სანქციები, დახმარების შესაძლო შეჩერება - როგორ ესმით საქართველოში ახალი გზავნილები ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან

ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან ისმის მკაფიო და მკაცრი განცხადებები საქართველოში 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებისა და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული საერთაშორისო ვალდებულებების არშესრულების შეფასებისას.

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორს, 5 ივლისს სასტიკად ნაცემ ლექსო ლაშქარავას, საერთაშორისო პარტნიორები ძალადობრივი მოვლენების მსხვერპლად მოიხსენიებენ და არა თუ მხოლოდ შემსრულებლების, არამედ - წამქეზებლების დასჯასაც მოითხოვენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში თავს არ არიდებენ კითხვას შესაძლო პერსონალური სანქციების შესახებ.

პარალელურად, ბრიუსელში ლაპარაკობენ ხელისუფლების მიერ 19 აპრილს ხელმოწერილი დოკუმენტის, „შარლ მიშელის შეთანხმების“ დარღვევაზე. იმის გამო, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი არ შეჩერდა, საქართველო შესაძლოა ევროკავშირის მაკროსაფინანსო დახმარების მორიგი ტრანშის, 75 მილიონი ევროს გარეშე დარჩეს.

საერთაშორისო პარტნიორების გზავნილები სხვაგვარად ესმით „ქართულ ოცნებაში“. მმართველი პარტია პრობლემას საერთოდ ვერ ხედავს ვერც ვაშინგტონის, და ვერც ბრიუსელის დამოკიდებულებაში.

რა ისმის ვაშინგტონიდან?

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებამ საქართველოში საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა და კამათი გამოიწვია.

ქართველი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ვრცლად უპასუხა და საკითხის დეტალების ცოდნაც გამოავლინა.

მან თქვა, რომ ვაშინგტონიდან ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში განვითარებულ მოვლენებს; მოძალადეებთან ერთად, წამქეზებლების დასჯასაც მოელიან და, როცა საჭირო ხდება, ადამიანის უფლებების დარღვევების წინააღმდეგ, აშშ არც სანქციების დაწესებას ერიდება.

"ჩვენ გვაქვს რამდენიმე მექანიზმი მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევასა და ძალადობაზე მსოფლიოს გარშემო. სანქციები ნამდვილად არის ამ მექანიზმებიდან ერთ-ერთი. როგორც იცით, წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, სანამ არ შემოვიღებთ მას, მაგრამ თვალს ვადევნებთ ვითარებას [საქართველოში] დიდი ყურადღებით“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ასევე ნახეთ აშშ-ს სახ.დეპარტამენტი: წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, თვალს ვადევნებთ ვითარებას დიდი ყურადღებით

თბილისისა და ვაშინგტონის ხედვებში მნიშვნელოვანი განსხვავებები უკვე ჩანს.

  • თუკი ოფიციალური განცხადებებით ვიმსჯელებთ, 5 ივლისის მოვლენებში გამოძიებას წამქეზებლების ძებნა ჯერჯერობით არც დაუწყია. დღემდე არც მოძალადეთა მოქმედებების ამსახველი ფოტო თუ ვიდეომასალები გამოქვეყნებულა, რასაც შესაძლოა, უტყუარად დაედასტურებინა, რომ ძალადობა წინასწარ კარგად იყო ორგანიზებული
  • ვაშინგტონისა და თბილისის პოზიციებს შორის არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება - სახელმწიფო დეპარტამენტი ლექსო ლაშქარავას ძალადობის მსხვერპლად მოიხსენიებს; ხოლო საქართველოში გადადგმული საგამოძიებო ნაბიჯები პრაქტიკულად გამორიცხავს ვერსიასაც კი, რომ ლაშქარავას სიკვდილი შესაძლოა უკავშირდებოდეს 5 ივლისს მისი სასტიკად ცემის ფაქტს.

უფლებადამცველებისთვის ისიც ცხადია, რომ შს სამინისტროს მიერ სახელდახელოდ გამართულმა ბრიფინგებმა, უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვის ფონზე, საზოგადოებაში იმ აზრის მიზანმიმართულ განმტკიცება სცადა, რომ - ლაშქარავა ნარკოტიკების ზედოზირებით დაიღუპა.

