ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება და 5 ივლისის აქციაზე პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა მიუკერძოებლად უნდა იქნეს გამოძიებული:
„საქართველო ძალიან სერიოზულ გზაჯვარედინზეა, რაც განსაზღვრავს მის განვითარებას და წარმატებას ან წარუმატებლობას უახლოესი ათწლეულების განმავლობაში. ქართველთა უმეტესობამ უკვე მტკიცედ და დიდი ხნის წინ აირჩია ევროპული განვითარება და ევროპული ღირებულებები. ამასთან, მოქმედებენ ძალები, რომლებიც მუშაობენ, რომ ხელი შეუშალონ საქართველოს პროგრესს ამ გზაზე და შეცვალონ იგი.
საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, როდესაც 53 ჟურნალისტი ამოიღეს მიზანში და სცემეს აქციაზე, რომელიც ეწინააღმდეგებოდა თბილისის ღირსების მარშს, არის ერთ-ერთი ასეთი მცდელობა.
მწუხარებით შევიტყვეთ მედიის ერთ-ერთი დაშავებული წარმომადგენლის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ. ბატონი ლაშქარავას გარდაცვალება და პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა ძალადობრივი თავდასხმების ფონზე სრულად და მიუკერძოებლად უნდა იქნას გამოძიებული. ჩვენ საზოგადოების ყველა წევრს მოვუწოდებთ გამოიჩინონ სიმშვიდე და თავშეკავება და არ წამოეგონ პროვოკაციებზე. საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ, განსაკუთრებით მმართველმა პარტიამ, ევროპული ღირებულებების პატივისცემით უნდა იმოქმედოს.
მედიისა და გამოხატვის თავისუფლება ევროპული ღირებულებებია და ისინი მხარდაჭერილი და დაცული უნდა იყოს“, - აცხადებენ ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე.
ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს დილას საკუთარ ბინაში ოჯახის წევრებს გარდაცვლილი დახვდა, 5 ივლისს, სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის მსხვერპლი გახდა "სირცხვილიას" ოფისთან, სადაც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
ამ დროისთვის, ლექსო ლაშქარავაზე თავდამსხმელი მხოლოდ ორი პირია დაკავებული, ძალადობაში სავარაუდოდ ათობით პირი მონაწილეობდა.
გამოძიება 5 ივლისს მომხდარ ძალადობის ცალკეულ ფაქტებს იძიებს და ორგანიზებული დანაშაულის არსებობის შესაძლებლობაზე არ საუბრობს. 5 ივლისს 55 ადამიანი დაშავდა, მათგან 53 მედიის წარმომადგენელი იყო.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ გუშინ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე პრემიერ-მინისტრის და მთავრობის სრული შემადგენლობის გადადგომა მოითხოვეს. მთავრობას ამ მოთხოვნის შესრულებამდე დრო აქციის მონაწილეებმა 12 ივლისის 12 საათამდე მისცეს.