რუსეთის აგრესია და მისი მოსალოდნელი ფასი

ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ორსაათიან საუბარს არ მოუტანია გარღვევა ორი ქვეყნის ურთიერთობაში, მაგრამ, რაც შეეხება რუსეთის შესაძლო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, ჯო ბაიდენმა მკაფიოდ მიახვედრა ვლადიმერ პუტინს, რომ აშშ მზად არის წავიდეს ყველაზე უფრო მკაცრ სანქციებზე და გააკეთოს ის, რაც 2014 წელს არ გაუკეთებია.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა სრულიად პირდაპირ განუცხადა პრეზიდენტ პუტინს: თუ რუსეთი კიდევ უფრო ღრმად შეიჭრება უკრაინაში, აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები ამას მკაცრი ეკონომიკური ზომებით უპასუხებენ. ჩვენ იმაზე უფრო მეტ თავდაცვით საშუალებებს მივაწვდით უკრაინელებს, ვიდრე ახლა ვაწვდით. და ასეთი ესკალაციის პასუხად, გავაძლიერებთ ჩვენს მოკავშირეებს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე“, - თქვა ბაიდენ-პუტინის ვირტუალური სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის სანქციებს ამზადებს თეთრი სახლი და გათვალისწინებული იქნება თუ არა სხვა ზომებს შორის რუსეთის გამორთვა მსოფლიო გადახდის სისტემიდან (SWIFT), რაზეც დასავლური მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა ბაიდენ-პუტინის სამიტამდე. აღნიშნული ზომები 2012 წელს ირანის, ხოლო 2017 წელს ჩრდილოეთ კორეის საბანკო სისტემების წინააღმდეგ იქნა ამოქმედებული.

რას ნიშნავს SWIFT-ის დასასრული რუსეთისთვის?

მსოფლიო ქვეყნების ეკონომიკები მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული და დიდწილად დამოკიდებული არიან საქონლისა და მომსახურების იმპორტსა და ექსპორტზე. უნაღდო ანგარიშსწორების ოპტიმიზაციის დაჩქარების მიზნით მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა 1973 წელს ერთობლივი ძალისხმევით შექმნეს SWIFT-ი. ეს აბრევიატურა იშიფრება როგორც „მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოება“. ფორმის მიხედვით, ეს არის 15 ქვეყნის 240 ბანკის მიერ დაფუძნებული სისტემა, რომელშიც დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყნის 10 ათასი მონაწილე ბანკია გაერთიანებული.

ეს ვარიანტი მაგიდაზე დევს. მაგრამ ეს სანქცია "ბირთვული იარაღივითაა". სანამ იგი მაგიდაზე დევს - საშიშია, მაგრამ თუ გამოვიყენებთ, შედეგი დამანგრეველი იქნება...
სერგეი ფურსა

კომპანია SWIFT-ის სისტემაში ყველა ფინანსური ოპერაცია ბანკებს შორის ელექტრონული კავშირის საშუალებით ხორციელდება, რომელსაც საკუთარი კოდი ენიჭება. 2021 წლის მდგომარეობით, SWIFT-ის სისტემა დღეში საშუალოდ ამუშავებდა 30 მილიონ შეტყობინებას, ხოლო სისტემის შიგნით ყოველდღიური ბრუნვა ტრილიონობით დოლარებში გამოიხატება.

მსოფლიოში უკვე ყოფილა პრეცედენტი აშშ-ისა და გაეროს ინიციატივებით SWIFT-ის სისტემიდან ცალკეული ქვეყნის გამოთიშვისა, რასაც უმალ მოჰყოლია ეკონომიკური სტაგნაცია.

ასე მაგალითად, 2012 წლის თებერვალში აშშ-ის სენატის საბანკო კომიტეტმა მხარი დაუჭირა SWIFT-ის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას, რადგან სისტემა განაგრძობდა სანქციების ქვეშ მყოფი ირანული ბანკების მომსახურებას. სანქციების თავიდან ასაცილებლად, SWIFT-ის უნაღდო ანგარიშსწორების სისტემამ ერთი თვის განმავლობაში შეაჩერა ირანის ბანკებზე მუშაობა.

ასევე, 2017 წელს, გაეროს უშიშროების საბჭომ სანქციები დაუწესა ჩრდილოეთ კორეის ბანკებს, რის შემდეგაც SWIFT-მა მათი მომსახურება შეწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ SWIFT-ის სისტემისგან რუსეთის გამოთიშვაზე უკვე იყო საუბარი ბაიდენ-პუტინის სამიტამდე ორი თვით ადრე, ევროპის პარლამენტის შიგნით შემუშავებულ იმ რეკომენდაციებში, რომელიც ევროპის საკანონმდებლო ორგანომ 15 სექტემბერს ევროკომისიისა და ევროსაბჭოსთვის დაამტკიცა.

ასევე ნახეთ ევროპარლამენტი: ევროკავშირი მზად უნდა იყოს არ აღიაროს რუსეთის არჩევნები

ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მსგავსად, აშშ-მაც მოახდინა თავისი მზადყოფნის დემონსტრირება, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ თუ რუსეთი კვლავ გაიმეორებს სამხედრო აგრესიას სუვერენული უკრაინის მიმართ, წავიდეს უფრო მკაცრ სანქციებზე, როგორიცაა SWIFT-ის სისტემიდან რუსეთის გამოთიშვა და რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება, რასაც ვაშინგტონისგან დღემდე მოითხოვენ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა და უკრაინა.

რა გზას აირჩევს ვაშინგტონი?

