სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჯგუფის წევრმა, კლინიკა „ღია გულის“ ანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი გრიგოლიამ მედიასთან ილაპარაკა ციხის საავადმყოფოს მდგომარეობის შესახებ. ექიმის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან ახლოს არის დამძიმებასთან.
„ვინაიდან ბევრნი ვიყავით, ყველა თავის საქმეს აკეთებდა, ზოგი მიხეილ სააკაშვილის კვლევით იყო დაკავებული, ზოგი ვთქვათ, ინფრასტრუქტურის კვლევით. ორი სიტყვით, სააკაშვილი ნამდვილად შიმშილობს, ამას ადასტურებს ყველა, ვინც იქ არის. მდგომარეობა, ვერ ვიტყვი, რომ საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ძალიან ახლოს არის იმასთან, რომ რამდენიმე დღეში დამძიმდება. მის ანალიზებში არის უკვე ისეთი ცვლილებები, რომლებიც საჭიროებს ინტენსიურ თერაპიასა და მკურნალობას“, - თქვა გრიგოლიამ.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა ილაპარაკა დაწესებულებაში შექმნილი ინტენსიური თერაპიის პალატის შესახებ.
„ის არის შექმნილი 2 კვირის წინ, არის ინტენსიური თერაპიის პალატა გაკეთებული, საკმაოდ კარგად აღჭურვილი, თანამშრომლები გადმოყვანილი არიან რესპუბლიკური საავადმყოფოდან. იქ არიან მორიგე ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი და მორიგე ექთანი, ყოველდღიურად. უარყოფითი არის ის, რომ ეს ინტენსიური თერაპიის გამოცდილება ამ დაწესებულებას არ აქვს. ადრე ასეთი რამ არ იყო. ისეთი პაციენტი, როგორიც არის დღევანდელ დღეს მიხეილ სააკაშვილი, ის ჯერ არ საჭიროებს რეანიმაციულ ღონისძიებებს, მას სჭირდება ინტენსიური თერაპია. საბოლოო დასკვნისთვის, ალბათ ჩვენ ერთმანეთში შევჯერდებით, იმიტომ, რომ სხვადასხვა საქმეებით ვიყავით დაკავებული. ჩემი პირადი აზრი არის, რომ ამ დაწესებულებაში ასეთი პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი“, - თქვა მან.
როგორც გრიგოლია ამბობს, დაწესებულებაში მორიგეობენ რესპუბლიკური საავადმყოფოდან გადმოყვანილი ლიცენზირებული ექიმები.
რაც შეეხება განყოფილების ლიცენზიას, ექიმის თქმით, ასეთი რამ არავის წარმოუდგენია (თუმცა არც არავის მოუთხოვია). „თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ლიცენზია ეხება იმას, როგორ არის აღჭურვილი და დაკომპლექტებული, ამას აკმაყოფილებს. საქმე ის არის, რომ ეს არის გაკეთებული სულ ახლახანს და არანაირი გამოცდილება არ აქვთ, ალბათ. მე იმ ექიმებს არ ვგულისხმობ, რადგან გადმოსულები არიან რესპუბლიკური საავადმყოფოდან, რომლებსაც აქვთ საკმაოდ კარგი გამოცდილება, - აღნიშნა გიორგი გრიგოლიამ და დაამატა - მე ვლაპარაკობ იმას, რომ ასეთი პაციენტი არ საჭიროებს მხოლოდ ანესთეზიოლოგებსა და რეანიმატოლოგებს, არამედ საჭიროებს თერაპევტებს. ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ იქ [ორგანიზმში] არის მეტაბოლური ცვლილებები, რომელსაც სჭირდება სწორი კვება. ხვალ რომ გამოაცხადოს ბატონმა მიხეილმა, რომ „დავამთავრე შიმშილობა და დავიწყე კვებაო“, - ასე არ შეიძლება. ამას სჭირდება კონტროლი. აქ მხოლოდ ინტენსიური სპეციალისტები არ არიან საჭირო, არამედ - მულტიპროფილური სპეციალისტები, რისი შესაძლებლობაც ალბათ აქ არ არის. ეს ჩემი წინასწარი დასკვნა და პირადი აზრია“.
ექსპერტთა ჯგუფი, პოზიციის შეჯერებისა და დასკვნის მომზადების შემდეგ, ბრიფინგის გამართვას გეგმავს 17 ნოემბერს, საღამოს.
ექიმებთან ერთად სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. „შევედით, ექიმებს მიეცათ საშუალება, რომ გაესინჯათ პაციენტი მიხეილ სააკაშვილი. დაათვალიერეს ციხის სამედიცინო ინფრასტრუქტურა, შეხვდნენ ექიმებს, გაესაუბრნენ, ასევ ვთქვათ, შეაფასეს იქ არსებული სამედიცინო მდგომარეობა. მოგვეცა სრულყოფილად შესწავლის საშუალება“, - თქვა ლომჯარიამ.
16 ნოემბერს სახალხო დამცველმა პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის იუსტიციის სამინისტროს/სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის მონიტორინგის მიზნით, მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მოიწვია.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრები არიან:
- გიორგი გრიგოლია - ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი
- გრიგოლი ხურციძე - შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა
- გიორგი კაჭარავა - კარდიოლოგი
- გიორგი პაპიაშვილი - კარდიოლოგი/არითმიოლოგი
- აიდა გოზალოვა - ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი
- მამუკა მაჩაიძე - ინფექციონისტი, თერაპევტი
- თენგო წულაძე - ნევროლოგი
- ნინო ზავრაშვილი - ენდოკრინოლოგი
„ჯგუფის საქმიანობაში ასევე ჩაერთვება სახალხო დამცველის აპარატში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული ექიმი, მედიცინის დოქტორი მერაბ ქავთარაძე. საჭიროების შემთხვევაში კი ჯგუფის შემადგენლობა გაფართოვდება შესაბამისი დარგის სამედიცინო ექსპერტთა მონაწილეობით".
16 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ექიმების ჯგუფი საზოგადოებას ყოველდღიურად მიაწვდის ინფორმაციას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მან გადაწყვეტილება ახსნა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით და იმით, რომ „პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველდღიურად, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია“.
მინისტრს არ დაუკონკრეტებია იმ ექიმების გუნდის შემადგენლობა, ვინც მედიას ყოველდღიურად მიაწვდის ინფორმაციას.
უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში გრძელდება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის პერმანენტული საპროტესტო აქციები. სააკაშვილის ადვოკატები და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არსებობს. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, საჭიროების შემთხვევაში, ამ დაწესებულებაში სააკაშვილს ვერ გაუწევენ კონსილიუმის დასკვნით განსაზღვრულ ყველა საჭირო, სამედიცინო მომსახურებას.
მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით, 3 ნოემბრიდან პარლამენტის შენობაში შიმშილობს პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია. 14 ნოემბრიდან, ამავე მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობა დაიწყო ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია" 9 დეპუტატმა. დეპუტატებს შეუერთდა ენმ-ის წევრი გია ბარამიძეც. ის პარტიის ცენტრალურ ოფისში შიმშილობს. შიმშილობს კლინიკების ასოციაციის ხელმძღვანელი ვილი პაჭკორიაც. "ნაციონალური მოძრაობის" 5 წევრი და 1 მხარდამჭერი შიმშილობს ზუგდიდის საკრებულოში და 6 რუსთავის საკრებულოში. ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შიმშილობს პარტიის 2 აქტივისტი.