დეპუტატ ხატია დეკანოიძის თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში მუშაობას აღარ გააგრძელებს. ენმ-ს წევრის თქმით, პარტია მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო ცხოვრებაში, თუკი კენჭისყრაზე იქნება გატანილი საქართველოს მთავრობის წევრების გადაყენების ან პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღების საკითხი.
"ჩვენ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რა თქმა უნდა, იმ რუტინულ პროცესში, რომელსაც ჰქვია ამ ფარისევლურ, ყალბ პარლამენტში მონაწილეობა, აღარ გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ჟურნალისტებთან ერთად, რომლებსაც კლავენ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და არცერთ მათგანს არ უნდა, რომ პასუხი მოსთხოვოს ამასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს.
ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესი. ასე ვერ გაგრძელდება. ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ პარლამენტში მხოლოდ და მხოლოდ იმ პროცესში, რომელიც გულისხმობს საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს, ირაკლი ღარიბაშვილის, გომელაურის და საქართველოს მთავრობის ყველა წევრის გადაყენების საკითხს და აქვე, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთადერთ შემთხვევაში მივიღებთ მონაწილეობას, ეს იქნება საქართველოს კონსტიტუციისთვის კენჭისყრა, რაც გულისხმობს იმას, რომ რისთვისაც ვებრძოდით ამ ხნის განმავლობაში – პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის", – თქვა ხატია დეკანოიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიამენეჯერებისა და ჟურნალისტების ნაწილი მთავრობისა და პრემიერის გადადგომას ითხოვს. მათი ნაწილი დღეს პარლამენტში არ შეუშვეს.
ეს მოთხოვნა მას შემდეგ გაჩნდა, რაც "TV პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, გუშინ, 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს.
მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია გუშინ პარლამენტის შენობასთან გაიმართა. ამისთვის ვადა მთავრობას აქციაზე მყოფმა მოქალაქეებმა დღეს 12:00 საათამდე მისცეს. დრო ამოიწურა, მედიის წარმომადგენლებმა 18 საათიდან პარლამენტის წინ ამავე მოთხოვნით საპროტესტო აქცია დააანონსეს.