ექსპერტების ნაწილს, ვისაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, არ გაუკვირდება, თუკი ნიკა მელია ენმ-ის თავმჯდომარის პოსტსაც დატოვებს.
თავად ნიკა მელია კი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეჭვებისთვის საფუძველი არ არსებობს, 10 იანვრის გადაწყვეტილებით პარტია კიდევ უფრო გაძლიერდება და ბევრად მეტ მხარდამჭერსაც მიიმხრობს.
„ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, ენმ-ს წარსულშიც აქვს გამოცდილება, როცა პარტიას და პოლიტსაბჭოს სხვადასხვა თავმჯდომარე ჰყავდა.
ცვლილებები
ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, კობა ნაყოფია პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გახდა. ამ პოსტს მანამდე ნიკა მელია ითავსებდა; გენერალური მდივნის პოსტი კი - პარტიის ასევე სტაჟიანმა წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა დაიკავა.
როგორც ენმ-ში უთხრეს რადიო თავისუფლებას, აღმასრულებელი მდივნის პოსტი, სავარაუდოდ, ცალკე აღარ იარსებებს და უფლება-მოვალეობებს გენერალური მდივანი შეასრულებს.
მელია „გარკვეული დროით“ პარტიის თბილისის ორგანიზაციას უხელმძღვანელებს, ზაალ უდუმაშვილის ნაცვლად.
ასევე ნახეთ ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა„ცვლილებების აუცილებლობა განპირობებულია იმ გამოწვევების აუცილებლობით, რომლის წინაშეც დგას ენმ და რომლის წინაშეც დგას სახელმწიფო“, - ასე ახსნა ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გადაწყვეტილებები 10 იანვარს, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე და დაამატა, რომ ეს დასაწყისი იყო და ცვლილებები მხოლოდ „შესაკრებთა გადანაცვლებით“ არ შემოიფარგლებოდა.
11 იანვარს ნიკა მელიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პოლიტიკური საბჭო ბოლო ერთი წლის მანძილზე პრაქტიკულად უფუნქციოდ დარჩა. დაკავების, არჩევნებისა და ასევე, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებული საკითხების გამო, პარტიის თავმჯდომარემ, უბრალოდ, ვერ მოიცალა, რომ პარტიული სტრუქტურისთვის მიეხედა.
ასევე ნახეთ ნიკა მელია მიხელ სააკაშვილს კიევში შეხვდა„არსებული პოლიტსაბჭოს წევრები ვერ იღებდნენ მონაწილეობას პარტიის მართვაში... ვიკრიბებოდით იშვიათად და რაც გუშინ გავაკეთეთ, იყო ის, რომ ჩემი, როგორც თავმჯდომარის წარდგინებით, დავამტკიცეთ პოზიციებზე კობა ნაყოფია და პეტრე ცისკარიშვილი... შეიძლება ითქვას, რომ აქამდე პარტიის სტრუქტურულ დანაყოფებში ვიყავი მარტო მე, ერთი თავმჯდომარე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნიკა მელიამ.
მელიას თქმით:
- „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბევრად უკეთესად უნდა გააგებინოს ხალხს - რა არის ბრძოლის მიზანი და ბევრად უფრო უნდა იყოს ორიენტირებული ხალხის საჭიროებაზე;
- გააქტიურდება ხალხთან კომუნიკაციის პროცესი, რაც შეუწყობს ხელს, რომ „ქვეყანაში ცვლილებები სწრაფად დადგეს“;
- პარტიული ცვლილებების მიზანი პარტიის მიერ ისეთი მოქალაქეების მიმხრობაა, რომლებსაც მანამდე „პოლიტიკურ პროცესში ჩართვის სურვილი არ ჰქონდათ“;
- პარტიაში გაგრძელდება, მათ შორის - „მტკივნეული“ ცვლილებები და კარი ღია იქნება ახალგაზრდებისთვისაც.
ნიკა მელიას არ ესმის, რატომ გამოიწვია დისკუსია და ეჭვები იმ ფაქტმა, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ეყოლება და ამ პოსტს კობა ნაყოფია დაიკავებს.
ასევე ნახეთ ვის რა დაანახვა ქუჩაში გამოსულმა ხალხმა და რა იქნება მერე?რატომ გაჩნდა ეჭვები?
ექსპერტი და ტელეწამყვანი, არჩილ გამზარდია ვარაუდობს, რომ აზრთა სხვადასხვაობა ნიკა მელიას მიერ თავიდანვე არჩეულმა გეზმა და გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მისმა განსხვავებულმა მიდგომებმა განაპირობა.
„პროცესს ფორმალურად ვერ შეედავები, მაგრამ ეჭვები ჩნდება... თუკი ნიკა მელია იმით იყო საინტერესო, რომ ის რაღაცნაირად პარტიის წარსულის ნეგატიურ ნაწილთან დისტანცირებასა და გუნდის განახლებას ცდილობდა, ლოგიკური იქნებოდა, რომ პოლიტსაბჭოს ახალი თავმჯდომარეც მისი გუნდიდან ყოფილიყო...
მე დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალს მელიას საქმიანობის იმ ეტაპზე... მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამდე ის უფრო ჩანდა - თავისი ხედვა ჰქონდა, პარტიები შეკრიბა [კოალიციური მთავრობის მოდელი], წამოიწყო რაღაც პოლიტიკური პროცესები... ეს ყველაფერი დამუხრუჭდა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ“, - ამბობს გამზარდია.
საკადრო ცვლილებებს ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილი არ გამოხმაურებია. თუმცა გუშინ, მის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, პარტიის სამოქმედო გეგმასა და რიგგარეშე არჩევნების სააკაშვილის მონაწილეობით ჩატარებაზეა საუბარი:
- ვეთანხმები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რეგიონებში გასვლას და ასევე, საერთო ეროვნული მობილიზაციის დღის გამოცხადებას, რომლის მთავარი მიზანი იქნება შეკრება და არდაშლა, სანამ არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები და მე არ შემეძლება უკანონო ტყვეობიდან გარეთ გასვლა.
- საარჩევნო კამპანიაში ჩემი მონაწილეობის და ხალხის მობილიზების პირობებში (რასაც ჩვენ ვგეგმავთ) საქართველოს საზოგადოება დიდი უპირატესობით მოიგებს რიგგარეშე არჩევნებს. დღევანდელი დღის შემდეგ მთელ საქართველოს უნდა გავაგებინოთ, რომ გვაქვს კონკრეტული გეგმა და აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ დაწყებულ საქმეს.
რადიო თავისუფლებამ ენმ-ის თავმჯდომარეს მიხეილ სააკაშვილის ახალ გეგმასთან დაკავშირებით ჰკითხა.
ნიკა მელიას თქმით, იგეგმება საპროტესტო აქციებიც, თუმცა „საპროტესტო აქციებამდე პოლიტიკურმა პროცესმა უნდა მიგვიყვანოს“ და ამის წინაპირობა ხალხთან მჭიდრო კომუნიკაციაა. თუმცა აქციების „არდაშლის“ საკითხი, მისი აზრით, პროცესში უნდა გამოჩნდეს, ხოლო მიხეილ სააკაშვილის „ტყვეობიდან დახსნა“ მას, ძველებურად, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ წარმოუდგენია.
ასევე ნახეთ "პოლიტიკამ გაგვასწრო" - რა ჰყოფს და რა აერთიანებს ოპოზიციასმიტინგებზე შეკრებილი ადამიანების დაშლა, ანუ სახლში გაშვება ერთ-ერთია იმ პრეტენზიებიდან, რომელსაც ენმ-ის ორთოდოქსი მომხრეები ნიკა მელიას უყენებდნენ და მოსაზრებებს საჯაროდ, სოციალურ ქსელებში გამოხატავდნენ. მელიას მიმართ უკმაყოფილება მიტინგების ადგილის არასწორად შერჩევასა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ხალხის არასათანადო რაოდენობის მობილიზაციას უკავშირდებოდა. ისინი აღნიშნავდნენ, რომ პარტიის თავმჯდომარე არ აკეთებდა საკმარისს იმისთვის, რომ სააკაშვილი გათავისუფლებულიყო.
მელიას მიმართ კრიტიკოსთა განწყობა შეიცვალა, როდესაც წლის მიწურულს მან საყოველთაო შიმშილობა გამოაცხადა, რაც შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის თხოვნის საფუძველზე შეწყდა.
