Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემანუელ მაკრონი უახლოეს დღეებში პუტინთან და ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის გამართვას გეგმავს


უკრაინაში სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უახლოეს დღეებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს.

მანამდე ემანუელ მაკრონს უკვე ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელმაც ვლადიმირ პუტინთან 7 დეკემბერს გამართული ვირტუალური სამიტის შესახებ ინფორმაცია ასევე მიაწოდა დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და გერმანიის ლიდერებს.

მოელიან, რომ ოთხშაბათს ჯო ბაიდენი დაუკავშირდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელსაც ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი ბაიდენ-პუტინის ვირტუალური სამიტის დროს გაკეთებული განცხადებების შესახებ.

„ოთხშაბათს პრეზიდენტი ბაიდენი დაელაპარაკება პრეზიდენტ ზელენსკის. ჩვენ ვიმყოფებით მუდმივ კონტაქტში უკრაინის ხელისუფლების უმაღლეს პირებთან. სახელმწიფო მდივანი ბლინკენი წუხელ უკვე ელაპარაკა პრეზიდენტს ზელენსკის“, - განაცხადა უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა.

სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მისმა რუსმა კოლეგამ, ვლადიმირ პუტინმა მორიგი მოლაპარაკებები გამართეს, უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციით გამოწვეული დასავლეთის მზარდი შეშფოთებისა და აღმოსავლეთით ნატოს შესაძლო გაფართოებით უკმაყოფილო რუსეთის კატეგორიული მოთხოვნების ფონზე.

კრემლის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პუტინის და ბაიდენის საუბრის ძირითადი ნაწილი ეხებოდა „შიდა უკრაინულ კრიზისს და პროგრესის არარსებობას მინსკის 2015 წლის შეთანხმების შესრულებაში, რომელიც მშვიდობიანი დარეგულირების უალტერნატივო საფუძველია“.

ორი ლიდერის მიერ განხილული საკითხების შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჯო ბაიდენმა ნათლად თქვა, რომ ამერიკა და მისი მოკავშირეები კრემლს სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, ძლიერი ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ. პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას, რუს კოლეგას კი დეესკალაციისკენ და დიპლომატიის ჩარჩოებში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG