღებული, საბრძოლო შენაერთების გადმოსროლა უკრაინის ტერიტორიაზე, ბუნებრივია, უკრაინის თანხმობით და ამაზე პრობლემა არ იქნებოდა, მათ შორის, ნატოს სამხედრო ძალების მიერ საჰაერო სივრცის ჩაკეტვა და ამით უკრაინის უსაფრთხოების რაღაც დოზით გარანტირება. პლუს სანქციები, რომლებიც საკმაოდ დისკომფორტს შეუქმნიდა პუტინს. მაგრამ ამ სანქციებთან დაკავშირებითაც კომიკური სიტუაცია შეიქმნა, ჯერ თქვეს, რომ რუსეთს SWIFT-იდან გავთიშავთო, შემდეგ გაჟღერდა, რომ არა, იცით, SWIFT-იდან გათიშვა არ გამოვა, რადგან აქ ჩვენი ბიზნესიც დაზიანდება და მოდით, ბანკებზე მოვიფიქრებთ და დამატებით კიდევ ვიღაცებს შევიყვანთ სიაში და ა.შ. ეს ყველაფერი პუტინმა იცის, ეს ყველაფერი მას გავლილი აქვს. რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა, რომელიც სანქციების პირობებშიც არსებობს და კიდევ დიდხანს იარსებებს. მასშტაბები რუსეთს ყოველთვის შველოდა, რომ გამომძვრალიყო სამხედრო და საომარი კრიზისებიდან. ანუ გასაქცევიც ჰქონდათ და საჭმელიც, როცა საჭირო იყო. და ეს ყველაფერი მას საკმაოდ კარგად აქვს აწონილ-დაწონილი.

კობა ლიკლიკაძე: დავით, პრეზიდენტ ბუშის რომელი გადაწყვეტილება გაქვს მხედველობაში?

დავით საყვარელიძე: რუსეთ-საქართველოს ომის დროს. ბუშს რომ დაეძრა მაშინ სამხედრო ხომალდები და არ აეფრინა რამდენიმე სტრატეგიული თვითმფრინავი ჰაერში, მარტო სანქციებით, ის ამბავი მაშინ არ გაჩერდებოდა. ერთადერთი მხოლოდ ძალის დემონსტრირება და ძალის ენაზე საუბარი, რაც ბუშმა გააკეთა 2008 წელს, თორემ თბილისი ობიექტურად აღებული იქნებოდა, თავს ხომ არ მოვიტყუებთ“, - ამბობს დავით საყვარელიძე, მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინაში დაფუძნებული პოლიტიკური ძალის „ახალი ძალების რუხის“ საბჭოს წევრი.

„სერიოზული ფაქტორი, რომელიც აძლიერებს უკრაინას“

უკრაინელი ექსპერტების ნაწილი რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ აგრესიაზე საუბარს მშვიდად უყურებს. მათ მხედველობაში აქვთ ის გარემოება, რომ უკრაინა უკვე 2014 წლიდან იმყოფება რუსეთთან ომის მდგომარეობაში და ცდილობს თავიდან აიცილოს საკუთარი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის, დონბასის, ანექსია და მისი რუსეთთან მიერთება, როგორც ეს 8 წლის წინ ყირიმის შემთხვევაში მოხდა. და ამ ბრძოლაში დასავლეთის მხარდაჭერას „სერიოზულ ფაქტორს“ უწოდებს ანალიტიკოსი ევჰენ მაგდა.

„უკრაინა უკვე მე-8 წელიწადია იბრძვის და ბოლო მომენტამდე უწინარესად საკუთარი ძალებით შეეძლო და ახერხებდა რუსეთის ზეწოლის მოგერიებას. ლეტალური იარაღის მოწოდება უკრაინისათვის იყო წერტილოვანი. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას მოაწოდეს უფრო მეტი ლეტალური იარაღი, ვიდრე მთელი განვლილი 30 წლის განმავლობაში. ეს არის სერიოზული ფაქტორი, რომელიც აძლიერებს უკრაინის თავდაცვისუნარიანობას. ამის უარყოფა აბსოლუტურად შეუძლებელია. მაგრამ, რა თქმა უნდა, დასავლეთს აქვს თავისი, საკმაოდ მკაფიო ინტერესი იმაში, რომ უკრაინა რუსეთთან დაპირისპირების ფორპოსტი იყოს. მე რამდენადაც ვიცი, ვოლოდიმირ ზელენსკის არ აქვს სურვილი, უხელმძღვანელოს ფორპოსტს რუსეთთან დაპირისპირებაში. ზელენსკის სურს, რომ თვალებში ჩახედოს პუტინს, რასაც იგი ჯერჯერობით ვერ ახერხებს. ამიტომ იგი დასავლეთს აკრიტიკებს სიტუაციის დაძაბვაში, თუმცა 100 000-იანი დაჯგუფება უკრაინის საზღვართან გასულ წელს გამოჩნდა და არსებობს საფრთხე, რომ საბრძოლო მოქმედებები, რომელიც მანამდე კონცენტრირებული იყო დონბასში, მთელ აღმოსავლეთ უკრაინაზე გავრცელდეს". - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს ევჰენ მაგდამ, კიევის „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.

ასევე ნახეთ უკრაინელი ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები რუსეთთან შესაძლო ომის მოლოდინში ყინვაში დგანან

2014 წლიდან, საკუთარი მოქალაქეების გარდა, უკრაინას რუსეთის აგრესიისგან სხვა ქვეყნებიდან მოხალისეებად წასული ყოფილი პროფესიონალი სამხედროები იცავენ. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველ მოხალისეთა დანაყოფია „ქართული ლეგიონი“, რომელსაც არაერთ ბრძოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული და უკრაინის დაცვისთვის ბრძოლაში რამდენიმე მებრძოლიც დაკარგა.

ასევე ნახეთ აღმოსავლეთ უკრაინაში ქართველი მოხალისე დაიღუპა

უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულება ყოველთვის არ ყოფილა ერთგვაროვანი უცხოეთიდან ჩამოსული მებრძოლების მიმართ, მაგრამ რუსეთის მხრიდან მორიგი აგრესიის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე, უკრაინის ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, კვლავ ფართოდ გაუღო კარი უცხოეთიდან ჩამოსულ მოხალისეებს.

ასევე ნახეთ ვინ ემუქრება „ქართული ლეგიონის“ მეთაურს?

„რაც ჩვენ აქ ვართ, მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური რეკრუტირება გვაქვს დაწყებული. ძალიან ბევრი ხალხი ჩამოდის სხვადასხვა ქვეყნებიდან: საქართველოდან (ყველაზე მეტი), აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ავსტრალიიდან და მექსიკიდან. პარალელურად მიმდინარეობს ამ ჩამოსული ჯგუფების წვრთნები. სამხედროების გარდა, მიმდინარეობს ასევე მოქალაქეებისგან დაკომპლექტებული სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფების წვრთნა. მთლიანობაში მოგვამაგრეს დაახლოებით 3000 კაცი, და სწორედ ეს ჯგუფები გაიწვრთნებიან ჩვენ მიერ და, ესკალაციის შემთხვევაში ჩვენ ვუხელმძღვანელებთ ამ ჯგუფებს. ჩვენ ისედაც არ ვიყავით ბევრნი, მაგრამ გვემატებიან ოფიცრები და ეს გვიიოლებს საქმიანობას, ვანაწილებთ ფუნქციებს და ვანაწილებთ ამ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ხალხს. მთელი მსოფლიო ეხმარება უკრაინას. ფაქტობრივად ყოველდღიურად ხდება სამხედრო ტვირთების ჩამოტანა აშშ-დან, ბრიტანეთიდან, ჩეხეთიდან და ნატოს სხვა წევრი ქვეყნებიდან“, - უთხრა „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს.

ამასთან, უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული ყოფილი სამხედროები საწვრთნელ პროგრამაში ჩარიცხვამდე გადიან სპეციალურ შემოწმებას იმ მიზნით, რომ მოხალისის მანტიით უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არ მოხდეს არამეგობრული ქვეყნის მიერ გადაბირებული ჯაშუშების შეგზავნა.

„ყველა ჩამოსული მოხალისე მოწმდება ადგილობრივი სპეცსამსახურების მიერ და მერე ვიღებთ მათ ჩვენს რიგებში. ეს შემოწმება აუცილებელია, სხვაგვარად ძალიან რთულია ასე შემოსული ადამიანების კონტროლი. მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს აშშ-ის თუ მით უფრო საქართველოს მოქალაქე, რადგან, სამწუხაროდ, დღეს საქართველოს სპეცსამსახურები ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ რუსეთის სპეცსამსახურებთან“, - ამბობს მამუკა მამულაშვილი.