„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ კმაყოფილია სენატიდან მიღებული გზავნილებით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის არსებობას უარყოფს და მხოლოდ ოპოზიციისგან მოელის კომპრომისს, რომლისკენაც სენატორები ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებენ. ოპოზიციონერი ლიდერების აზრით, „ქართულმა ოცნებამ “ სენატორთა გზავნილები არა ქვეყნისთვის სასარგებლოდ, არამედ სუბიექტურ პრიზმაში, მხოლოდ სათავისოდ თარგმნა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ აშშ ყურადღებით დააკვირდება მოვლენების განვითარებას და გადაწყვეტილებები ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე დიალოგის შედეგებზე იქნება დამოკიდებული .
სენატში ოპოზიციას „ყურები დაახიეს“, „გაულაწუნეს“; ვადამდელი არჩევნების საკითხს კიდევ ერთხელ გადაესვა ხაზი; ოპოზიციას მოუწევს კომპრომისზე წასვლა - ასე გაიგეს „ქართულ ოცნებაში“ სენატში გაკეთებული განცხადებები. საგანგებო მოსმენა სათაურით დემოკრატიის განმტკიცება საქართველოში“ კაპიტოლიუმში 23 მარტს, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში გაიმართა.
„აშშ ეყრდნობა OSCE/ODIHR-ის დასკვნას და საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აღიარებს, როგორც თავისუფალს, დემოკრატიულს და კონკურენტულს. ყველა თანხმდება, რომ ოპოზიცია პარლამენტში აუცილებლად უნდა შევიდეს... საქართველო არის მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის და ლიდერი რეგიონში. სენატში გამოხატული შეფასებების გათვალისწინებით, ოპოზიციას მოუწევს შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმა შეთანხმებისთვის და მცდელობა, რომ მხოლოდ მონაწილეობა იქნას წარმოჩენილი მათი მხრიდან კომპრომისად, არ და ვერ იქნება აღქმული ასეთად“ - განაცხადა 24 მარტს, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ.
მან „პატარა გამოწვევები და ხარვეზები“ უწოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესში გამოვლენილ დარღვევებს და მმართველი პარტიის სახელით გამოხატა მზადყოფნა, რომ გაითვალისწინებენ ამერიკელი პარტნიორების შემდგომ რეკომენდაციებს რეფორმებთან დაკავშირებით.
ასევე ნახეთ ირაკლი ზარქუას შეფასებით, სენატორებმა ოპოზიციას "გაულაწუნეს და ყურებიც დაახიეს"აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში გამართულ მოსმენას ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი უძღვებოდა. დისკუსიაში მონაწილეობდა სახელმწიფო დეპარტამენტის ორი წარმომადგენელი.
მონაწილეებმა არაერთხელ ახსენეს სიტყვა „კრიზისი“ და ხაზი გაუსვეს რეალურ საფრთხეს, რომ მოვლენები საქართველოში რუსეთისთვის ხელსაყრელი სცენარით ვითარდება.
მკაფიოდ აღინიშნა ისიც, რომ გამოსავლის ძიება და პოლიტიკური დიალოგის პროცესის წარმატებით დასრულება უპირველეს ყოვლისა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
ასევე ნახეთ ჯინ შაჰინი: ყოველი დღე, როცა ოპოზიციის წევრები ციხეში არიან, როცა საქართველოს პარლამენტის ადგილები ცარიელია, რუსეთის გამარჯვებაააშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იზიარებენ OSCE/ODIHR-ის შეფასებას, რომ საქართველოში არჩევნები კონკურენტულ გარემოში, ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნავენ არჩევნების ხარვეზებსა და ნდობის პრობლემას.
სენატორმა შაჰინმა გარკვევით თქვა, რომ საქართველოში არჩევნები „ლეგიტიმურობის ზღვარზე“ ჩატარდა და ეს განსხვავდება წარმატებული, დემოკრატიული არჩევნებისგან.
ასევე ნახეთ თეა წულუკიანის მოსაზრებით, ამერიკულ პოლიტიკურ სპექტრს მიაჩნია, რომ ნიკა მელია კანონდარღვევისთვის ზის ციხეში2020 წლის არჩევნების საკითხი კომპლექსურად, საარჩევნო და სასამართლო სისტემებთან დაკავშირებული სერიოზული გამოწვევების ჭრილში განიხილა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, კარა მაკდონალდმა.
სენატორების მიერ დასმული შეკითხვების საპასუხოდ, ის განმარტავდა, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგებისადმი ნდობის პრობლემა სასამართლოს არაობიექტურობამაც განაპირობა. მაკდოლდმა "კლანიც" ახსენა:
- „ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება - ეს არის ყველაზე რთულად დასაფიქსირებელი და დასათვლელი პრობლემა საარჩევნო პროცესში, რადგან ეს არასაჯარო პროცესია. ODIHR-მა ამ გამოწვევასთან მიმართებით სერიოზულ დარღვევებზე მიუთითა “;
- „არჩევნების პროცესი ჩართულმა სანდო ადგილობრივმა მეთვალყურეები აღნიშნეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ და სასამართლომ უარი თქვეს მათი საჩივრების უდიდესი ნაწილის განხილვაზე“;
- „სასამართლო ვერ ასრულებს საარჩევნო სტრუქტურების ეფექტიანი მაკონტროლებლის როლს“;
- „სასამართლო სისტემა ფართოდ აღიარებულია, როგორც არადამოუკიდებელი და მიკერძოებელი... მართლმსაჯულების სისტემაში ერთ-ერთი მთავარი შეშფოთება უკავშირდება მაგალითად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც მოსამართლეებზე ზემოქმედებისთვის იყენებს დისციპლინარულ მექანიზმებს, წამახალისებელ მექანიზმებს და ასე შემდეგ. ეს მოიხსენიება როგორც კლანი“.
- „გასული წლის ზაფხულში, პარლამენტმა არ დაამტკიცა OSCE/ODIHR-ის მიერ (2018 წლის არჩევნების შემდეგ შემუშავებული) კრიტიკულად აუცილებელი და განგრძობადი რეკომენდაციები საარჩევნო დავებთან დაკავშირებით“.
კარა მაკდონალდი ამბობს, რომ საქართველოში სასამართლო და საარჩევნო რეფორმებთან „წვეთ-წვეთად“ მიდგომა შეინიშნება და „ძალიან, ძალიან გახანგრძლივდა“ განსაკუთრებით სასამართლოს რეფორმირების პროცესი, რასაც ქვეყანა პერიოდულად მიჰყავს ხალხის პროტესტამდე.
ასევე ნახეთ კარა მაკდონალდი: „უარყოფითი მოვლენები და ტენდენციები საფიქრალს გვიჩენს“„სენატში ფაქტობრივად ითქვა ის, რომ საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუციები თავიდან არის ასაწყობი. თავიდან არის ასაწყობი სასამართლო თუ საარჩევნო ადმინისტრაცია. სენატორმა რიშმა თქვა, თუ საქართველოს დემოკრატიას ახლა არ ვუშველით, შესაძლოა, მან თავი ვეღარ გადაირჩინოსო...
ამაზე მეტი რაღა უნდა გვითხრან?! ნაცვალად იმისა, რომ ამ ყველაფრის რეალური გააზრება ხდებოდეს, „ქართული ოცნება“ ოპოზიციას ისევ ვიწრო პარტიულ ჭრილში ებრძვის“ - უთხრა რადიო თავისუფლებას „ლელოს" წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა.
მას ძალიან უკვირს და აშფოთებს, რომ ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ გაიაზრა ვაშინგტონიდან წამოსული გზავნილები.
