Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

 “ქართული ოცნების” საკანონმდებლო ინიციატივას ვენეციის კომისია კრიტიკული დასკვნით პასუხობს


ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი მოუწოდებენ საქართველოს, გადახედოს ცვლილებებს, რომელიც საარჩევნო კოდექსში, ორგანულ კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტს ეხება. ამის შესახებ საუბარია ერთობლივ დასკვნაში.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ უფასო საეთერო დროზე უარის თქმა პარტიებისთვის, რომლებსაც არ აქვთ საჯარო დაფინანსება, არღვევს თანასწორობის პრინციპს. ასეთი შეზღუდვა „არაპროპორციული და უსაფუძვლოა”, რადგან სწორედ მწირი დაფინანსების მქონე პარტიებს ყველაზე მეტად სჭირდებათ უფასო საეთერო დრო, რათა ამომრჩეველს ხმა მიაწვდინონ. ამ ტიპის შეზღუდვა საზოგადოებრივ ინტერესს ეწინააღმდეგება, რადგან არჩევანი ინფორმირებული უნდა იყოს.

ვენეციის კომისია შეშფოთებულია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში შემოთავაზებული ცვლილებებით, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო დაფინანსება შეუჩერდება პარტიებს, რომლებიც საპარლამენტო მანდატების ნახევარს მაინც არ აითვისებენ, და უქმდება დაფინანსება პარტიებისთვის, თუ მათი წევრების ნახევარი პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს მაინც არ დაესწრო.

დასკვნის მიხედვით, სანქციების გამოყენება პოლიტიკური პარტიების - და არა პარლამენტის ცალკეული წევრების - წინააღმდეგ, „არაპროპორციულია“ და ეწინააღმდეგება საპარლამენტო რეგლამენტს, რომელიც საკმარისად მკაფიოდ განსაზღვრავს ასეთ საკითხებს.

გარდა ამისა, საყურადღებოა საპარლამენტო რეგლამენტის შესწორების საკითხიც, რომელიც დეპუტატის ანაზღაურების დაქვითვას ითვალისწინებს, თუკი ის ერთი კალენდარული თვის განმავლობაში არ დაესწრება ყველა პლენარულ სხდომას, როგორც სესიის, ასევე, შესვენების დროს. ეს შემოთავაზება, დიდი ალბათობით, წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციასთანაც, რომელიც დეპუტატების ანაზღაურების აუცილებლობას ადგენს.

ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციაა, განხილულ იქნეს „უფრო პროპორციული და შესაბამისი ზომები”, მაგალითად, უშუალოდ პარლამენტის წევრებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება მათი ქმედებებისთვის. ამგვარი გადაწყვეტა, კომისიის აზრით, მეტ შესაბამისობაში იქნებოდა საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სტანდარტებთან.

ცალკეული დასკვნა საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს ეხება. „არაპროპორციულია“ პარტიულის სიის რეგისტრაციაზე უარის თქმა, თუკი მისი ლიდერი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ბუნდოვანია თავად პოლიტიკური ლიდერის განმარტებაც. უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩართულობა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში უნდა იზღუდებოდეს პარტიის შექმნის დროს, და არ უნდა ეხებოდეს პარტიის წევრობას. კომისიის დასკვნით, ამ ცვლილების მიღებამ, შესაძლოა, პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდვა გამოიწვიოს, ეს ცვლილება კი უფრო პარტიაზე მოქმედებს, ვიდრე კონრეტულ უცხოელ მოქალაქეზე.

ვენეციის კომისიას აღელვებს ის რისკიც, რომლის წინაშეც დადგება ასეთი პარტიის ამომრჩევლის ხმა, რადგან რეგისტრაციის გაუქმება არჩევნების შემდეგ ორ დღეშია შესაძლებელი. გაუქმებული პარტიის ამომრჩეველთა ხმები განულდება, რითაც მათი უფლებები შეიზღუდება. ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, კანონპროექტის მიღების საკითხი გადაიხედოს.

გასული წლის 24 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიას კანონპროექტებზე დასკვნის შემუშავების თხოვნით მიმართა. ერთი შეეხებოდა საარჩევნო კოდექსში, ორგანულ კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტს, მეორე კი საარჩევნო კოდექსის 79-ე პრიმა მუხლის პროექტს.

გასული წლის 17 დეკემბერს, „ქართულმა ოცნებამ“, ოპოზიციასთან მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, პარლამენტში ორი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. 2020 წლის 23 დეკემბერს, საკანონმდებლო პაკეტებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კრიტიკული დამოკიდებულების გამო, მაშინ ირაკლი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ საკანონმდებლო ტექსტებზე მოსაზრება ვენეციის კომისიას გამოეთქვა.

XS
SM
MD
LG