ანალიტიკოსების თქმით, არსებობს იმის ნიშნები, რომ დასავლეთის ქვეყნებმა ერთმანეთში და SWIFT-ის ხელმძღვანელობასთან უკვე გამართეს კონსულტაციები და მზად არიან გლობალური ანგარიშსწორების სისტემიდან რუსეთის გამოთიშვისთვის, მაგრამ ეს სცენარი ნაკლებსავარაუდოა მანამდე, ვიდრე რუსეთი უკრაინაზე სამხედრო იერიშის განხორციელებას არ შეეცდება.

„ეს ვარიანტი მაგიდაზე დევს. მაგრამ ეს სანქცია "ბირთვული იარაღივითაა". სანამ იგი მაგიდაზე დევს - საშიშია, მაგრამ თუ გამოვიყენებთ, შედეგი დამანგრეველი იქნება, თუმცა ის უკვე ვეღარავის შეაშინებს“, - ამბობს საინვესტიციო საბანკო სფეროს ექსპერტი სერგეი ფურსა.

SWIFT-იდან გამოთიშვამ, ანუ ბირთვული იარაღის გამოყენებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს „ჯაჭვური რეაქცია“ და გლობალური კონფლიქტი, ამიტომ დასავლეთი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის შეკავებას, ფრთხილად მოქმედებს, რათა თავიდან აიცილოს ასეთი სცენარის განვითარება.

მინდა მჯეროდეს, რომ ორსაათიანი საუბრის განმავლობაში ბაიდენმა სრულიად ნათლად განუმარტა ვლადიმირ პუტინს, თუ რა დაუჯდება კრემლს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია და რომ პუტინისთვისაც გასაგებია, რომ ეს იქნება გიგანტური შეცდომა...
დეივიდ კრამერი

„კითხვა იმაში მდგომარეობს, რომ არ მოხდეს მესამე მსოფლიო ომის პროვოცირება. რადგან რუსეთის წინააღმდეგ ნეგატიური მოქმედების ჯაჭვმა შესაძლოა მას უბიძგოს არა აგრესიის შეჩერების, არამედ მისი გაშლისკენ“, - ფიქრობს ეკონომიკის ექსპერტი ბორის კუშნირუკი.

საბოლოოდ თუ რა გზას აირჩევს აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთთან დაკავშირებით, დამოკიდებული იქნება ვაშინგტონის ნატოელ მოკავშირეებთან კონსულტაციებსა და თავად უკრაინასთან მიმართებით რუსეთის შემდგომ ნაბიჯებზე. უკრაინელი პოლიტოლოგი, სერგეი სიდორენკო არ გამორიცხავს, რომ ჯო ბაიდენთან პირდაპირ კონტაქტის შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა იგივე გაიმეოროს, რაც 2021 წლის გაზაფხულზე მოხდა. მაშინ პირადი შეხვედრის შესახებ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეთავაზება საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ რუსეთს ერთ კვირაში დაეწყო უკრაინის საზღვრებთან და ყირიმში გადასროლილი დამატებითი საჯარისო ქვედანაყოფების უკან დახევის პროცესი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დეივიდ კრამერი დარწმუნებულია, რომ 7 დეკემბრის ვირტუალური სამიტის დროს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეძლო ვლადიმირ პუტინი დარწმუნება თეთრი სახლის განზრახვის სერიოზულობაში.

„მინდა მჯეროდეს, რომ ორსაათიანი საუბრის განმავლობაში ბაიდენმა სრულიად ნათლად განუმარტა ვლადიმირ პუტინს, თუ რა დაუჯდება კრემლს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია და რომ პუტინისთვისაც გასაგებია, რომ ეს იქნება გიგანტური შეცდომა. არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ საუბრიდან პუტინი სწორედ ასეთ დასკვნას გამოიტანს. დაველოდოთ და ვნახავთ“, - ამბობს კრამერი.

სამშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მისმა რუსმა კოლეგამ, ვლადიმირ პუტინმა მორიგი მოლაპარაკებები გამართეს, უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციით გამოწვეული დასავლეთის მზარდი შეშფოთებისა და აღმოსავლეთით ნატოს შესაძლო გაფართოებით უკმაყოფილო რუსეთის კატეგორიული მოთხოვნების ფონზე.

კრემლის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პუტინისა და ბაიდენის საუბრის ძირითადი ნაწილი ეხებოდა „შიდაუკრაინულ კრიზისს და პროგრესის არარსებობას მინსკის 2015 წლის შეთანხმების შესრულებაში, რომელიც მშვიდობიანი დარეგულირების უალტერნატივო საფუძველია“.

ასევე ნახეთ ემანუელ მაკრონი უახლოეს დღეებში პუტინთან და ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის გამართვას გეგმავს

ორი ლიდერის მიერ განხილული საკითხების შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჯო ბაიდენმა ნათლად თქვა, რომ ამერიკა და მისი მოკავშირეები კრემლს სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, ძლიერი ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ. პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას, რუს კოლეგას კი დეესკალაციისა და დიპლომატიის ჩარჩოებში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

მაგრამ კრემლი კვლავინდებურად უარყოფს აგრესიულ ზრახვებს უკრაინის წინააღმდეგ. 8 დეკემბერს ვლადიმირ პუტინმა „პროვოკაციული“ უწოდა შეკითხვას იმის თაობაზე, აპირებს თუ არა რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა „მშვიდობისმოყვარე ქვეყანა“ უწოდა რუსეთს, რომელიც მე-7 წელია აწარმოებს ჰიბრიდულ ომს თავისი მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ და 13 წელია ოკუპირებული აქვს კიდევ ერთი მეზობელი ქვეყნის, საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი და ყოფილი სამხრეთი ოსეთი.