რა გაიგო "ქართულმა ოცნებამ"?

„ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებული არიან, რომ პროცესები საქართველოში კანონის ფარგლებში, ანუ სწორედ ისე მიმდინარეობს, რაზეც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ლაპარაკობს; მოძალადეებსაც იჭერენ და შესაბამისად, სანქციების დაწესება გამორიცხულია.

„სანქციებთან დაკავშირებულ შეკითხვაზე (სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის) პასუხი იყო ძალიან ზოგადი, რომ ზოგადად, იმ ადამიანებსა და ქვეყნებს, სადაც ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვევა, რა თქმა უნდა, უწესდებათ სანქციები. თუმცა საქართველო ნამდვილად არ არის ის ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვევა... ოპოზიციას ერთი სული აქვს, რომ საქართველოს სანქციები დაუწესონ.

ვარწმუნებ ყველას, რომ საქართველოს სანქციებს არავინ დაუწესებს. საქართველო მოწინავე ქვეყანაა არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტით... სანქციების დაწესება არის გამორიცხული“ - აცხადებს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე.

ასევე ნახეთ ჯიმ რიში და ადამ კინზინგერი გმობენ თბილისში მომხდარ ძალადობას

სამხარაძე წამქეზებლებს საერთოდ ვერ ხედავს და ამბობს, რომ არც 5 ივლისს, პარლამენტის წინ მდგარი სასულიერო პირის მოწოდებები მოუსმენია. გამოძიება ამ დრომდე არ დაინტერესებულა დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის საკითხით და მის მიმართ რეაგირება მხოლოდ საპატრიარქოს საყვედურით შემოიფარგლა.

ნიკოლოზ სამხარაძე გვეუბნება, რომ, თუკი ასეთი რამ [წაქეზება] მოხდა, კანონის წინაშე თანასწორია ყველა - "ერიც და ბერიც".

სამხარაძის პირველმა მოადგილემ, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი ხელაშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება განსხვავებულად გაიგო - რომ, თითქოს, სანქციების სავარაუდო ადრესატებად მოძალადეები განიხილებიან. შესაბამისად, მისი განმარტებით, სანქციების საჭიროება აღარ იქნება იმიტომ, რომ მოძალადეები აუცილებლად დაისჯებიან.

ასევე ნახეთ „უმრავლესობის დიქტატურა“ - საქართველო სახიფათო გზაგასაყარზე?

ასევე საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის წევრია, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნონა მამულაშვილი, რომელიც ვაშინგტონში იმყოფება და ამჟამად შეხვედრებს მართავს აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

არის თუ არა ლაპარაკი სანქციებზე, რასაც გამორიცხავს „ქართული ოცნება“ და ვის წინააღმდეგ შეიძლება დაწესდეს სანქციები?

ნონა მამულაშვილი გვპასუხობს, რომ სანქციების თემა ახალი არ არის და ასეთი პერსპექტივის შესახებ მასთანაც ადრეც უსაუბრიათ ამერიკელ პარტნიორებს.

„სტრატეგიული პარტნიორისთვის სანქციების დაწესება პოლიტიკურად ძალიან რთულად გადასაწყვეტი საკითხია, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა არანაირ რეკომენდაციასა და წუხილს არ მოუსმინოს და მაინც ყველაფერი თავისებურად გააკეთოს... ამიტომ სანქციების თემა განიხილება, კი.

რა თქმა უნდა, მოძალადეებისთვის დასაწესებელ სანქციებზე არ არის აქ ლაპარაკი. მოძალადეები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დაისჯებიან. სავარაუდო სანქციების შემთხვევაში ლაპარაკია მთავრობის წევრებზე, მოსამართლეებზე და იმ პირებზე, რომლებიც ძალადობას ზოგადად აწერენ ხელს ბოლო 8 წლის განმავლობაში“ - გვეუბნება მამულაშვილი.

ასევე ნახეთ შსს ლექსო ლაშქარავაზე: შესაძლოა გარდაიცვალა ზედოზირებით, სისხლში აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერებები

ენმ-ის დეპუტატის შეფასებით, ვაშინგტონში არავის სჯერა საქართველოს შს სამინისტროს მიერ წინასწარ გახმაურებული ვერსია, რომ - შესაძლოა, ლექსო ლაშქარავას სიკვდილი ნარკოტიკული ნივთიერებების ზედოზირებამ გამოიწვია.

