Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს ლექსო ლაშქარავაზე: შესაძლოა გარდაიცვალა ზედოზირებით, სისხლში აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერებები


შინაგან საქმეთა სამინისტროში ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმეზე მისი გარდაცვალებიდან მესამე ბრიფინგი გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ შუალედური ქიმიური ექსპერტიზის მიხედვით, მის სისხლში აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება და შესაძლოა გარდაცვალების მიზეზი იყოს ზედოზირება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ასევე ისაუბრეს გარდაცვალებამდე ლექსო ლაშქარავას გადაადგილების მარშუტზე. ითქვა, რომ მან ნარკოტიკული ნივთიერებები ფონიჭალაში იყიდა - ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენას მოწმეთა ჩვენებებით ადასტურებს შსს. უწყების მტკიცებით, ლაშქარავამ და მისმა თამხლებმა მეგობარმა შეძენილი ნარკოტიკი ორთაჭალაში, ტყის მასივში მოიხმარეს, სადაც ლაშქარავა შეუძლოდ გახდა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მამუკა ჭელიძის განცხადებით ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე გამოძიების ფარგლებში 200-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა, დაიკითხა 110 პირი, დათვალიერებულია 65 ვიდეოსათვალთვალო კამერა.

"გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც ჩართულია ოჯახის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტი. ქიმიური ექპსერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებული ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები, "მორფინი", "კოდეინი", "ტეტრაჰიდროკანაბინოლი", "პენტინი" და "მონოაცეტილმორფინი"" - თქვა მამუკა ჭელიძემ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე გამართულ რიგით მესამე ბრიფინგზე.

მამუკა ჭელიძის თქმით, ოჯახმა სასწრაფო დახმარება 11 ივლისს, დილის 6 საათზე გამოიძახა, ექიმებს ლექსო ლაშქარავა უკვე გარდაცვლილი დახვდათ და შემდეგ მის სახლში პოლიცია მივიდა.

ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისის დილას ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი, 5 ივლისს, სიძულვილის ჯგფების მხრიდან სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა მაშინ, როცა "სირცხვილიას" ოფისთან გადაღებაზე იმყოფებოდა. მასზე ძალადობაში ბრალდებული მხოლოდ 5 პირია დაკავებულია - ერთი გარდაცვალების შემდეგ დააკავეს, ორს აღკვეთის სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ლექსო ლაშქარავას სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის შემდეგ ჩამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები, რის გამოც ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სიკვდილის მიზეზების დამდგენი ექსპერტიზის პასუხის მიღებამდე მიანიშნებდა მის კავშირს ნარკოტიკებთან, ინტერნეტში კი გარდაცვლილის დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდება განსაკუთრებული კატეგორიის პირადი ინფორმაცია მის შესახებ.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ დღის წესრიგში დადგა მთავრობის გადადგომის მოთხოვნა. მთავრობა ამბობს, რომ გადადგომას არ აპირებს, საზოგადოება ცდილობს ზეწოლას აქციების გზით.

XS
SM
MD
LG