გორის შესასვლელ-გასასვლელებში 5 საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო. სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ.
საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებისა და ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის დაწესების გამო, საკონტროლო გამშვები პუნქტი გორის ყველა შესასვლელში განთავსდა და დილიდან ფუნქციონირება დაიწყო.
საგუშაგოებზე საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების კონტროლი მიმდინარეობს.
საყოველთაო კარანტინის ფარგლებში, გორში ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეწყდა.
მოძრაობს მხოლოდ მსუბუქი ავტომობილები და ტაქსები. კონტროლდება, რომ ავტომობილში მხოლოდ სამი ადამიანი იმყოფებოდეს და, დადგენილი წესის მიხედვით, აქედან ორი უკანა სავარძელზე იჯდეს. ყველა მოქალაქემ ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. არის შემთხვევები, როცა ერთსა და იმავე მოქალაქეს რამდენჯერმე ამოწმებენ. მაგალითად, ტაქსის მძღოლებს, რომლებიც ქალაქიდან სოფლების მიმართულებით და უკან მოძრაობენ, სიცხეს რამდენჯერმე უზომავენ. პროცედურის მიხედვით, თუ რომელიმე მგზავრს ტემპერატურის მატება დაუდგინდა, ხდება მისი გამოკითხვა სხვა კლინიკური სიმპტომების შესახებ და ამის შემდეგ გამშვებ პუნქტთან მყოფი სამედიცინო ჯგუფის ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას ეს პირი თვითიზოლაციაში გაუშვან, კარანტინში გადაიყვანონ თუ საავადმყოფოს მიმართონ. მგზავრებმა და მძღოლებმა, რომლებმაც უკვე გაიარეს შემოწმება, აცხადებენ, რომ გამკაცრებულ ზომებს მათთვის განსაკუთრებული დისკომფორტი არ შეუქმნია.
საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე ძალოვანი უწყებების საქმიანობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც აკვირდებიან. შიდა ქართლის მხარის რწუნებულის, გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, აღნიშნულ პუნქტებზე მოქალაქეების მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ამოქმედებული პირობები ჯერ არ დარღვეულა.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კობა ცერცვაძე, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ საგანგებო მდგომარეობით გამოცხადებული პირობების დარღვევა გამოიწვევს პირველ ჯერზე მათ დაჯარიმებას, მეორე შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების თავიდან ასაცილებლად მიმდინარე ღონისძიებების ფარგლებში, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებულ პირობებში 7 ქალაქში მოეწყო საკონტროლო პუნქტები - თბილისში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ფოთსა და ზუგდიდში. 31 მარტიდან საღამოს ცხრა საათიდან დილის 6 საათამდე კომენდატის საათიც ამოქმედდება.