ასევე ნახეთ “ქართული ოცნების” საკანონმდებლო ინიციატივას ვენეციის კომისია კრიტიკული დასკვნით პასუხობსსენატში გამართულ მოსმენაზე ისიც თქვეს, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა დაიწყონ ქვეყნის წინაშე არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებთან ბრძოლა. ხაზი გაესვა კომპრომისული შეთანხმების მიღწევის აუცილებლობას და გამოჩნდა, რომ ვაშინგტონში მხარს უჭერენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში დაბრუნებას, პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების მიზნით.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაალ უდუმაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, ნორმალურ პირობებში, დეპუტატის ფუნქცია სწორედ პარლამენტში შესვლა და იქ მუშაობაა; მაგრამ შექმნილ კრიზისულ სიტუაციაში ოპოზიციის პარლამენტში შესვლა სრულიად აზრსმოკლებულია, შესაბამისი შეთანხმების მიღწევის გარეშე.
„თუკი მივაღწიეთ შეთანხმებას იმ პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით, რაც დღეს არის ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, ბუნებრივია, ჩვენ შევალთ პარლამენტში.
ამისათვის აუცილებელია, რომ ხელისუფლებამაც გადმოდგას ადეკვატური ნაბიჯები და მივიდეთ შეთანხმებამდე, რომელსაც იგნორირებას უკეთებს ხელისუფლება...
სენატში უპრეცედენტოდ მწვავე განცხადებები მოვისმინეთ და თუკი ხელისუფლება შესაბამის დასკვნებს არ გამოიტანს, ამას შეიძლება მოჰყვეს სანქციები, რაზეც ილაპარაკეს კიდეც სენატში გამართულ მოსმენაზე“ - ამბობს უდუმაშვილი.
ასევე ნახეთ საქართველოს საკითხის განხილვისას სენატში ფინანსური და სამხედრო დახმარების პირობითობაზე დაისვა კითხვათუკი საქართველოში კრიზისის დაძლევის მიზნით მხარეები შეთანხმებას ვერ მოახერხებენ, აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები არც ფინანსურ სანქციას - საქართველოსთვის დახმარების გამოყოფისას პირობების დათქმას გამორიცხავენ.
- „ვფიქრობ, შესაძლებელია ამ საკითხის განხილვა, როგორც თანხის განაწილების მიზნების, აგრეთვე პირობების დაწესების კუთხით"- განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯორჯ კენტმა, რესპუბლიკელი სენატორის, ჯიმ რიშის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ;
- „მუდმივად უნდა შევაფასოთ, თუ რომელი მიდგომები და ინსტრუმენტები იქნება სასარგებლო“ - განაცხადა სანქციებთან დაკავშირებით დასმული კიდევ ერთი შეკითხვის საპასუხოდ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, კარა მაკდონალდმა.
სენატი აპირებს, რომ დაიწყოს მუშაობა რეზოლუციაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
ასევე ნახეთ სენატორმა შაჰინმა საქართველოს შესახებ გამართული მოსმენის შემდეგ ვიდეომიმართვა გაავრცელაროგორც „რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ყოფილი ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, სენატში გამართულმა დისკუსიამ მასზე მძიმე შთაბეჭდილება დატოვა.
„დავინახე, რომ მწიფდება აშშ-ის მზადყოფნა უფრო გაბედული ნაბიჯების გადასადგმელად. ძალიან არასასიამოვნო იყო ჩემთვის იმის მოსმენა, რომ დაიწყო მსჯელობა საქართველოს მიმართ სანქციების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით. ასეთი სიტყვები ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან 20 წელია არ მოგვისმენია. გვეგონა, რომ ყველაფერი სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა... ძალიან საწყენია, რომ საქართველოსთან მიმართებით სანქციების ხსენება უკვე აღარ არის გასაკვირი“ - გვეუბნება ჩეჩელაშვილი.
მისი შეფასებით, ვაშინგტონიდან ყურადღებით დააკვირდებიან მოვლენების განვითარებას საქართველოში და ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ დასრულდება კრისტიან დანიელსონის მეორე მცდელობა.