მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა, ექიმთა კონსილიუმის წევრებმა თქვეს, რომ ციხის საავადმყოფოში, გუნდური მუშაობის მიღწევა ჯერჯერობით რთული იქნება, რადგან კლინიკა ახლა იმართება, ისევ აქტუალური გახდა შეკითხვა - ვინ უვლის საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც ის 8 ნოემბრის შემდეგ იმყოფება? ვის ხელშია დღეს მისი ჯანმრთელობა, რომელიც ამავე კონსილიუმის მიერ შეფასდა როგორც „კრიტიკული“.
16 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის პირველად მონახულების შემდეგ, ციხის საავადმყოფოდან გამოსულმა ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა, გიორგი გრიგოლიამ მედიასთან თქვა, რომ ციხის საავადმყოფოს პერსონალის გარდა, დაწესებულებაში მორიგეობდნენ „რესპუბლიკური საავადმყოფოდან გადმოყვანილი ლიცენზირებული ექიმები“.
ასევე ნახეთ ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა გლდანის მე-18 დაწესებულება დატოვეს - პირველი შეფასებავინ არიან ისინი, აეწყო თუ არა მე-18 დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან მუშაობის პროცესი, როდის ნახულობენ სააკაშვილს ან იზიარებენ თუ არა ისინი, მაგალითად, ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის დეტალებს, ეს ჯერ უცნობია, რადგან ამაზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში არაფერს გვეუბნებიან.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს, ლევან გოფოძეს რადიო თავისუფლებამ ჰკითხა, თუ რამდენი ექიმია გაგზავნილი „რესპუბლიკურიდან“ მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში და ვინ არიან ისინი. გოფოძემ ასე გვიპასუხა:
„ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, ჩვენგან მივლინებულია რამდენიმე რეანიმატოლოგი და ექთანი, რომლებიც იქ მორიგეობენ. ასევე რადიოლოგების ჯგუფი“.
რადიო თავისუფლება: ანუ სულ რამდენი ექიმი და ექთანი?
ლევან გოფოძე: ექვსი ექიმი რეანიმატოლოგი და ექვსი ექთანი, რომელთაც აქვთ რეანიმაციულ განყოფილებაში მუშაობის დიდი გამოცდილება. ექიმი და ექთანი მორიგეობენ 24 საათის განმავლობაში, შემდეგ იცვლებიან მორიგეობის საათების მიხედვით. გარდა ამისა, იქ ჩვენი რადიოლოგებიც მორიგეობენ იმისათვის, თუ საჭირო გახდა რადიოლოგიური კვლევის ჩატარება.
რადიო თავისუფლება: ეს თანამშრომლობა რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და პენიტენციურ სამსახურს შორის ხელშეკრულებით რეგულირდება?
ლევან გოფოძე: დიახ, ჩვენ ეს ხელშეკრულება კოვიდამდეც გვქონდა პენიტენციურ სამსახურთან, რადგან ჩვენთანაც გადმოჰყავდათ ხოლმე სამკურნალოდ პატიმრები ეპიდემიამდე. ამის მიზეზი არის ის, რომ რესპუბლიკური სახელმწიფო კლინიკაა და სახელმწიფომ, პირველ რიგში, სწორედ ჩვენ მოგვმართა. ცხადია, გასათვალისწინებელია ჩვენი რეანიმატოლოგების მაღალი კვალიფიკაციაც.
ოღონდ, ესენი არ არიან მკურნალი ექიმები, ვინც მუდმივ მეთვალყურეობას უწევენ პაციენტს. რეანიმატოლოგები მზადყოფნაში არიან, თუ პაციენტს დასჭირდება რეანიმაცია. დღეს პაციენტს სჭირდება თერაპიული დაკვირვება, მაგრამ თუ კორექცია დასჭირდა ან სხვა რამ, ცხადია, ამაშიც იქნებიან ჩართული ჩვენი ექიმები.
