წლიდან წლამდე გამოწვევად რჩება პოლიტიზებული მართლმსაჯულება, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობა, სათანადო საცხოვრებლის უფლება, შრომითი უსაფრთხოება, აქტივისტების დევნა, სიღარიბე და ოკუპაცია, ლგბტ+, შშმ და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები პირების განსაკუთრებულად დაუცველი მდგომარეობა.
2020 წლის ანგარიში წინა წლებისგან განსხვავებულია იმ მხრივ, რომ პანდემიურ წელს ასახავს. კორონავირუსის გავრცელების პარალელურად გაჩნდა ეპიდემიის მართვის სახელით შემოღებული შეზღუდვები და რეგულაციები ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს შეზღუდავდა, ჯანდაცვის სერვისებზე წვდომას გაართულებდა და უთანასწორობას გააღრმავებდა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პანდემიის გამოწვევებს ქვეყანამ სათანადოდ ვერ უპასუხა.
„ქვეყანაში არსებულმა ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ უარყოფითი გავლენა იქონია თანასწორობის უფლების ეფექტიან რეალიზებაზე. პანდემიით გამოწვეული ობიექტური დაბრკოლებების მიღმა, ვხვდებოდით მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებს, რომლებიც სხვადასხვა ჯგუფებს უთანასწოროდ მიემართებოდა. თანასწორუფლებიანობის მხრივ ყველაზე მეტი დაბრკოლება ამ საანგარიშო პერიოდშიც ქალებს, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს, ლგბტ+ თემის წევრებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ექმნებოდათ.
მიუხედავად იმისა, რომ რიგი შეზღუდვები 2021 წლის მარტში უკვე მოიხსნა, საქართველოს მთავრობას არ წარმოუდგენია კონკრეტულ მეცნიერულ მეთოდზე დაფუძნებული დასაბუთება, თუ რატომ დარჩა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის დატოვების გარდაუვალი საჭიროება. მნიშვნელოვანია, უწყებათაშორისმა საბჭომ დაასაბუთოს და საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს იმის შესახებ, თუ რა გავლენა აქვს გადაადგილების შეზღუდვას კორონავირუსის გავრცელების შეკავებაზე. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საანგარიშო პერიოდში საკარანტინო სივრცეში/იზოლაციაში მოთავსებული პირებისათვის სათანადოდ არ იყო უზრუნველყოფილი ისეთი გარანტიები, როგორიცაა, საკარანტინო ღონისძიების დროში ეფექტიანად გასაჩივრების შესაძლებლობა.
2020 წელს, საქართველოში, პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა ჯანდაცვის სექტორში არსებული მდგომარეობა და ჯანმრთელობის უფლების რეალიზაციის კუთხითაც, კიდევ უფრო მეტი დაბრკოლება შექმნა. გარდა ახალი კორონავირუსით გამოწვეული არაერთი სირთულისა, რაც დაკავშირებული იყო პაციენტთა გაზრდილი ნაკადების ეფექტიან მართვასთან, ხარისხიანი და დროული სამედიცინო მომსახურების გაწევასთან, მოსახლეობისათვის სრულყოფილი და დეტალური ინფორმაციის მიწოდებასა და პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანად გატარებასთან, საანგარიშო წელს ჯანდაცვის სექტორი სხვა ბევრი გამოწვევის წინაშე იდგა. კერძოდ, გადაუჭრელი დარჩა პაციენტთა უფლებების დაცვის მექანიზმების არაეფექტიანობის პრობლემა, პანდემიის ფონზე კიდევ უფრო მწვავედ გამოვლინდა მაღალკვალიფიციური დამხმარე სამედიცინო პერსონალის სიმცირე”, - ვკითხულობთ ანგარიშში.
2020 წელი საგულისხმო იყო იმ მხრივაც, რომ თავად სახალხო დამცველი არაერთხელ გახდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმის ობიექტი. წლის დასაწყისში, 21 იანვარს, იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა, თეა წულიკიანმა გაასაჯაროვა ერთ-ერთ საპატიმრო დაწესებულებაში გადაღებული ვიდეოჩანაწერი, სადაც სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის პატიმართან ვიზიტია ასახული და აქცენტი გააკეთა მის ჩაცმულობასა [დახეული ჯინსი და „კაპიუშონი”] და ქცევაზე [პატიმარს ყავას უდუღებს და მის სიგარეტს ეწევა, სარგებლობს პატიმრის საპირფარეშოთი]. ეს შემთხვევა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა და დაადგინა, რომ იუსტიციის სამინისტრომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი დაარღვია. კანონდარღვევის გამო დააჯარიმა იუსტიციის სამინისტროც და პენიტენციური სამსახურიც.