„ერთი წუთითაც არ დაიჯეროთ, რომ აქ ვინმეს ილუზია შეექმნა, თითქოს ტელეკომპანიის ოპერატორმა ნარკოტიკების ზედმეტი დოზა მიიღო და ამის გამო დაიღუპა... პუტინის სვლას ეძახიან ამ ყველაფერს, რადგან ასეთი ქმედებები მხოლოდ პუტინის რუსეთს ახასიათებს... არის საქმეები, რომლებიც წლებია დევს თაროზე და ამ საქმეზე ორ საათში რანაირად დადეს დასკვნა?!

ძალიან მკაცრი რეაქციები აქვთ პირად საუბრებშიც და აღნიშნავენ, რომ აუცილებლად მოეთხოვება პასუხი ყველა იმ პირს, რომელმაც 5 ივლისს ჩაიდინა დანაშაული, ანდა წაახალისა ეს დანაშაული. ფაქტია, რომ მოძალადეებს ვიღაცამ მისცა ბრძანება - მათ თავისით არ გადაუწყვეტიათ, რომ მაინცდამაინც მედიას დაესხნენ თავს. საქართველოს მთავრობამ წაახალისა ეს ჯგუფები და მიუქსია მედიას“ - გვეუბნება მამულაშვილი.

ლექსო ლაშქარავა ასევე ძალადობის მსხვერპლად იყო მოხსენიებული აშშ-ის საელჩოს მიერ მანამდე გამოქვეყნებულ განცხადებაშიც.

„ჩვენ მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ და იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე გამოიწვია ერთი ადამიანის ტრაგიკული სიკვდილი“ - აღნიშნავდა საელჩო.

რა ისმის ბრიუსელიდან

ძალადობას გმობენ და დანაშაულის თითოეული ფაქტის მიუკერძოებელ, ობიექტურ, საფუძვლიან გამოძიებას ელოდებიან ევროკავშირის ქვეყნებიც.

ასევე ნახეთ კუბილიუსი და იუკნევიჩიენე: ლაშქარავას გარდაცვალება და პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა მიუკერძოებლად უნდა გამოიძიონ
ასევე ნახეთ "ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით" - გზა რუსული ორბიტისკენ?

5 ივლისის მოვლენებით გამოწვეული ვნებათაღელვის ფონზე, 13 ივლისს, ევროკომისიამ ასევე საჭიროდ ჩათვალა, მიბრუნებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პრობლემურ თემას - პროცესს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო პარტნიორებმა ვერაფრით შეაჩერებინეს.

„ქართულ ოცნებაზე“ არც მაკროსაფინანსო დახმარების მორიგი ტრანშის (75 მილიონი ევროს) შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებულმა განცხადებებმა იმოქმედა.

ამაზე მანამდეც ლაპარაკობდნენ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები და იყო ევროკომისიის მკაფიო გაფრთხილებაც.

მიუხედავად ამისა, პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში უვადოდ კიდევ 6 მოსამართლე გაამწესა. მათი საკითხი "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში 12 ივლისს გადაწყვიტა.

ასევე ნახეთ ევროკომისიის პრესსპიკერი მოსამართლეების დანიშვნაზე: შესაძლოა ამ ნაბიჯმა უარყოფითად იმოქმედოს ფინანსურ დახმარებაზე

დაფინანსების შესაძლო შეჩერების საკითხი კვლავაც ხაზგასმულია ევროკომისიის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს სპეციალურ განცხადებაში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი ეწინააღმდეგება „შარლ მიშელის შეთანხმებას“.

