Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ ბოლტონი: რუსეთის შესაკავებლად ნატომ უკრაინაში როტაციის საფუძველზე ჯარი უნდა შეიყვანოს


ჯონ ბოლტონი
ჯონ ბოლტონი

აშშ-მა და ნატოს წევრმა ქვეყნებმა როტაციის საფუძველზე ჯარი უნდა შეიყვანონ უკრაინის ტერიტორიაზე, რათა შეაკავონ რუსეთი, რომელიც სამხედრო მოქმედებებს მიმართავს მისი პატარა მეზობლის წინააღმდეგ, - ამის შესახებ უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა 6 დეკემბერს განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

ბოლტონმა, რომელსაც 2018-2019 წლებში ეკავა იმჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მრჩევლის პოსტი, ასევე აცხადებს, რომ აშშ-მა უფრო მეტი საბრძოლო შეიარაღება უნდა მისცეს უკრაინას.

„ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ პუტინსა და მის მრჩევლებს იმდენად მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ, რომ დაუშვებლად ჩათვლიან ასეთ აგრესიას. ვფიქრობ, რომ ეს არის საშუალება იმ სამხედრო მოქმედებების შესაკავებლად, რომელიც ასე გარდაუვალი ჩანს“, - განაცხადა ჯონ ბოლტონმა.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი თანაშემწე, ჯონ ბოლტონი, ერთ-ერთია იმ მოქმედ და ყოფილ ამერიკელ მაღალჩინოსნებს შორის, რომლებსაც ვაშინგტონის სანქციების პასუხად, რუსეთმა 2021 წლის აპრილში რუსეთში შესვლა აუკრძალა.

ბოლტონის ამ განცხადების ფონია უკრაინის საზღვართან რუსეთის მიერ სამხედრო ძალის უპრეცედენტო კონცენტრაციის შედეგად გამოწვეული მზარდი შეშფოთება ვაშინგტონსა და მის ევროპელ მოკავშირეებს შორის, რომლებიც მოუწოდებენ რუსეთს, რომ სასწრაფოდ გადადგას ნაბიჯი ვითარების დეესკალაციის მიზნით.

XS
SM
MD
LG