ასევე ნახეთ ნიკა მელიამ მასობრივი შიმშილობის აქციის შესახებ გამოაცხადაარჩილ გამზარდია მათ რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც არ გაუკვირდება, თუკი ნიკა მელია ენმ-ს დატოვებს. როგორც ის ამბობს, მელია ვერ იქცევა მიხეილ სააკაშვილის გეგმების მხოლოდ შემსრულებლად.
„სააკაშვილის აზრით კი, პარტიის თავმჯდომარე მისი მარჯვენა ხელი უნდა იყოს“, - ამბობს გამზარდია.
თავად ნიკა მელია რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამტკიცებს, რომ პარტიას არ დატოვებს, ვიდრე ენმ-ში განვითარების რესურსს და საქართველოს უკეთესობისკენ შეცვლისა და დასავლური კურსის შენარჩუნების გარანტს ხედავს.
მელია არ მოელის პოლიტსაბჭოსთან დაპირისპირებას და არ ფიქრობს, რომ ვერ შეძლებს საკუთარი გეგმების გატანას. ამბობს, რომ არ აპირებს დაგეგმილ რეფორმებზე უარის თქმას.
ასევე ნახეთ ონლაინარჩევნებში მელიამ გაიმარჯვა - რატომ აირჩია "ნაციონალურმა მოძრაობამ" კენჭისყრა ფეისბუკით?მელიას მიერ შერჩეული და პარტიაში მიყვანილი არცერთი ახალი სახე ამ ეტაპისთვის პოლიტსაბჭოს წევრი არ არის. პოლიტსაბჭოს შემადგენლობას ყრილობა ამტკიცებს, ყრილობა კი მას შემდეგ არ მოწვეულა.
ნიკა ობოლაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც ენმ-ში ნიკა მელიას თავმჯდომარეობის დროს მივიდა.
„პოლიტსაბჭოს შემადგენლობა რამდენიმე წელია არ განახლებულა... როგორც ახალი თავმჯდომარე ამბობს, საბჭოში სამომავლოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა მოხდეს. უნდა გახდეს უფრო მოქნილი, ეფექტური და შეიძლება ვიმსჯელოთ უფრო კომპაქტურობაზე. ვნახოთ, რა და როგორ იქნება, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება ფართო მსჯელობა პარტიაში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნიკა ობოლაძე.
ობოლაძეც ამტკიცებს, რომ პარტია ერთიანია და ეჭვებს საფუძველი არა გააჩნია.
პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე - ენმ-სა და „ოცნებაში“
„ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, „ქართულ ოცნებაში“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს მუდმივად პარტიის თავმჯდომარე იკავებდა. 2018 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი მეორედ მოვიდა პოლიტიკაში, ის პარტიის მაისის ყრილობაზე ერთდროულად ორივე პოსტზე დაამტკიცეს.
2021 წლის იანვარში კი, როდესაც ის მეორედ, და როგორც თავად თქვა - სამუდამოდ, წავიდა პოლიტიკიდან, პარტიის თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტიც ირაკლი კობახიძეს დაუტოვა.
მმართველი პარტიის წესდების თანახმად, „პარტიის თავმჯდომარე თანამდებობრივად შედის პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში, არის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე და წარმართავს მის მუშაობას“.
ასევე ნახეთ მელია: მანდატით იქნება დეპუტატის თავდადება სახალხო ბრძოლაში თუ მის გარეშე, უმნიშვნელოა„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ნიკა მელია 2017 წელს აირჩიეს და ის ამ პოსტზე დარჩა მაშინაც, როცა 2019 წელს პარტიის თავმჯდომარის პოსტი გრიგოლ ვაშაძემ დაიკავა. 2020 წლის დეკემბერში კი, პარტიიდან ვაშაძის გაუფრთხილებელი წასვლისა და მის ნაცვლად მელიას არჩევის შემდეგ, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტი პრაქტიკულად ვაკანტური იყო.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტი 2013 წელს გაჩნდა და პირველი თავმჯდომარე, პარტიის ყრილობაზე, ამავე წელს აირჩიეს - ამჟამინდელი დამოუკიდებელი დეპუტატი, მანამდე კი „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე.
ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტი ბაქრაძემ დატოვა 2017 წელს, როცა სხვა წევრებთან ერთად პარტიიდანაც წავიდა.
2013 წლის, ენმ-ის ყრილობამ დაამტკიცა ასევე პარტიის ახალი წესდებაც, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების მიმღები ძირითადი ორგანო პოლიტიკური საბჭოა.