თეა წულუკიანი არ ყოფილა ერთადერთი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც სახალხო დამცველს დაესხა თავს - მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ომბუდსმენის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო არასამთავრობო ორგანიზაციებმა საგანგებო განცხადებაც კი გაავრცელეს 2020 წლის სექტემბერში.
ასევე ნახეთ ომბუდსმენი ციხეში მის წარმომადგენლებზე სისტემატურ თავდასხმაზე საუბრობსროგორ აფასებს სახალხო დამცველი 2020 წლის 10 გახმაურებულ საქმეს
გიორგი შაქარაშვილის საქმე
სახალხო დამცველი არასრულყოფილად მიიჩნევს გამოძიების საწყის ეტაპზე, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს და მიუთითებს, რომ მოწმეთა გამოკითხვები არ შეიცავდა დეტალურ კითხვებს და არ იყო ამომწურავი, გამოკითხვების შედეგად მიღებული ინფორმაცია კი არ იყო სათანადოდ დადასტურებული ან გადამოწმებული (მაგ., ამოცნობის ან ექსპერიმენტის მეშვეობით). ომბუდსმენი საუბრობს იმაზეც, რომ საქმეში გამოკვეთილი იყო პოლიციელთა მხრიდან საქმის მონაწილე პირების შესაძლო უფლების დარღვევის ფაქტები, რამაც შსს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების საჭიროება წარმოშვა.
ასევე ნახეთ შაქარაშვილის საქმის ძალადობის ეპიზოდზე 5 პირს პატიმრობა მიესაჯათემურ აბაზოვის საქმე
„2020 წელს განსაკუთრებულად შემაშფოთებელი იყო თემურ აბაზოვის საქმე, რომელსაც პირის არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებასა და ამ ქმედების ამსახველი კადრების საჯარო გავრცელების ორგანიზებაში ედებოდა ბრალი. პროკურატურამ სასამართლო პროცესის დასკვნით ეტაპზე წარდგენილი 2 მძიმე ბრალიდან ერთ-ერთი ბრალი (კადრების გავრცელების ორგანიზება) დაუსაბუთებელად მოხსნა, რითიც სასამართლოს წაართვა ერთ-ერთ დანაშაულზე მსჯელობის შესაძლებლობა და, ფაქტობრივად, ხელი შეუწყო გამამართლებელი განაჩენის გამოტანას”, - ვკითხულობთ ანგარიშში. ომბუდსმენის შეფასებით, დასკვნითი სიტყვის ეტაპზე საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება უკვე გამოკვლეული იყო და მტკიცებულებათა ერთობლიობა მიუთითებდა, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს მოპოვებისა და გავრცელების ეპიზოდი.
„ისინი პირად მიმოწერაში უგზავნიდნენ ერთმანეთს ამ კადრებს, აზუსტებდნენ, თუ რა ვიდეომასალა იყო, ორგანიზებას უწევდნენ მასალის სოციალური ქსელით გავრცელებას და ა.შ.“, - წერს სახალხო დამცველი და არ იზიარებს პროკურატურის დასაბუთებას კადრების გავრცელების ნაწილში ბრალდების მოხსნის თაობაზე.
ასევე ნახეთ თემურ აბაზოვი: სამართალმა იზეიმა - დამტკიცდა, რომ უდანაშაულო ვარგიორგი უგულავას თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა
გიგი უგულავას თბილისის აეროპორტში საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარი 2021 წლის 23 იანვარს უთხრეს და, როგორც სახალხო დამცველი მიიჩნევს, ამით მისი გადაადგილების უფლება დაარღვიეს.
„საკითხის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიღებული არ ჰქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 მარტის საოქმო განჩინება გიორგი უგულავას მიმართ პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულების გაუქმების შესახებ. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს წერილიდან იკვეთება, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რაიმე დოკუმენტი აღნიშნული განჩინების შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდების შესახებ.
სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 23 იანვარს ამ განჩინების შესახებ სამინისტროს აცნობა საქართველოს პროკურატურამ. რაკი თბილისის საქალაქო სასამართლომ საკუთარი კანონისმიერი ვალდებულება არ შეასრულა და განჩინება დროულად, დაახლოებით 9 თვის განმავლობაში არ გადაუგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს, გიორგი უგულავას მიმართ დაირღვა გადაადგილების უფლება”, - წერს ომბუდსმენი.
