"ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის გადაწყვეტილებით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა, 2019 წლიდან ამ დრომდე ის პარტიაში აღმასრულებელი მდივნის პოსტს იკავებდა, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კი პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია იყო.
კობა ნაყოფიას მოადგილე აკაკი მინაშვილი გახდა, ენმ-ს გენერალური მდივანის პოსტი კი პეტრე ცისკარიშვილმა დაიკავა.
ასევე, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დატოვა ზალიკო უდუმაშვილმა და ამ ფუნქციას პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია შეითავსებს.
პარტიის წევრები ამბობენ, რომ "სტრუქტურული ცვლილებები" მეტი ეფექტურობისთვის განხორციელდა.
"ცვლილებები განპირობებულია იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დგას პარტია ნაციონალური მოძრაობა და რომლის წინაშეც დგას ქვეყანა" - თქვა ნიკა მელიამ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მან თქვა ისიც, რომ ცვლილებები პარტიაში გასულ წელსაც სურდა, თუმცა პოლიტიკური მოვლენების გამო ამის შესაძლებლობა არ მიეცა.
"ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კარი უნდა გავუღოთ ყველა გამოცდილ ადამიანს. ეს არ ნიშნავს ერთის მეორით ჩანაცვლებას. ჩვენი ვალდებულებაა თითოეული თქვენგანი დავარწმუნოთ, რომ სხვა არაფერი გვამოძრავებს, გარდა იმისა, რომ დაგარწმუნოთ, რომ თქვენი ბედი თქვენს ხელშია" - თქვა ნიკა მელიამ. მან როგორც თბილისში, ისე რეგიონებში აქტიურობა დაანონსა და თქვა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რისთვის იბრძვიან პარტიის წევრები.
კობა ნაყოფია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სენაკის მერობის კანდიდატი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით და პირველ ტურში იმაზე მეტი ხმები მიიღო, ვიდრე მისმა ოპონენტმა მმართველი პარტიიდან. პირველ ტურსა და მეორე ტურს შორის სენაკში ჩასულმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა4 მმართველი პარტიის კანდიდატის, ვახტანგ გადელიას უპირატესობაზე ხაზგასასმელად თქვა, რომ ნაყოფიას „სახლიც კი არ აქვს სენაკში“.
კობა ნაყოფია 2008 წლიდან 4 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2016 წლის ზაფხულში გამოქვეყნდა, კობა ნაყოფია იმ დეპუტატებს შორისაა, რომელთაც 2013, 2014 და 2015 წლებში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლებით არასდროს უსარგებლიათ.
2021 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ნაყოფიას საქართველოს გარდა სახლები აქვს რუსეთსა და ესპანეთში.
კობა ნაყოფია იყო ერთ-ერთი მთავარი სპონსორი და პროდიუსერი რენი ჰარლინის ფილმისა „აგვისტოს 5 დღე”, რომელიც imdb.com-ის მონაცემებით, დაახლოებით 12 მილიონი დოლარი დაჯდა.