აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთს რამდენიმე თვეში შეეძლება დაიწყოს უკრაინის წინააღმდეგ იერიში 175 ათასი ჯარისკაცის გამოყენებით. ამის შესახებ აშშ-ის მედია იტყობინება.
ამ ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ჯარებს უკრაინის საზღვრებთან მოეპოვებათ საიმისო რესურსები, რომ სწრაფი და მოულოდნელი ინტერვენცია განახორციელონ. მათ შორის, აამოქმედონ მომარაგების ხაზები სამედიცინო შენაერთებისა და საწვავისთვის, რაც მოსკოვს სამხედრო მოქმედებების ხანგრძლივი ვადით წარმოების საშუალებას მისცემს, თუკი ის უკრაინაში შეიჭრება, იუწყება CNN-ი.
ოფიციალური პირების თქმით, უკრაინის მახლობლად ამჟამად არსებული ტექნიკა რუსეთს საშუალებას აძლევს, ერთი კვირიდან 10 დღემდე უზრუნველყოს ფრონტის ხაზი.
დაზვერვის სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც Washington Post-მა გამოაქვეყნა 4 დეკემბერს, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, რუსეთს საშუალებას აძლევს, 2022 წლის დასაწყისში განახორციელოს იერიში 100 ბატალიონისგან შემდგარი ტაქტიკური ჯგუფებით. დაზვერვის ინფორმაციის თანახმად, ამჟამად ამ ქვედანაყოფების ნახევარი იმყოფება უკრაინის საზღვართან.
როგორც აშშ-ის არმიის შტაბის უფროსმა, გენერალმა ჯეიმს მაკკონვილმა განაცხადა შაბათს, უკრაინის საზღვართან 95-დან 100 ათასამდე ჯარისკაცი იმყოფება.
„არ ვიცი, რის გაკეთებას აპირებენ. მაგრამ ძალიან, ძალიან შეშფოთებული ვარ,“ თქვა მან რეიგანის ეროვნული თავდაცვის ფორუმის სხდომაზე გამოსვლისას. „ეს რუსებს მრავალ შესაძლებლობას აძლევს, არ ვარ დარწმუნებული, რას აპირებენ. მაგრამ ჩემთვის ეს საშინელებაა... ამას საშინელი გავლენა ექნება ჩვენი ევროპელი მეგობრების სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე და ამიტომ ამის გამო ძალიან შეშფოთებული ვარ.“
უკანასკნელი კვირების განმავლობაში გახშირდა დასავლეთისა და უკრაინის მხრიდან რუსეთის მისამართით ბრალდებები მის მიერ არმიის დაჯგუფების გაძლიერებისა და უკრაინის ტერიტორიაზე შესაძლო შეჭრისთვის მზადებაში. მოსკოვში, თავის მხრივ, უკრაინასა და აშშ-ს ადანაშაულებენ დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებში და აცხადებენ, რომ არის იმის ნიშნები, რომ კიევი აღმოსავლეთ უკრაინაში იერიშისთვის ემზადება. უკრაინის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამზადებს იმ ზომების ყოვლისმომცველ პაკეტს, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გაურთულებს უკრაინის წინააღმდეგ გადაწყვეტილებების მიღებას.
„თავს ვუყრი იმას, რასაც მივიჩნევ ყველაზე მრავალმხრივ და მნიშვნელოვან ნაკრებს ინიციატივებისა, რომლებიც ძალიან, ძალიან შეუშლის ხელს ბატონ პუტინს გააკეთოს ის, რის გაკეთებისთვისაც ის - როგორც ხალხი შიშობს - ემზადება,“ თქვა ბაიდენმა 2 დეკემბერს თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი, 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრას გამართავენ უკრაინისა და სხვა საკითხების შესახებ მოსალაპარაკებლად.