ე.წ. კარტოგრაფების საქმე
სახალხო დამცველმა კარტოგრაფების საქმეზე სასამართლოს მეგობრის ფორმატითაც ისარგებლა და მისი პრეცედენტული დასკვნა იმის შესახებ, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება მართლმსაჯულების ინტერესს არ ემსახურება, სისხლის სამართლის მასალებს აქვს დართული. ომბუდსმენი ამ საქმეში კანონიერების პრინციპის ხელყოფის რისკებს ხედავს და აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება ბრალდებულების სურვილი, გადაეცათ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო სახელმწიფოსთვის და არც ის ჩანს, რომ ისინი ამ განზრახვით მოქმედებდნენ. ომბუდსმენი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს შესწავლილი 1:200 000 მასშტაბის რუკის ვარგისიანობის საკითხი, რომლის გამოუყენებლობასაც ედავება ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილს.
„ამ საქმეზე სისხლისსამართლებრივი პროცედურის დაწყება საპარლამენტო წინაასარჩევნო პერიოდს დაემთხვა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულები არ ყოფილან პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები, მათი საქმე პოლიტიკური განხილვისა და ურთიერთბრალდებების მთავარ საბაბად იქცა. სახალხო დამცველის მიერ საქმის მასალების და მიმდინარე მოვლენების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ დევნას, შესაძლოა, ჰქონდეს პოლიტიკური ან სხვა არასამართლებრივი მოტივი, რამაც საქმეში არსებული ხარვეზების ფონზე, კანონიერი მოტივი გადაწონა. ამ შეფასების გაკეთებისას საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლით დადგენილ სტანდარტებს დაეყრდნო”, - წერია ანგარიშში. იგივე მოსაზრება წერია ამ საქმეზე სასამართლოს მეგობრის ფორმატში მომზადებულ დასკვნაშიც.
კარტოგრაფების საქმეზე საყურადღებოა ისიც, რომ ომბუდსმენმა დაადგინა ივერი მელაშვილის ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლების დარღვევა იმ დროს, როცა ის საპატიმრო დაწესებულებაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა და თავის უფლებადამცველთან პანდემიის გამო პირისპირ საუბრის საშუალება არ ეძლეოდა, მის ჩანაწერებს კი ადვოკატებს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები მას შემდეგ გადასცემდნენ, რაც შინაარსობრივად გაეცნობოდნენ.
ასევე ნახეთ "კარტოგრაფების საქმეზე" დასკვნის შემდეგ პროკურატურა ამბობს, რომ სახალხო დამცველი მიკერძოებულიაგიორგი რურუას საქმე
2020 წლის 3 იანვარს №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება გიორგი რურუას მონაწილეობით, რომელსაც არ დაასწრეს ბრალდებულის ადვოკატი. ამ ფაქტის შესწავლის მიზნით, 2020 წლის 13 აპრილს, სახალხო დამცველმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბრალდებულ გიორგი რურუას უფლების შესაძლო დარღვევის ფაქტზე, გამომძიებელთა მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ წინადადებით მიმართა.
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, პირს უფლება აქვს მოითხოვოს ადვოკატის დასწრება მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს. ადვოკატის გარეშე საგამოძიებო მოქმედების ჩატარებით გიორგი რურუას დაერღვა კონსტიტუციით მინიჭებული დაცვის უფლების გარანტია.
იმის მიუხედავად, რომ სახალხო დამცველმა ყველა შესაბამის უწყებას მიმართა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაინც არ შეისწავლა ის საკითხი, თუ რამდენად კანონიერად არ დაასწრეს ადვოკატი საგამოძიებო მოქმედებებს, შედეგად, გიორგი რურუას დარღვეული უფლების აღდგენა ვერ მოხერხდა.
ასევე ნახეთ გაიხსენეთ, რა უძღვოდა წინ გიორგი რურუას დაკავებას და რა მოხდა შემდეგლაშა თორდიას საქმე
ყოფილ გენერალურ აუდიტორსა და ყოფილ გენერალურ პროკურორს შორის დავა, რომელიც 2017 წლიდან მიმდინარეობდა, 2020 წელს ოთარ ფარცხალაძის გამართლებით დასრულდა. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ფარცხალაძის მიმართ გამოძიება არასწორი მუხლით მიდიოდა, რაც საბოლოოდ მისი გამართლების საფუძველი გახდა.
