Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯინ შაჰინი: ყოველი დღე, როცა ოპოზიციის წევრები ციხეში არიან, როცა საქართველოს პარლამენტის ადგილები ცარიელია, რუსეთის გამარჯვებაა


დღეს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში გაიმართა მოსმენა საკითხზე: "დემოკრატიის განმტკიცება საქართველოში". სხდომას ხელმძღვანელობდა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი.

მისი თქმით, საქართველომ მოკლე დროში დიდი გზა გაიარა თავისი ინსტიტუტების შექმნის და განმტკიცების თვალსაზრისით. შაჰინის შეფასებით, ეს გზა არ იყო ყოველთვის პირდაპირით, მაგრამ განვითარების გზის „ტრაექტორია ყოველთვის დადებითი“ იყო.

შაჰინმა საქართველოს დემოკრატიის შესახებ განაცხადა, რომ მთლიანობაში ის „მტკიცდებოდა და ღრმავდებოდა“.

სენატორის თქმით, საქართველომ გამოავლინა სწრაფვა ევროპის კავშირთან შეერთებისა და ნატოს წევრობისკენ. შაჰინის თქმით, ის ყოველთვის უჭერდა მხარს ნატოში საქართველოს გაწევრიანებას და კვლავაც უჭერს მხარს და „ეს არის სწორედ გზა, რომელიც გვსურს ახალი დემოკრატიებისთვის“.

საქართველოში ამჟამად შექმნილი ვითარების თაობაზე შაჰინმა განაცხადა, რომ „სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელი ვითარება კრიტიკულია და ამ ვითარების მოგვარება დააბრუნებს ქვეყანას დემოკრატიის გზაზე, ან მოისპობა წლების განმავლობაში მიღწეული.“

"საკმარისი არ არის არჩევნების ჩატარება ისე, რომ ის აკმაყოფილებდეს ლეგიტიმურობის ზღვარს. დემოკრატიულ არჩევნებს უნდა ჰქონდეს უთანხმოებების გადაჭრის ძლიერი მექანიზმები, რომლებსაც სამართლიანად თვლის დემოკრატიული პროცესის ყველა მონაწილე"- თქვა სენატორმა.

მისივე თქმით, აშშ დიდი ხანია თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მეგობარია და რჩება ამ კრიტიკულ პერიოდშიც. „მაგრამ ეს ურთიერთობა დამოკიდებულია საქართველოს ერთგულებაზე, განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტები. და, მკაფიო რომ ვიყო, საქართველოს ერთგულება დემოკრატიისადმი უნდა ვლინდებოდეს ყველა ქართველის მიერ, იმის მიუხედავად - მთვრობაში არიან თუ ოპოზიციაში."

შაჰინმა კატეგორიულად მოუწოდა საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გაატაროს სარჩევნო სისტემის რეფორმა, რაც ასევე აღნიშნული იყო, მისი თქმით, 2020 წლის არჩევნების ეუთოსეულ შეფასებაში, სადაც აღნიშნულია, რომ კენჭისყრა იყო „კონკურენტული და ჩატარდა ეფექტიანად, COVID-19-ის პანდემიის გამოწვევების მიუხედავად“.

„ვიცით, რომ ჭეშმარიტი დემოკრატია ხალხის ნებას უნდა პასუხობდეს“, თქვა შაჰინმა „წარმატებული დემოკრატია უნდა ფუნქციონირებდეს და მოქალაქეების საჭიროებას ითვალისწინებდეს. საქართველოში ახლა შექმნილი ჩიხური ვითარების გამო ერთდერთი გამარჯვებული მხარე რუსეთია. რუსეთი საზრდოობს არეულობით და ქაოსით, და ყოველი დღე, როცა ოპოზიციის წევრები ციხეში არიან, რუსეთის გამარჯვებაა“, თქვა სენატორმა და დასძინა, რომ „ყოველი დღე, როცა საქართველოს პარლამენტის ადგილები ცარიელია, ესაა საზიანო საქართველოს ხალხისთვის და რუსეთის გამარჯვებაა. ამიტომ ვარ გაოცებული და იმედგაცრუებული, რომ ყველა მხარემ დაუშვა ახლანდელი კრიზისის ასე გაგრძელება“.

სენატორმა შაჰინმა 23 მარტის მოსმენაზე მოუწოდა ყველა მხარეს - მან ხაზი გაუსვა - „მართლა ყველა მხარეს“, ორ დიდ პარტიას და სხვებს, რომლებიც არ არიან ხელისუფლებაში, გვერდზე გადადონ ხანმოკლე პოლიტიკური ინტერესები და მის ნაცვლად საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისა და სიმყარისთვის იზრუნონ“.

მოსმენის დასრულების შემდეგ, ტვიტერით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, სენატორმა შაჰინმა აღნიშნა, რომ საქართველოში დემოკრატიას აშშ-დან მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და მოუწოდა მხარეებს მოლაპარაკებების მაგიდასთან შეთანხმების მიღწევისკენ, რათა შესაძლებელი გახდეს დეპუტატების პარლამენტში დაბრუნება და გრძელვადიანი შეთანხმება ინსტიტუციების რეფორმირებისთვის: რათა საქართველომ განაგრძოს გზა დასავლეთისკენ, დემოკრატიზაციისკენ, ნატოსკენ, ევროკავშირში ინტეგრაციისკენ; რათა ვიხილოთ აშშ-საქართველოს უწყვეტი მტკიცე პარტნიორობა"- თქვა სენატორმა შაჰინმა ვიდეომიმართვაში.

ასევე ნახეთ:

ჯეიმს რიში: კრიზისზე ყველა მხარეა პასუხისმგებელი, მისი დაძლევის მთავარი პასუხისმგებლობა„ქართულ ოცნებას“ ეკისრება

კარა მაკდონალდი: „უარყოფითი მოვლენები და ტენდენციები საფიქრალს გვიჩენს“

ჯორჯ კენტი: "ოცნებამ" შეინარჩუნა ევროატლანტიკური კურსი, მაგრამ არიან კი ქართველები იმ ღირებულებებისერთგულნი, რომლებიც ამ გზაზე წაიყვანს?

საქართველოს საკითხის განხილვისას სენატში ფინანსური და სამხედრო დახმარების პირობითობაზედაისვა კითხვა

ჯორჯ კენტი: მელიას დაპატიმრება იყო უკანგადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის

XS
SM
MD
LG