ლევან გოფოძემ გვითხრა, რომ ზუსტად არ იცის, თუ როგორ მუშაობენ იქ ექიმები ერთობლივად, მაგრამ, მისი სიტყვებით, ექიმების მუშაობის პრინციპია, რომ ვინც როდის არის საჭირო, მას უხმობენ: „ქირურგია საჭირო, ქირურგს ვიძახებთ, რეანიმატოლოგია საჭირო? მას ეძახიან. ეს არის, მოკლედ რომ ვთქვათ, გუნდური მუშაობა. ტექნიკურ აღჭურვილობაზე მე ვერაფერს გეტყვით, ამაზე უნდა ილაპარაკოს ციხის საავადმყოფოს ადმინისტრაციამ“.
ჩვენ ველაპარაკეთ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურ დირექტორს, ნოდარ ჩიმაკაძესაც იმ იმედით, რომ ციხეში მივლინებული მათი ექიმების გუნდზე მეტს შევიტყობდით.
ნოდარ ჩიმაკაძე: ჩვენი ექიმები კი არიან იქ 24/7-ზე, მაგრამ ამ დროისთვის ბატონი მიხეილ სააკაშვილი დამძიმებული არ არის და ამიტომაც ასე პირდაპირ ის ჩვენი ექიმების ხელში არ არის.
რადიო თავისუფლება: ხომ ვერ გვეტყვით, როგორია თქვენი ექიმების დამოკიდებულება სახალხო დამცველთან არსებული ექიმების კონსილიუმის დასკვნის თაობაზე? თუნდაც ტექნიკური აღჭურვილობის კუთხით მათ შეფასებებს თუ ეთანხმებიან?
ნოდარ ჩიმაკაძე: მათთან ამაზე არ მისაუბრია, მაგრამ ინტენსიური თერაპიის პალატა სრულად აღჭურვილია თანამედროვე უახლესი აპარატურით.
რადიო თავისუფლება: თუმცა ამ დასკვნაში წერია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების იქ ყოფნის მიუხედავად, თავისთავად იმ საავადმყოფოში არ არსებობს ინტენსიური თერაპიის გამოცდილება...
ნოდარ ჩიმაკაძე: ახალი კლინიკა რომ იხსნება, იქ ხომ თავიდან გამოცდილება არავის აქვს? აქაც იგივეა. მაგრამ შედის ექიმი და აპარატურა და პროცესი იწყება. დანარჩენზე ჩვენ ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. და ვერც ჩვენი ექიმები ილაპარაკებენ ამ ეტაპზე.
რადიო თავისუფლება: რატომ?
ნოდარ ჩიმაკაძე: არ არის აუცილებელი ასე საჯაროდ მათგან საუბარი. სიმართლე გითხრათ, არც აქვთ სურვილი. სააკაშვილის ჯანმრთელობის და მკურნალობის შესახებ განცხადებებს გააკეთებენ ციხის საავადმყოფოს ექიმები.
ციხის საავადმყოფოს ექიმები კი ირწმუნებიან, რომ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში არსებობს „ყველა საჭირო რესურსი, სათანადო სამედიცინო ინფრასტრუქტურა და კვალიფიციური, სერტიფიცირებული პერსონალი, იმისათვის, რომ მოხდეს მოშიმშილე პაციენტების მკურნალობა“.
ექიმმა-თერაპევტმა, სანდრო მათეშვილმა 17 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მოიშველია სტატისტიკაც და თქვა, რომ 2019 წლიდან დღემდე პენიტენციურ დაწესებულებებში შიმშილობის 2237 ფაქტია აღრიცხული.
მათეშვილმა ასევე განმარტა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები, რომლებიც დღეს მე-18 დაწესებულებაში ენაცვლებიან ერთმანეთს, „პერსონალი პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობენ სახელშეკრულებო პირობების საფუძველზე და არიან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები“.
ასევე ნახეთ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია - ექსპერტთა ჯგუფმა დასკვნა გამოაქვეყნა
სტატუსი - კრიტიკული - რა გავიგეთ დამოუკიდებელი ექიმების ჯგუფისგან?
სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმ-ექსპერტთა ჯგუფმა კი დაწერა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაში მყოფი პაციენტის ჯანმრთელობის სამართავად კლინიკაში საჭირო აღჭურვილობის გარდა, უნდა არსებობდეს:
• მულტიდისციპლინური სამედიცინო პერსონალი
• რთული პაციენტის მართვის გუნდური გამოცდილება
მაგრამ იმას, რაც მათ ნახეს, უწოდეს „ფორმირების ეტაპზე მყოფი“ და დაწერეს კიდეც, რომ მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში აპარატურის მხოლოდ ნაწილი მუშაობს, ნაწილი - ტესტირების რეჟიმშია.
რომ სამედიცინო პერსონალის დასაქმება იქ 3 კვირის წინ დაიწყო.
და რომ ჯერ ადგილზე არ არის მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების შესაძლებლობა. მაგალითად, MRI, გულის კათეტერიზაციის ლაბორატორია...
ასევე გავიგეთ, რომ ციხის საავადმყოფოში სულ არის შინაგანი მედიცინის ექიმი და რეანიმაციული ბრიგადა, მაგრამ პაციენტისათვის პოტენციურად საჭირო სპეციალისტების ნაწილი „მუდმივად ადგილზე არ იმყოფება“ - ეს კი იმას ნიშნავს, ვარაუდობენ ექიმები, რომ შესაძლოა, მხოლოდ იქ მყოფმა ჯგუფმა უბრალოდ ვერ მართოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუ ის უფრო დამძიმდება.
ექიმებმა თქვეს, რომ „პაციენტი საკმაოდ გამოფიტულია“, ხოლო რეანიმაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში, „არაეფექტური იქნება“. ამიტომ იქ მხოლოდ რეანიმატოლოგების 24-საათიანი მორიგეობაც ვერ იქნება გადამწყვეტი.
ციხის საავადმყოფოს ექიმებმა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფის წევრებს ასევე უპასუხეს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდება, მაგალითად, მას დაემართება ინფარქტი, ინსულტი ან თრომბოემბოლია, ამ შემთხვევაში მას გადაიყვანენ „შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში“, მაგრამ: „ასეთ შემთხვევაში დაიკარგება დრო და გაიზრდება საფრთხე“, - შიშობენ საექსპერტო ჯგუფის წევრები.
მათი დასკვნაც აქედან გამომდინარეობს: „სააკაშვილის გადაყვანა დაუყოვნებლივ, ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს“.
და ამ დასკვნას ხელს აწერენ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები: გიორგი გრიგოლია, გრიგოლი ხურციძე, გიორგი კაჭარავა, გიორგი პაპიაშვილი, აიდა გოზალოვა, თენგიზ წულაძე, ნინო ზავრაშვილი და მამუკა მაჩაიძე.
პრობლემას ამ ჯგუფის წევრები ხედავენ იმაშიც, რომ რადგან ციხის საავადმყოფოში ყველაფერი ახალი დაკომპლექტებულია, ჯერჯერობით არც არსებობს სრულყოფილი კომუნიკაცია ციხის საავადმყოფოს თანამშრომელ ექიმებსა და მიწვეულ ექიმებს შორის - ეს არ არის გუნდი და გუნდური მუშაობაც, რაც ასეთ დროს გადამწყვეტია, ჯერ ამ კლინიკაში ძალიან გაჭირდება.
„იქ რეანიმაციის არსებობს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უსაფრთხოდ იქნება. ჩვენი, ექიმების ამოცანა ის არის, რომ პაციენტი არ დამძიმდეს და არა ის, რომ მას რეანიმაციაში ვუმკურნალოთ. ეს არ არის მუშა კლინიკა, ის ახლა კეთდება და ყველა პოტენციური შეცდომა, რაც კი ხდება ხოლმე ყველა ახალი კლინიკის გახსნისას, ამ კლინიკის შემთხვევაშიც შეიძლება მოხდეს“, - თქვა 17 ნოემბერს კარდიოლოგმა გიორგი კაჭარავამ.