სახალხო დამცველი აქცენტს აკეთებს გაჭიანურებულ მართლმსაჯულებაზეც და წერს, რომ ვიდეოჩანაწერებზე დანიშნული (ფონო) ვიდეოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემა 1 წლითა და 5 თვის ვადით გაჭიანურდა.
„სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა 2017 წლის 8 ივნისს დაინიშნა, ხოლო დასკვნა 2018 წლის 5 ნოემბერს გაიცა. ამ პერიოდში, გამოძიება, შეიძლება ითქვას, შეჩერებული იყო ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინში და, ფაქტობრივად, არცერთი საგამოძიებო ღონისძიება არ ჩატარებულა. ამასთან, 1 წლითა და 5 თვის ვადით გაჭიანურდა თავად ლაშა თორდიას დაზარალებულად ცნობა. მიუხედავად იმისა, რომ მის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოძიებას მიღებული ჰქონდა 2017 წლის 5 ივნისს, დაზარალებულის სტატუსი მას მხოლოდ 2018 წლის 5 ნოემბერს მიენიჭა”, - ვკითხულობთ ანგარიშში.
ასევე ნახეთ შეიძლება თუ არა საქართველოში სასამართლო მოუგო ყოფილ მთავარ პროკურორს - ინტერვიუ ლაშა თორდიასთანჟურნალისტის და პოლიტიკოსის სავარაუდო მიყურადების საქმე
2020 წლის 29 ოქტომბერს, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ „TV პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიასა და პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის წარმომადგენელ ბესო ქათამაძეს შორის შემდგარი საუბრის შინაარსი გაასაჯაროვა. ნატო გოგელიამ და ბესო ქათამაძემ განმარტეს, რომ მათ სატელეფონო საუბარს მოწმე არ ჰყოლია. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ტელეკომპანია „TV პირველის“ ჟურნალისტისა და ოპოზიციის წარმომადგენლის საუბრის უკანონო მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატმა ვერ მოიძია ინფორმაცია გამოძიების დაწყების ან მიმდინარეობის შესახებ, რაც სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ გამოძიება მოცემულ ფაქტზე არ დაწყებულა.
მედიის შევიწროების კონტექსტში სახალხო დამცველი ეხება აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს, თავდასხმებს ჟურნალისტებსა და თავისუფალ მედიაზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და საჯარო ინფორმაციის შეზღუდვას საგანგებო მდგომარეობისას.
ასევე ნახეთ კელი დეგნანი: ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტების უსაფრთხოება იყოს გარანტირებულისალომე სამადაშვილის მიყურადების საქმე
2020 წლის 6 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამოქვეყნდა უკრაინულ ვებგვერდზე განთავსებული ჩანაწერები, სადაც სავარაუდოდ ფიგურირებენ ქართველი პოლიტიკოსები, მათ შორის იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, სალომე სამადაშვილი. საქართველოს სახალხო დამცველმა საჯაროდ დაგმო პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების მოპოვებისა და გამოქვეყნების ფაქტი, რომელიც წლების განმავლობაში სამწუხარო პრაქტიკის გაგრძელებას წარმოადგენს.
„განსაკუთრებით პრობლემურია, როდესაც მსგავს შემთხვევას ადგილი აქვს პარლამენტის წევრის მიმართ, რომელიც თავისი კონსტიტუციური მანდატის შესასრულებლად დაცულობის უფრო მაღალი გარანტიებით სარგებლობს. საგულისხმოა, რომ ბოლო წლებში უკანონო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემთხვევებს, ძირითადად, ქალი პარლამენტის წევრების თუ ქალი პოლიტიკოსების მიმართ ჰქონდა ადგილი, რაც ამძიმებს ქვეყანაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის თვალსაზრისით არსებულ უთანასწორო მდგომარეობას”, - წერს ომბუდსმენი ანგარიშში.
ასევე ნახეთ "ქართული ოცნება" ფარულ ჩანაწერებს დანაშაულის მტკიცებულებად მიიჩნევსშეკრების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენება ცესკოს შენობასთან
2020 წლის 8 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამართული შეკრების შეწყვეტის მიზნით, სამართალდამცავებმა ორჯერ (21:42 და 01:02 საათზე) გამოიყენეს წყლის ჭავლი.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ძალადობრივ ქმედებებში ჩართული მონაწილეებისა და ადგილზე მყოფი სამართალდამცავების რაოდენობა, მათი აღჭურვილობა (ხელბორკილები, ჯავშანჟილეტი, ჩაფხუტი, ფარი და სხეულის დაცვის სხვა სპეციალური საშუალებები (ე.წ. რობოკოპი)), აგრეთვე, გამოვლენილი კანონდარღვევების მასშტაბი, იძლეოდა შესაძლებლობას, ძალადობრივი ქმედებების მოსაგერიებლად და აღსაკვეთად, სამართალდამცავებს შედარებით უფრო მსუბუქი ღონისძიებებისთვის მიემართათ, რაც, წყლის ჭავლის გამოყენებისგან განსხვავებით, პროპორციულობის მკაცრ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა.
„ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გამართული შეკრების მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენების შედეგად, დაშავდა მედიის არაერთი წარმომადგენელი და მათ საკუთრებაში არსებული ტექნიკა, რაც ეწინააღმდეგება ჟურნალისტების დაცულობის სტანდარტს. ჟურნალისტების განცხადებით, სამართალდამცავები წყლის ჭავლს დამიზნებით ესროდნენ, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც მოვლენების გაშუქების მიზნით, მიკროავტობუსზე იმყოფებოდნენ. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, წყლის ჭავლი არ უნდა გამოიყენებოდეს ამაღლებულ ადგილებზე/პოზიციებზე მყოფი პირების მიმართ, როდესაც არსებობს მნიშვნელოვანი მეორადი დაზიანების მიღების რისკი”, - ვკითხულობთ ანგარიშში.
სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა აქტივისტების მიმართ ადმინისტრაციული წესით დევნა და სამშენებლო ღობეებზე სტიკერების გაკვრის შეზღუდვის ფაქტებიც.
ასევე ნახეთ აქციები, კომენდანტის საათი და წყლის ჭავლი ხალხის წინააღმდეგ - ექიმები საუბრობენ პოლიტიკაზეთბილისში, აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი
2020 წლის 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში მერიამ საცხოვრებლად განკუთვნილი 12 უნებართვო შენობა-ნაგებობა დაანგრია. სახალხო დამცველი აფასებს, თბილისის მერიის მხრიდან სახელმწიფო საკუთრების დაცვის პარალელურად, რამდენად იყო დაცული თავშესაფრით უზრუნველყოფის უფლება.
„2020 წლის 16 დეკემბერს, თბილისის მერმა განაცხადა, რომ არცერთ დანგრეულ შენობაში არ უცხოვრიათ ოჯახებს და მათი ნაწილი არ ყოფილა უსახლკარო, ვინაიდან საკუთრებაში ჰქონდა რეგისტრირებული უძრავ-მოძრავი ქონება. ამავე განცხადების თანახმად, დემონტაჟს დაქვემდებარებული შენობის მფლობელებს შორის იყვნენ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებიც. საყურადღებოა, რომ მოთხოვნის მიუხედავად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას საქართველოს სახალხო დამცველისთვის არ მოუწოდებია ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა ამ მოქალაქეთა ნაწილის მიერ უძრავ-მოძრავი ქონების საკუთრების ფაქტს, ასევე იმას, რომ დემონტაჟს დაქვემდებარებულ შენობებში მოქალაქეებს არ უცხოვრიათ.
გარდა ამისა, სრულიად ბუნდოვანი დარჩა სოციალურად დაუცველი ოჯახების თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით გატარებული ღონისძიებების საკითხი, ვინაიდან ამ თემაზე ინფორმაცია დასახელებულ განცხადებაში საერთოდ არ იკვეთება. საქართველოს სახალხო დამცველს, ახსნა-განმარტება მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან, არც ამ საკითხზე მიუღია. ინფორმაციის მოწოდებაზე უარის თქმის ფაქტმა, ერთი მხრივ, ეჭვქვეშ დააყენა თბილისის მერიის ზემოთ ხსენებულ განცხადებაში მოხმობილი ინფორმაციის დასაბუთებულობა და, მეორე მხრივ, წარმოშვა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ თბილისის მერიამ უნებართვო შენობა-ნაგებობების დემონტაჟის საკითხი მხოლოდ სახელმწიფო საკუთრების კონტექსტში შეისწავლა და ამ პროცესში სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციის საჭიროება არ განუხილავთ. ამავე ვარაუდს, დამატებით ამყარებს სამგორის რაიონული გამგეობიდან მოპოვებული ინფორმაციაც, საიდანაც ირკვევა, რომ გამგეობა არ ყოფილა ჩართული ამ პროცესებში და მათ შენობების მეპატრონეთა უსახლკარობის ფაქტის შესწავლისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის მიმართულებით, რაიმე სახის პროაქტიული ღონისძიებები არ გაუტარებიათ”, - ვკითხულობთ ანგარიშში.
ასევე ნახეთ აფრიკა არც ისე შორსააგელათის რეაბილიტაცია
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თემა სახალხო დამცველის ანგარიშების ერთ-ერთი კომპონენტია. წელს განსაკუთრებული აქცენტი გელათზე კეთდება.
სახალხო დამცველი წერს, რომ გელათის შემთხვევაში არ მოიპოვება საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება 2018-2019 წლებში განხორციელებულ ძეგლის სახურავის რეაბილიტაციის პროექტზე. საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, არ ყოფილა სათანადოდ დასაბუთებული გადახურვისას კონკრეტული მეთოდოლოგიის გამოყენების უპირატესობები და საჭიროებები. ნებართვის გაცემის ეტაპზე არ შემოწმებულა გამოსაყენებელი მასალის, კრამიტის ხარისხი.
„იმ პირობებში, როდესაც საქმე ეხება მე-12 საუკუნის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და არსებობს წინა პერიოდში განხორციელებული რეაბილიტაციის თაობაზე პროექტის ფარგლებში გამოსაყენებელი მასალის ტექნიკური შეფასების წარდგენის პრაქტიკაც, მიგვაჩნია, რომ სააგენტოს მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინა ნებართვის გაცემის ეტაპზე და არსებული პრაქტიკის გათვალისწინებითა და რისკების შემცირების მიზნით, ნებართვის მაძიებლისათვის გამოსაყენებელ მასალასთან დაკავშირებული დასკვნის წარდგენაც დაევალებინა.
დღესდღეობით, წყლის ინფილტრაციის ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად გადახურვისას გამოყენებული მეთოდოლოგია (კრამიტის დაწყობის ტექნოლოგია) და დაზიანებულ კრამიტი სახელდება. ნებართვის გაცემის ეტაპზე არსებულ პრობლემებთან ერთად, გამოვლინდა გაწეული სამუშაოების ზედამხედველობასთან დაკავშირებული პრობლემებიც. კერძოდ, სახეზეა სააგენტოს მიერ სამუშაოების არასათანადო და არაეფექტიანი ზედამხედველობა, ასევე, შესრულების პროცესში არასაკმარისი ჩართულობა. სააგენტოს, მოთხოვნის მიუხედავად, სახალხო დამცველისათვის არ მოუწოდებია ის დოკუმენტაცია, რომლებიც 2014-2019 წლებში გაწეულ სამუშაოებზე მათ მიერ მონიტორინგის ადგილზე ჩატარებას დაადასტურებდა. აღნიშნული კი კიდევ ერთხელ ადასტურებს სამუშაოების ეტაპობრივად ჩაბარების საექსპერტო შეფასების საჭიროებას.
დაგვიანდა რეაგირება დროებითი ღონისძიებების როგორც დაგეგმვის, ისე შესრულების კუთხით. მაშინ როდესაც სააგენტო გელათში დაზიანებების თაობაზე ინფორმაციას 2020 წლის თებერვალ-მარტში ფლობდა, ნალექებისგან დაცვის მიზნით, დროებითი გადახურვა დეკემბერში დასრულდა. კიდევ უფრო საგანგაშოა ის, რომ თითქმის ათი თვის შემდეგ მოწყობილი დროებითი გადახურვაც მალევე დაზიანდა. მნიშვნელოვანია ზუსტად დადგინდეს ის მიზეზები, რის გამოც ზიანი ადგება ტაძარს და მომავალში გატარდეს ყველა საჭირო ღონისძიება მათ თავიდან ასარიდებლად და დამდგარი შედეგების გამოსასწორებლად”, - წერს ომბუდსმენი.
ასევე ნახეთ გაუძლებს გელათი ქარს და წვიმას?სახალხო დამცველის ანგარიშში, 2020 წელსაც, წინა წლების მსგავსად, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საპატიმრო დაწესებულებებში, ფსიქიატრიულ კლინიკებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სკოლა-პანსიონებში არსებული პრობლემები - არცერთი მიმართულებით ქვეყანას მნიშვნელოვანი ნაბიჯები ბოლო წლებში არ გადაუდგამს და პანდემიამ ამგვარ დაწესებულებებში მყოფი პირების მდგომარეობა მხოლოდ გაართულა.
ასევე ნახეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებათა შესახებ საქართველოსა და მსოფლიოში - 2020 წლის ანგარიში