დღეს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში გამართულ მოსმენაზე "დემოკრატიის განმტკიცება საქართველოში", რომელსაც ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი უძღვებოდა, მომხსენებლის სახით მიწვეული იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, კარა მაკდონალდი.
თავის გამოსვლაში მაკდონალდმა აღნიშნა, რომ საქართველო „რეგიონის ლიდერია დემოკრატიის განვითარებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში“. მან მაღალი შეფასება მისცა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
ამასთან, მაკდონალდმა დადებითად შეაფასა საქართველოში უკანასკნელ წლებში გატარებული რეფორმები, რომლებმაც, მისი თქმით, გზა გაუხსნა უფრო პლურალისტურ და ძალაუფლების დანაწილებაზე ორიენტირებულ მმართველობას, მაგრამ, „უარყოფითი მოვლენები და ტენდენციები საფიქრალს გვიჩენს“, შენიშნა მან.
მაკდონალდის თქმით, „სახელმწიფო ინსტიტუტებში ძალაუფლების კონცენტრაცია მმართველი პარტიის ხელში; სასამართლო პროცესები, რომლებიც ფართოდ მიიჩნევა პოლიტიკურად მოტივირებულად; და მედიაზე და სამოქალაქო საზოგადოების აღიარებულ ლიდერებზე შერჩევითი ზეწოლა - ძირს უთხრის ქართული დემოკრატიისადმი რწმენას, შეიცავს კორუფციის საფრთხეს და ზრდის გარეშე გავლენისადმი დაუცველობას.“
სხვა გამომსვლელების მსგავსად მაკდონალდმაც აღნიშნა ეუთოს მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დადებითი შეფასება. მაგრამ, ამავე დროს, მან ისაუბრა იმ გარემოებებზე, რომლებმაც ჯერ კიდევ არჩევნებამდე შეუწყო ხელი პოლიტიკური კრიზისის განვითარებას, არჩევნების შემდეგ კი გაამწვავა ის.
მაკდონალდის აზრით, პოლიტიკურ კრიზისში დიდი როლი მიუძღვის სასამართლოს, რომელიც საქართველოში ვერ ახორციელებს ხელისუფლების არჩეული ინსტიტუტების ეფექტიანი კონტროლის ფუნქციას. „საქართველოს სასამართლო სისტემა უნდა იყოს დამოუკიდებელი და უნდა იცავდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად პარტიისა,“ თქვა მან.
„ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს საარჩევნო პროცესისა და თავისი ლიდერების რწმენა... ქართველი ხალხი ჩიხური ვითარების სწრაფად გადაჭრას იმსახურებს“, განაცხადა მაკდონალდმა და აღნიშნა, რომ აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც ხელისუფლებასთან, ისე ოპოზიციასთან, რათა ხელი შეუწყოს მათ შორის „შედეგზე ორიენტირებულ დიალოგს“.
"ჩვენ მოვუწოდეთ ოპოზიციას საპარლამენტო სკამების დაკავებისკენ ჩვენ ვიცით რა ადარდებთ საქართველოს მოქალაქეებს: სიღარიბე, უმუშევრობა, კოვიდ-პანდემია. ორივე მხარე სწრაფად უნდა მიუჯდეს მაგიდას და ჩართულობით განახორციელონ საარჩევნო რეფორმა"- თქვა მან.
კარა მაკდონალდმა თავის გამოსვლაში ასევე ილაპარაკა სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ამ მხრივ ვითარების სერიოზული გაუარესება შეინიშნება და დასძინა, რომ ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებული პოლიტიკა ძირს უთხრის კომპრომისის, ხელისუფლებაში მონაწილეობისა და კონსენსუსის შესაძლებლობას.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სუსტი მხარეები, რომლებზეც მან ილაპარაკა, „ხელს უწყობს რუსეთის ინტერესებს და კარს უხსნის სხვა გავლენებს, რომლებიც საზიანოა ქართველი ხალხის არჩევანისთვის, იაროს დემოკრატიული განვითარების გზით.“
„საქართველოს, როგორც რეგიონში დემოკრატიული განვითარების მოდელის როლის აღდგენა სულ უფრო მეტად იქცევა გადაუდებელ ამოცანად,“ თქვა კარა მაკდონალდმა და დასძინა, რომ აშშ ინტენსიურად ითანამშრომლებს საქართველოსთან, „რათა გააძლიეროს მისი დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესები, მათი ეფექტიანობა და დამოუკიდებლობა, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების უნარი, იმოქმედონ თავისუფლად და ხელი შეუწყონ დემოკრატიის სიმტკიცეს.“
ასევე ნახეთ:
საქართველოს საკითხის განხილვისას სენატში ფინანსური და სამხედრო დახმარების პირობითობაზედაისვა კითხვა
ჯორჯ კენტი: მელიას დაპატიმრება იყო უკანგადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის