მთავრობის გადაყენების მცდელობა და ოპოზიციის ახლებური ბოიკოტი პარლამენტში

დაპირისპირება პარლამენტის სხდომათა დარბაზში. 12 ივლისი, 2021 წ.

5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ფონზე, საპარლამენტო ოპოზიციამ დაიწყო მსჯელობა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ.

ფრაქციებს შორის კონსულტაციების პროცესი დაწყებულია. თუმცა, საპარლამენტო მანდატების არითმეტიკისა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგობის გათვალისწინებით, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება ამ ეტაპზე შეუსრულებელ მისიად გამოიყურება. 12 ივლისის დემარშის შემდეგ, დარჩა შთაბეჭდილება, რომ სამი ოპოზიციური ფრაქცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმში დაბრუნდა. ირკვევა, რომ ეს მთლად ასე არ არის და ხელმომწერები არ აპირებენ უარი თქვან „შარლ მიშელის შეთანხმებაზე“.

უნდობლობა მთავრობას

12 ივლისს სამმა ოპოზიციურმა ფრაქციამ განაცხადა, რომ მათი შემდგომი მოქმედებების მთავარი მიზანი იქნება უნდობლობის გამოცხადება ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობისთვის, რომლის წახალისებითაც, 5 ივლისს, ქვეყანა მოძალადე ჯგუფების უკონტროლო თარეშისა და ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმების მოწმე გახდა.

მთავრობის გადაყენების ინიციატივა 12 ივლისს, მედიასთან თავდაპირველად გაახმაურა ფრაქციამ „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც, დეპუტატების ფიზიკური დაპირისპირების კვალდაკვალ, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა დემარშით დატოვა პარლამენტის სხდომა.

მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების მიზანზე 12 ივლისს აქტიურად ლაპარაკობდა კიდევ ორი ოპოზიციური ფრაქცია: „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ და „შარლ მიშელის რეფორმების“ ჯგუფი.

ეს სამი ფრაქცია, ჯამში, 46 მანდატს ფლობს. თუმცა მათ, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს რამდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატიც.

ასევე ნახეთ სალომე სამადაშვილი: მთავრობის გადასაყენებლად პარლამენტში პროცედურებს დავიწყებთ

ვინ შეუერთდება ამ ინიციატივას?

„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წარმომადგენლის, დეპუტატ პაატა მანჯგალაძის ინფორმაციით, „რამდენიმე პარტიამ და ჯგუფმა ითხოვა დრო საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად“ და „ამ დღეებში“ გახდება ცნობილი, გროვდება თუ არა საჭირო რაოდენობის ხმები საკითხის ინიცირებისთვის.

„ერთი კარგი საქმე მაინც გამოვა საბოლოოდ - ლუსტრაცია მოხდება, ვის უნდა ქვეყანაში ცვლილებები და ვის უნდა არსებული რეალობის შენარჩუნება“ - აცხადებს მანჯგალაძე.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადებას პრინციპულად არ უჭერენ მხარს ფრიდონ ინჯიას „ევროპელი სოციალისტები“; ხოლო, ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ და იაგო ხვიჩიას „გირჩი“ სკეპტიკურად არიან განწყობილი. ისინი მთავრობის შეცვლის გასაღებს მხოლოდ მომავალ არჩევნებში ხედავენ.

„კონსულტაციებში მონაწილეობას წინ არაფერი არ უდგას, ცხადია... ამის გაკეთება, ჩემი აზრით, არჩევნებამდე ძალიან რთულია. მე უფრო არჩევნებზე გამარჯვების იმედი მაქვს“ - აცხადებს იაგო ხვიჩია.

ინიციატორები უკან დახევას არ აპირებენ. „ლელოს“ წარმომადგენელი დეპუტატი, ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრები ვალდებულები არიან, რომ ქვეყანაში შექმნილ სახიფათო ვითარებაში, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და მათ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოიყენონ.

„ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიცია ამ ჩანაფიქრის ხორცშესხმას ვერაფრით შეძლებს.

„მთავრობის უნდობლობაზე საუბრის დაწყება წარმოადგენს მცდელობას, რომ საზოგადოების მხრიდან მათ მიმართ არსებული უნდობლობა შეინიღბოს. ამისთვის არის მოგონილი ეს პოპულისტური თემა. საამისო მიზეზი არ არსებობს. ეს ვერ იქნება წარმატებული“ - უთხრა 13 ივლისს ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ.

თუკი კონსტიტუციასა და პარლამენტში ამჟამად არსებული ვითარებას გადავხედავთ, დიდი ალბათობით, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების მიზანი წინასწარვე მარცხისთვის არის განწირული.

რას გვეუბნება კონსტიტუცია?

საქართველოს კონსტიტუციის 57-ე მუხლის თანახმად, პარლამენტში მთავრობის უნდობლობის საკითხის აღძვრის უფლება აქვს მინუმუმ 50 დეპუტატს.

საკითხის ინიციატორ საპარლამენტო ჯგუფს მოეთხოვება ასევე:

  • პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატის დასახელება;
  • პრემიერობის კანდიდატმა, თავის მხრივ, პარლამენტს უნდა წარუდგინოს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა.

პარლამენტი უშუალოდ უნდობლობის საკითხს ვერ უყრის კენჭს. კენჭისყრაზე დგება მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი. თუკი ახალ მთავრობას მინიმუმ 76 დეპუტატი დაუჭერს მხარს, მოქმედი მთავრობის მიმართ უნდობლობა გამოცხადებულად ჩაითვლება.

ასევე ნახეთ „უმრავლესობის დიქტატურა“ - საქართველო სახიფათო გზაგასაყარზე?

პარლამენტში მანდატების დანაწილების სქემას თუ გადავხედავთ:

  • უნდობლობის საკითხის აღძვრის მხარდამჭერი სამი ფრაქციის ხელთ არსებული რესურსი ამჟამად 50 მანდატზე ნაკლებია;
  • 76 დეპუტატის მხარდაჭერის მობილიზების საშუალება ამ ეტაპზე საქართველოს პარლამენტში მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აქვს. მმართველ პარტიას პარლამენტში 84 დეპუტატი ჰყავს.

საპარლამენტო არითმეტიკის გათვალისწინებით, კონსტიტუციონალისტ ლევან ალაფიშვილისთვის ნათელია, რომ ოპოზიცია შეუსრულებელ მისიას შეეჭიდა.

„ინიცირების უფლება, ცხადია, აქვს ოპოზიციას და ინიცირებისთვის საჭირო ხმებიც რომ მოაგროვოს, იოლად სავარაუდოა, როგორი იქნება საბოლოო შედეგი... უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს და აბა სხვა რა გზა რჩება ოპოზიციას, მარცხის გარდა?!“ - გვეუბნება ლევან ალაფიშვილი.

კონსტიტუციონალისტი ასევე ფიქრობს, რომ ეს მარცხი სამომავლოდაც წამგებიანი იქნება ოპოზიციისთვის, რადგან კონსტიტუციის კიდევ ერთი ჩანაწერის თანახმად, მათ იმავეს გაკეთების შესაძლებლობა 6-თვით ჩამოერთმევათ.

კონსტიტუციაში წერია: „თუ პარლამენტი უნდობლობის საკითხის აღძვრის შემდეგ არ გამოუცხადებს მთავრობას უნდობლობას, დაუშვებელია პარლამენტის იმავე წევრთა მიერ მომდევნო 6 თვის განმავლობაში უნდობლობის საკითხის აღძვრა“ .

ბოიკოტი განახლდა?

მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების მომხრე სამი ოპოზიციური ფრაქციის დეპუტატებმა 12 ივლისს ასევე განაცხადეს, რომ ეთიშებიან პარლამენტის რუტინულ საქმიანობას, არ შევლენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში და მთავრობის გადაყენების საკითხის გარდა, გამონაკლისის სახით, მხარს დაუჭერენ მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებს - სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

ამავე დროს, „შარლ მიშელის შეთანხმების“ ხელმომწერი დეპუტატები არ აპირებენ ზურგი შეაქციონ საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობითა და დიდი ძალისხმევით მიღწეულ შეთანხმებას.

„არ უნდა ვიჩქაროთ მაინც... ჩვენთვის მთავარია საარჩევნო რეფორმა და საკონსტიტუციო ცვლილება, რომელითაც სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავალთ. ყველა პარტია, რომელიც ამბობს, რომ ბოიკოტშია - ვთქვათ, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ - ადასტურებენ ასევე, რომ მონაწილეობას მიიღებენ „შარლ მიშელის შეთანხმებით“ გათვალისწინებული საკითხების განხილვისას... ეს დოკუმენტია ერთადერთი საშუალება დღეს, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საუბრის შესაძლებლობას აჩენს“ - განაცხადა რადიო თავისუფლების პროგრამა „დილის საუბრებში“, „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ.

Your browser doesn’t support HTML5

პაატა მანჯგალაძე - ""ქართული ოცნება" არის ფარისევლების ხელისუფლება"

პაატა მანჯგალაძე და ასევე, „ლელოს“ წარმომადგენელი, ანა ნაცვლიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის 9-წევრიან შემადგენლობაში არიან.

ამ კომისიის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა იმსჯელა 12 ივლისს, სწორედ იმ დღეს, როდესაც ოპოზიციის დიდმა ნაწილმა პარლამენტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ასევე ნახეთ ენმ წყვეტს პარლამენტში მუშაობას

„შარლ მიშელის შეთანხმებისთვის“ ხელი არ მოუწერია „ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა როგორც დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ კენჭისყრას მათი ფრაქციაც შეუერთდება.

ენმ-ის ბლოკის დეპუტატები ასევე ლაპარაკობენ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობებზეც.

„ნაციონალური მოძრაობა გამოიყენებს აბსოლუტურად ყველა ბერკეტს, რაც მის ხელშია, ეს იქნება: საპარლამენტო, ქუჩის აქციები, პროტესტი... იმისთვის, რომ დაისაჯოს ყველა დამნაშავე“ - თქვა 13 ივლისს ენმ-ის დეპუტატმა ზაალ უდუმაშვილმა.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ, როგორც არახელმომწერს, ენმ-ს არც მოეთხოვება „შარლ მიშელის შეთანხმების“ შესრულება; ხოლო დანარჩენ ოპოზიციურ ძალებს მმართველი პარტია შეახსენებს, რომ შეთანხმების პირობებს დაცვა სჭირდება.

„შევახსენებ მათ, რომ 19 აპრილის შეთანხმებით ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება რაც აიღეს, ეს არის საპარლამენტო მუშაობაში ჩართვა... ასე რომ - საპარლამენტო საქმიანობიდან გამიჯვნა იქნება 19 აპრილის შეთანხმების დარღვევა“ - უთხრა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა.

ასევე ნახეთ კახა კუჭავა: ის რაც დღეს პარლამენტში ვნახეთ, ჩვენი მტრის ინტერესშია

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „შარლ მიშელის შეთანხმებას“ უკვე დიდი ხანია თავად „ქართული ოცნება“ არღვევს და, მაგალითად, პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებული მკაფიო ჩანაწერის მიუხედავად, უმრავლესობამ 12 ივლისს, სასწრაფო წესით დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურები.

„შარლ მიშელის შეთანხმების“ ფარგლებში დღემდე განხილული თითქმის ყველა საკითხი, ძირითადად, სადავო ხდებოდა :

  • ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის საკითხზე, რომლის პროექტმაც საბოლოოდ „ქართული ოცნებისთვის“ სასურველი სახე მიიღო და ორი მოსმენის შემდეგ შეჩერდა;
  • 28 ივნისს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა განახლებული საარჩევნო კოდექსი, რომელსაც მხარი არ დაუჭირეს, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ ფრაქციებმა;
  • სადავოდ რჩება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურების საკითხი. ორივე კანდიდატი ცესკოს მოქმედი მაღალი თანამდებობის პირია;
  • ჭიანურდება მუშაობა „ამბიციურ სასამართლო რეფორმაზე“, რომელიც ასევე „შარლ მიშელის შეთანხმებით“ ნაკისრი მკაფიო ვალდებულებაა.
ასევე ნახეთ ცესკოს თავმჯდომარეობის შერჩეული და დაწუნებული კანდიდატები

კონსტიტუციონალისტ ლევან ალაფიშვილისთვის ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ სათავისოდ კითხულობს „შარლ მიშელის შეთანხმებას“ და „თავის ინტერესებს არგებს“, ხოლო ოპოზიცია მას ჯეროვან წინააღმდეგობას ვერ უწევს.

ალაფიშვილი გვეუბნება, რომ, მაგალითად, ოპოზიციას თავადაც შეეძლო მოეხდინა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება და ფაქტის წინაშე დაეყენებინა მმართველი პარტია.