Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7 ქალაქის შესასვლელებში საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოეწყო


თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო, აღნიშნული პუნქტების მეშვეობით ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად აკონტროლებენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ადგილზე ხდება ასევე მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

დილის 8 საათიდან საქართველოში ამოქმედდა ფაქტობრივად, სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 6:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

31 მარტის 8:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ით დაავადების 103 შემთხვევა. მათგან 20 გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5114 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 263.

XS
SM
MD
LG