საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს კიევში შეხვდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია.
„ძაან ბედნიერი ვარ, რომ ნამდვილი გმირი ნიკა მელია არის ჩამოსული ახლა კიევში ხანმოკლე, ძალიან დატვირთული ვიზიტით. მე მის ადგილზე დავისვენებდი ციხის მერე, მაგრამ რასაც ვატყობ, იმხელა ენერგია და „დრაივი“ აქვს, რომ ერთი წამი არ შეუძლია დაჯდომა და დასვენება", - თქვა სააკაშვილმა მელიასთან შეხვედრის დროს.
როგორც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, ნიკა მელიას აქვს დიდი გეგმები, მან ქართველი ხალხის დასახმარებლად შეძლო „ძალიან მაღალი ტალღის" აწევა.
„ჩემი აზრით, ეს მართლა უნიკალური კომბინაციაა. ძაან ვამაყობ, რომ მისი [ნიკა მელიას] თანამებრძოლი ვარ. აღფრთოვანებული ვარ იმ შეუვალობით და პრინციპულობით, რაც გამოიჩინა. მე მგონი უკვე ჩვენს ხალხს ყველაფერი გამოუვა“, - თქვა სააკაშვილმა.
ნიკა მელია აღნიშნავს, რომ მას ორი წელიწადისა და შვიდი თვის განმავლობაში არ ჰქონია მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა. „მე ფიზიკურად პასპორტი არ მქონდა, რომ დამეტოვებინა ქვეყანა, მიშას, სამწუხაროდ, დღემდე არ ეძლევა შესაძლებლობა, რომ ჩამოვიდეს იქ, სადაც ეკუთვნის ყოფნა. როგორც იქნა შევხვდით და ძაან მოხარული ვარ, რომ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ. მჯერა, რომ არცთუ ისე შორეულ პერსპექტივაში ჩვენ კვლავ შევხვდებით არა მხოლოდ კიევში, არამედ თბილისში და ეს ასეც უნდა იყოს. კანონზომიერება ხო ჯიუტი რამ არის. შეუძლებელია, რომ სხვაგვარად მოხდეს, მაგრამ ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ საერთო სტრატეგია შემუშავდეს, მტერი არ გავახაროთ. ციხიდან, რომ გამოვედი უამრავი დაგებული ხაფანგი დამხვდა, ბევრი ადამიანი ხელებს იფშვნეტს, რომ იქნებ რამე გაუგებრობა მოხდეს ოპოზიციაში, განსაკუთრებით მიშასთან მიმართებაში. რაღაც ჭორებს ავრცელებენ, რომ დაძაბული ურთიერთობა გვაქვს - პირიქით", - განაცხადა მელიამ.
ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ სააკაშვილის დახმარებით კიევში ბევრ საინტერესო ადამიანს შეხვდა, როგორც უკრაინელს, ასევე არაუკრაინელს.
სააკაშვილმა კი დაამატა, რომ ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია, რადგან საერთოდ გააქრო, ციხის, რეპრესიების და ზეწოლის შიში. მისი შეფასებით, მელიას ბოლო თვეების საქციელი არის გარდამტეხი მომენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში, „ახალი ძალა მიეცა მთელ ჩვენს ხალხს".
ნიკა მელიამ ციხე 10 მაისს დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობით მას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.
ნიკა მელიას გირაო - 40 000 ლარი ევროკავშირმა 8 მაისს გადაიხადა. თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას, თავისი ანგარიშის გავლით, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" გადასცა.
ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ერთიანი პოზიცია ჯერ არ არის ჩამოყალიბებული "შარლ მიშელის დოკუმენტის" ხელმოწერისა და პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. თავად ნიკა მელიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება გამჭვირვალედ იქნება მიღებული. ის არ გამორიცხავდა, რომ ისევე, როგორც მისი პარტიის თავმჯდომარედ არჩევის საკითხი, პარლამენტში შესვლის შესახებ გადაწყვეტილებაც "ფეისბუკზე" გამოკითხვის საფუძველზე იქნეს მიღებული.