Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ბაიდენთან შეხვედრაზე მოითხოვს გარანტიებს, რომ ნატო არ გაფართოვდება აღმოსავლეთისკენ


ჯო ბაიდენი (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი. კოლაჟი.
ჯო ბაიდენი (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი. კოლაჟი.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოითხოვს იმის სამართლებრივ გარანტიებს, რომ ნატო არ გაფართოვდება აღმოსავლეთით და, მათ შორის, არ შეეხება უკრაინას. ის ამ საკითხის წამოჭრას აპირებს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართება 7 დეკემბერს. თეთრმა სახლმა და კრემლმა 4 დეკემბერს დაადასტურეს ამ დახურული ვირტუალური საუბრის დრო.

რატომაა ეს საკითხი მნიშვნელოვანი?

როგორც ნატო, დასავლეთის ოფიციალური წარმომადგენლები და კიევი აცხადებენ სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით, რუსეთმა 94 ათასზე მეტ ჯარისკაცს, ასევე ტანკებსა და არტილერიას მოუყარა თავი უკრაინის საზღვრის მახლობლად. მათი თქმით, ეს შეიძლება იყოს იანვარში უკრაინის ტერიტორიაზე ფართო მასშტაბის ინტერვენციისთვის მზადება.

დასავლეთის რეაქცია

ბაიდენმა პარასკევს განაცხადა, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სფეროს უმაღლესი რანგის წარმომადგენლები ამზადებენ ზომების პაკეტს, რომელიც „ძალიან, ძალიან გაუძნელებს ბატონ პუტინს იმის გაკეთებას, რის გაკეთებისთვისაც ის, როგორც შიშობენ, ემზადება,“ თქვა ბაიდენმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე თეთრ სახლში.

საქმის არსი

პუტინი დაძაბულობის ზრდისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს ნატოს მზარდ აქტიურობას რუსეთის საზღვრებთან, მათ შორის დასავლეთის დახმარებას უკრაინის მიმართ, რომლის ჯარები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, დონბასში, ებრძვიან სეპარატისტებს. ამ უკანასკნელთ რუსეთი უწევს დახმარებას.

  • აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 2 დეკემბერს სტოკჰოლმში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს დეესკალაციის შესახებ მოსალაპარაკებლად.
  • მან განაცხადა, რომ თუკი რუსეთი შემდგომ ნაბიჯებს გადადგამს, ეს მას „ძვირად დაუჯდება“. მათ შორის, მან ილაპარაკა უპრეცედენტო ეკონომიკურ სანქციებზე.
  • საპასუხოდ ლავროვმა თქვა, რომ ნატო „ცეცხლს ეთამაშება“ რუსეთის საზღვართან სამხედრო სწავლებების გამართვით და რომ მოსკოვი მზადაა „საპასუხო ზომებისთვის, რათა აღადგინოს სამხედრო-სტრატეგიული წონასწორობა“.

ფართო სურათი

2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ნატო უკრაინას, ისევე როგორც საქართველოს, დაჰპირდა, რომ ის მომავალში ალიანსის წევრი გახდება. მაგრამ ნატო კიევს არ სთავაზობს გაწევრიანების კალენდარს და მისგან მოითხოვს შემდგომი რეფორმების გატარებას. ნატოს თავშეკავების მიზეზია ასევე ის, რომ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი, ყირიმი, რუსეთის ხელშია, აღმოსალეთ უკრაინას კი რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები აკონტროლებენ.

  • 1 დეკემბერს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მწვავედ გააკრიტიკა კრემლი იმისთვის, რომ ის უკრაინის - სუვერენული ქვეყნის - მხარდაჭერას „პროვოკაციას“ უწოდებს.
  • „მხოლოდ უკრაინა და ნატოში შემავალი 30 მოკავშირე წყვეტენ, როდის იქნება უკრაინა ნატოში გაწევრიანებისთვის მზად,“ თქვა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ „რუსეთს არა აქვს ვეტო, რუსეთი არ იღებს გადაწყვეტილებას და რუსეთს არა აქვს უფლება, გავლენის სფერო დააწესოს, რათა ეცადოს, გააკონტროლოს თავისი მეზობლები.“

უახლოესი ნაბიჯი

თეთრმა სახლმა და კრემლმა დაადასტურეს, რომ 7 დეკემბერს შედგება ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის დახურული ვიდეოსამიტი.

  • როგორც ცნობილია, აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების წინააღმდეგ გარანტიების გარდა პუტინი მოითხოვს, მისი მეზობლების ტერიტორიებზე, მათ შორის უკრაინაში, აიკრძალოს შეიარაღების სისტემები, რომლებსაც რუსეთი თავისთვის მუქარად მიიჩნევს.
  • ეს ბაიდენისა და პუტინის მეორე შემთხვევა იქნება. პირველი შეხვედრა მიმდინარე წლის ივნისში გაიმართა ჟენევაში. ის იყო ნაწილი ბაიდენის პოლიტიკისა, უფრო „სტაბილური“ და „პროგნოზირებადი“ ურთიერთობები გახადოს რუსეთთან ურთიერთობები.

XS
SM
MD
LG