განცხადებაში ვკითხულობთ:

  • "დანიშვნები ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო დებულებებს, რომელთა თანახმად უნდა შეჩერდეს ყველა მიმდინარე დანიშვნა, სრულად შესრულდეს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და ზოგადად გაიზარდოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმის პროცესში“;
  • „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის დაწყებამდე მათი შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ასევე არის საქართველოსთვის ევროკავშირის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის შეთანხმებული წინაპირობა, რომელზეც ამ ნაბიჯმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს“.
ასევე ნახეთ საია: უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები კლანისა და ხელისუფლების გარიგების შედეგად დაინიშნენ

ენმ-ის დეპუტატს, ნონა მამულაშვილს ეს განცხადება საერთოდ არ უკვირს, რადგან, ბევრის მსგავსად, ისიც მოელოდა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო მოწოდებების საწინააღმდეგოდ გადადგმულ ნაბიჯებს აუცილებლად მოჰყვებოდა შემდგომი მკაცრი რეაგირება.

„ახლახან, ბრიუსელში ყოფნის დროს, ჩვენც გარკვევით გვითხრეს, რომ აუცილებლად დადგებოდა საფინანსო დახმარების პირობითობის საკითხი, თუკი „ქართული ოცნება“ არ შეისმენდა საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს. როგორც ჩანს, არ აპირებს „ქართული ოცნება“ არაფრის გაკეთებას და ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ, სამწუხაროდ, ეს ინსტრუმენტიც აამოქმედოს დასავლეთმა“ - გვეუბნება მამულაშვილი.

ეკონომიკის დარგის ექსპერტები აცხადებენ, რომ თუკი მაკროსაფინანსო დახმარებას ვერ მიიღებს საქართველო, ეს ქვეყნისთვის არა მხოლოდ რეპუტაციული ტვირთი იქნება, არამედ მნიშვნელოვნად დაეტყობა მის ეკონომიკასაც.

ასევე ნახეთ ევროკავშირის გაფრთხილება და საქართველოს ეკონომიკის მომავალი თემიდას სასწორზე

„ქართულ ოცნებაში“ საფრთხეს ვერც ამ კუთხით ხედავენ.

მაგალითად, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ სიმართლე საქართველოს მხარესაა, ფინანსური სასჯელის საფუძველი არ არსებობს და ეს საკითხი შემდგომი ახსნა-განმარტებებით გადაიჭრება.

საერთაშორისო პარტნიორებს „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი არგუმენტები მანამდეც არაერთხელ გააცნო და ყოველ ჯერზე ჩანდა, რომ ისინი ამ არგუმენტებს არ იზიარებდნენ.

უშველის თუ არა ახსნა-განმარტებები პრობლემის მოხსნას ამჯერად - მაშინ, როცა ეს საკითხი მანამდეც ბევრჯერ არის ახსნილი? - ვეკითხებით ნიკოლოზ სამხარაძეს. კომიტეტის თავმჯდომარე სამომავლო წარმატებაში დარწმუნებულია.

„ზოგადად, ევროკავშირის საფინანსო დახმარება გამოირჩევა იმით, რომ ის ყოველთვის დაკავშირებულია პირობითობასთან. ამ სესხის პირობები გაწერილი იყო სასესხო ხელშეკრულებაში ევროკავშირსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის, ჯერ კიდევ 2020 წელს. იქ ერთ-ერთი მითითებული კანონი შეეხება მოსამართლეების დანიშვნას.

იქ წერია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცედურაში უნდა შეიტანოს ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად... უნდა გავაგრძელოთ დიალოგი და ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ მათ, რომ ეს რეკომენდაციები უკვე ასახულია ჩვენს კანონმდებლობაში... სიღრმისეული ახსნაა საჭირო“ - გვითხრა სამხარაძემ.

ასევე ნახეთ ეუთო საქართველოს აკრიტიკებს - რას პასუხობენ ქართველი პოლიტიკოსები

თუმცა ევროკავშირი საკითხს არა წარსულით, არამედ ამჟამად არსებული მდგომარეობით აფასებს. ჩანს, რომ მას რეალობა არ აკმაყოფილებს.

„ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) ახლახან თავის შუალედურ ანგარიშში შეშფოთება გამოთქვა კანდიდატების წარდგენის პროცესის სამართლიანობასა და თანასწორობასთან დაკავშირებით" - ვკითხულობთ ევროკომისიის განცხადებაში.

ხოლო ODIHR-ის მიერ 9 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში, მაგალითად, მითითებულია, რომ "იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების აპლიკაციების, გამოცდილების შემოწმებისა და ინტერვიუს პროცედურები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს".