ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საბრძოლო შენაერთებს არ გაგზავნის ამ ქვეყანაში.
„ჩვენ არ ვგეგმავთ უკრაინაში ნატოს საბრძოლო შენაერთების განლაგებას... კონცენტრირებული ვართ დახმარების აღმოჩენაზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა 30 იანვარს BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
„ერთია იყო ნატოს წევრი და მეორე - ძლიერი და დიდად დაფასებული პარტნიორი, როგორიც უკრაინაა“, - თქვა მან.
სტოლტენბერგის კომენტარის ფონია ნატოსა და მოსკოვს შორის მზარდი დაძაბულობა იმის გამო, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 100 ათასზე მეტ ჯარისკაცსა და დიდძალ სამხედრო ტექნიკას მოუყარა თავი. ეს ბადებს ეჭვს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. რუსეთმა 2014 წელს მოახდინა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია და დაიწყო აღმოსავლეთ უკრაინელი სეპარატისტების დახმარება დონბასის რეგიონში.
კრემლი უარყოფს, რომ უკრაინაში შეჭრას გეგმავს და ვაშინგტონისა და ნატოსგან მოითხოვს წერილობით გარანტიას, რომ ყოფილ საბჭოსა რესპუბლიკებს არასოდეს მიიღებენ ნატოში.
მაგრამ რუსეთის მოთხოვნების საპასუხოდ ნატო აცხადებს, რომ მისი „ღია კარის“ პოლიტიკა უცვლელი დარჩება. ვაშინგტონი კი აღნიშნავს, რომ სუვერენულ სახელმწიფოებს აქვთ უფლება, თავად აირჩიონ სამხედრო ალიანსები.
უკრაინა - ისევე, როგორც საქართველო - ცდილობს მოიპოვოს ე.წ. გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP), რაც ალიანსში მიღების გზამკვლევის ფუნქციას ასრულებს.
ნატო ამბობს, რომ მზად არის თავისი ჯარების რიცხვი გაზარდოს თავის აღმოსავლეთევროპელ წევრთა ტერიტორიებზე, თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. ალიანსის მრავალმა წევრმა შეიარაღება, მათ შორის ლეტალური იარაღი, მიაწოდა კიევს.