Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაქარაშვილის საქმის ძალადობის ეპიზოდზე 5 პირს პატიმრობა მიესაჯა


20 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული პირებიდან 5-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა.

ხუთი პირიდან ოთხს 5-5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ერთს - ვასილ მახარაძეს კი, 9.

ამ ეპიზოდზე სულ 11 პირი იყო ბრალდებული, მათგან სამს ამნისტიის კანონი შეეხო, სამის საქმე კი ცალკე იმ მოტივით გამოიყო, რომ მათ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ფარგლებში მოინდომეს სხდომების ჩატარება.

შეგახსენებთ, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციისა და კადრების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო, ერთი ახალგაზრდა „კამრის“ მგზავრებმა თბილისში წამოიყვანეს, გიორგის კვალი კი ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, დილით შეატყობინა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 3 სრულწლოვანს 16-16, ხოლო 2 არასრულწლოვანს 10,5-10,5 წლით პატიმრობა შეუფარდა.

XS
SM
MD
LG