Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე სამადაშვილი: მთავრობის გადასაყენებლად პარლამენტში პროცედურებს დავიწყებთ


ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოს" წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია მთავრობის გადასაყენებლად პროცედურებს დაიწყებს. ამის შესახებ მან პარლამენტის სხდომათა დარბაზის პროტესტის ნიშნად დატოვების შემდეგ განაცხადა.

სამადაშვილმა თქვა, რომ საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის გარდა სხვა გამოსავალი არ არსებობს.

"ჩვენ ცხადია, სხდომა დავტოვეთ, ახლა ჩვენ გავმართავთ კონსულტაციას სხვა ოპოზიციურ ფრაქციებთან, როგორ გამოვიყენოთ საპარლამენტო პროცედურები, რომ დავაინიციროთ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა", - თქვა სამადაშვილმა. პარლამენტის ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

ისინი სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად შევიდნენ, თუმცა ამის უფლება პარლამენტის თავმჯდომარემ არ მისცა. პროცედურებისთვის გამოყოფილი დრო პოლიტიკური განცხადებისთვის მხოლოდ "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გამოიყენა.

მედიამენეჯერებისა და ჟურნალისტების ნაწილი მთავრობისა და პრემიერის გადადგომას ითხოვს. მათი ნაწილი დღეს პარლამენტში არ შეუშვეს.

ეს მოთხოვნა მას შემდეგ დააყენეს, რაც "TV პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, გუშინ, 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს.

მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია გუშინ პარლამენტის შენობასთან გაიმართა. ამისთვის ვადა მთავრობას აქციაზე მყოფმა მოქალაქეებმა დღეს 12:00 საათამდე მისცეს. დრო ამოიწურა, მედიის წარმომადგენლებმა 18 საათიდან პარლამენტის წინ ამავე მოთხოვნით საპროტესტო აქცია დააანონსეს.

XS
SM
MD
LG