Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის ოპოზიციის უმრავლესობამ სხდომათა დარბაზი დატოვა


პარლამენტის ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ისინი სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად შევიდნენ, თუმცა ამის უფლება პარლამენტის თავმჯდომარემ არ მისცა. პროცედურებისთვის გამოყოფილი დრო პოლიტიკური განცხადებისთვის მხოლოდ "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გამოიყენა.

"მთელი დღის განმავლობაში დღეს პარლამენტში დახიეს და დაფხრიწეს საქართველოს კონსტიტუცია და რეგლამენტი, როდესაც სრულიად უკანონოდ დეპუტატს შემიზღუდეს პარლამენტში შემოსვლა... ახლა თამაშობენ, თითქოს, უნდა მიჰყვნენ დღის წესრიგს - ვერ მიჰყვებიან. ეს დღის წესრიგი არის სხვაგან დაწერილი და, სამწუხაროდ, ამას ასრულებენ "ქართული ოცნების" დეპუტატები", - განაცხადა "ლელოს" ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა სხდომის დატოვების შემდეგ.

ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოს" კიდევ ერთმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის გარდა სხვა გამოსავალი არ არსებობს.

"ჩვენ ცხადია, სხდომა დავტოვეთ, ახლა ჩვენ გავმართავთ კონსულტაციას სხვა ოპოზიციურ ფრაქციებთან, როგორ გამოვიყენოთ საპარლამენტო პროცედურები, რომ დავაინიციროთ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა", - თქვა სამადაშვილმა.

სხდომის დატოვების შემდეგ სასესიო დარბაზში მხოლოდ ორი პარტიის წარმომადგენელი სამი დეპუტატი დარჩა - "მოქალაქეებიდან" ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი და "ევროპელი სოციალისტებიდან" ფრიდონ ინჯია.

მედიამენეჯერებისა და ჟურნალისტების ნაწილი მთავრობისა და პრემიერის გადადგომას ითხოვს. მათი ნაწილი დღეს პარლამენტში არ შეუშვეს.

ეს მოთხოვნა მას შემდეგ დააყენეს, რაც "TV პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, გუშინ, 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს.

მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია გუშინ პარლამენტის შენობასთან გაიმართა. ამისთვის ვადა მთავრობას აქციაზე მყოფმა მოქალაქეებმა დღეს 12:00 საათამდე მისცეს. დრო ამოიწურა, მედიის წარმომადგენლებმა 18 საათიდან პარლამენტის წინ ამავე მოთხოვნით საპროტესტო აქცია დააანონსეს.

XS
SM
MD
LG