ამავე ჯგუფის წევრებისგან ისიც ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი არ წევს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და არ იმყოფება მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ. მისი პალატა არის ახლოს ამ განყოფილებასთან, მაგრამ ღამით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას არავინ ამოწმებს.
კალიუმის ნაკლებობა, მაგალითად, რომელიც ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს, ზოგადად იწვევს ისეთ არითმიას, რაც შესაძლოა გახდეს გულის გაჩერების მიზეზიც. თუ პაციენტს ვინმე მუდმივად არ აკვირდება, შესაძლოა, ვერც კი გაიგოს მისი დამძიმება და ყველაფერი ფატალურად დასრულდეს, - ეს სიტყვები კი კარდიოლოგ გიორგი პაპიაშვილს ეკუთვნის.
18 ნოემბერს საკუთარ ფეისბუკგვერდზე სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმ-ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას გამოეხმაურა სახელმწიფოს მიერ შექმნილი კონსილიუმის ერთ-ერთი წევრი, ექიმი ნინო შარაშენიძე, რომლის თქმით, ომბუდსმენის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა „სიტყვასიტყვით დაასაბუთა ჩვენი კონსილიუმის დასკვნა პაციენტის მრავალპროფილურ და მაღალტექნოლოგიურ სტაციონარში აუცილებელ გადაყვანასთან დაკავშირებითო“.
ექიმებს მოვალეობის ეთიკურად შესრულებისა და სიმართლის თქმისკენ მოუწოდებს აშშ-ში მცხოვრები ექიმი ზურაბ გურული და იმედს გამოთქვამს, რომ „გლდანის ციხის საავადმყოფოში მთავრობის მიერ გადასროლილი სამედიცინო დესანტი ომბუდსმენის კომისიის დასკვნების გაცნობის შემდეგ გააცნობიერებს, რომ მათი კლინიკური ლოგისტიკა კატასტროფულად მცდარია“.
„კოლეგებო, ძალიან ბინძური თამაშის მონაწილედ გხდიან და თუ ფატალური შედეგი დადგა, თქვენ შეგაწმენდენ ხელს. პრინციპში მართლებიც იქნებიან, რადგან ეს თქვენი ექსპერტიზის სფეროა და პოლიტიკოსების ბრძანებებს არ უნდა დაუმორჩილოთ თქვენი პროფესიული სინდისი“, - წერს ზურაბ გურული.
კონკრეტულად ვის ხელშია დღეს სააკაშვილის ჯანმრთელობა, რამდენი ექიმია ჩართული მის მკურნალობასა თუ ზედამხედველობაში, ვინ არის ის გუნდი, რომლის მუშაობაზეც ექსპერტთა ჯგუფიც მიუთითებდა, ბოლომდე ნათელი არ არის.
ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხი, თუ ზუსტად რამდენი ექიმი და ექთანი მუშაობს დღეს მე-18 დაწესებულებაში. ვიცით მხოლოდ სახალხო დამცველის ანგარიშის მონაცემები, რომ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტიდან მიღებული პასუხის თანახმად, 2020 წლის ნოემბრის თვიდან, ღია კონკურსის წესით, 32 სამედიცინო პერსონალი დასაქმდა.
ასევე ნახეთ ართმევენ თუ არა პატიმარ პრეზიდენტს მკურნალობის უფლებას?და რომ 2020 წლის ბოლოს პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმებული იყო 253 სამედიცინო პერსონალი, 109 პოზიცია კი ვაკანტური იყო.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე კი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ექიმების ჯგუფი ყოველდღიურად გააცნობს ყველას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამბავს. ეს გადაწყვეტილება მან „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით“ და კიდევ იმით ახსნა, რომ, მისი სიტყვებით, „პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველდღიურად, მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაცია ვრცელდება“.