Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰო მაგრამ...


ალბათ სასიამოვნოა სინდისის ქენჯნა მაშინ, როცა დანაშაული არ ჩაგიდენია, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ აღელვებთ თავად დანაშაულის ჩამდენებს, რადგან, როგორც წესი, მათ სინდისი არ ქენჯნით.

ჰანა არენდტი, ბოროტების ბანალურობა

არიან ადამიანები, რომლებიც აუცილებლად მონახავენ მიზეზს, რათა ასე თქვან: „ჰო მაგრამ“. ან ასე: „მათაც უნდა გავუგოთ“...

ეს „გამგებები“ გვამცნობენ, რომ საქმე არასდროს არაა ერთმნიშვნელოვნად.

და რომ ობიექტურობისთვის ყოველთვის უნდა დაისვას ტოლობის ნიშანი.

ასეთ „გამგებებს“ „არაერთმნიშვნელოვანი“ არგუმენტებით, როგორც წესი, ავტორიტარული რეჟიმები და მათი პროპაგანდა კვებავს, რომელიც სადაც გინდა, როცა გინდა და როგორც გინდა, ისე ათქმევინებს ამ ზერელე ფორმულას: „ჰო მაგრამ...“

ასეთ „ჰო მაგრამებს“ წლების წინ „პუტინფერშტეერები“ შეარქვეს გერმანიაში (პუტინის ქმედებებს რომ გაგებით ეკიდებოდნენ და მისი ქცევის რაციონალიზაციას ცდილობდნენ), თუმცა ბევრი ვერაფერი შეცვალა ამ ეპითეტმაც - ბოროტების გამგები გამგებადვე დარჩა... ყოველ შემთხვევაში, პუტინის უკრაინაზე თავდასხმამდე მაინც.

როგორც აღმოჩნდა, „ჰო მაგრამ“ შეიძლება ნებისმიერ საკაციობრიო და ისტორიულ კოშმარსაც კი მოერგოს.

აი, მაგალითად:

რომის იმპერატორმა ტიტუსმა სოლომონის ტაძარი დაანგრია და ათასობით იერუსალიმელი გაჟლიტა.

„ჰო მაგრამ-ადამიანი“ აქ ალბათ ასე გაუგებდა ტიტუსს:

- ჰო მაგრამ... ებრაელები ამბოხებას აწყობდნენ, რომაელებს ხოცავდნენ და თავიანთ ჩამორჩენილ წესებს ამჯობინებდნენ რომაულ მშვიდობაში ცივილიზებულ განვითარებას.

ჰიტლერმა მსოფლიო ომი წამოიწყო, რასაც 60 მილიონი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, ხოლო 6 მილიონი ებრაელი საკონცენტრაციო ბანაკებში გაჟლიტა... მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ებრაელები იყვნენ.

- ჰო მაგრამ... გერმანია „ვერსალის სინდრომით“ - მარცხის კომპლექსით იტანჯებოდა, ხალხი გაღატაკებული იყო, ზოგი მდიდარი ებრაელი თავადვე აფინანსებდა რეაქციონერ პოლიტიკოსებს 1933 წლამდე... ჰიტლერს გერმანიის აღორძინება უნდოდა, თავისი სახელმწიფოს სიდიადის ინტერესი ამოძრავებდა... პირველი ავტობანიც მის დროს აიგო.

სტალინმა 35 მილიონი ადამიანი გადაასახლა და გაწყვიტა.

- ჰო მაგრამ... სხვანაირად წესრიგს ვერ დაამყარებდა, ზესახელმწიფო შექმნა საბჭოთა კავშირისგან, ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია შეძლო, მეორე მსოფლიო ომში გაიმარჯვა, ნახევარი ევროპა გააწითლა, სტალინის გარეშე მსოფლიოში დისბალანსი იქნებოდა, ის ანგლო-საქსების ჰეგემონიას ანეიტრალებდა...

მაომ 50 მილიონი ადამიანი დახოცა ჩინეთში.

- ჰო მაგრამ... უნიკალური ექსპერიმენტი შექმნა კომუნისტური ჩინეთის სახით და ვეებერთელა იმპერია დაშლას გადაარჩინა, ამის შედეგად ჩინეთი წარმატებულ იდეოლოგიზებულ გიგანტად იქცა.

პუტინი საქართველოს და უკრაინას დაესხა თავს.

- ჰო მაგრამ... 2008 წელს სააკაშვილი პროვოკაციას წამოეგო, ხოლო უკრაინა ნატო-სკენ მიდიოდა და პუტინი ამას თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვერ დაუშვებდა. დაპყრობა არ ნდომებია. ნატოს გაფართოება არ უნდოდა.

„ჰამასმა“ 1000-ზე მეტი მშვიდობიანი ებრაელი (და უცხოელი) მოქალაქე მოკლა ... „ჰეზბოლა“ რაკეტებს უშენს ისრაელს. უდანაშაულო ადამიანებს ხოცავენ (რახან იციან, სამხედროებს ვერ დაჯაბნიან - ქალები და ბავშვები კი წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ).

- ჰო მაგრამ... არც ისრაელი ინდობს პალესტინელებს...

- ანუ „ჰამასი“ პალესტინელების უფლებებს იცავს მშვიდობიანი ებრაელების დახოცვით? ტერორისტები პალესტინელების თავისუფლებისთვის ხოცავენ ბავშვებს, ქალებსა და უიარაღო კაცებს?

- ჰო მაგრამ... ისრაელს საშინელი მთავრობა ჰყავს, ადამიანის უფლებები არც ისრაელში დგას პირველ ადგილზე...

- ანუ „ჰამასსაც“ გავუგოთ?

27 წლის კაცმა 14 წლის ბავშვი მოიყვანა ცოლად და მოკლა.

- ჰო მაგრამ... ეს ხომ ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფის ტრადიციაა?

- საქართველოს კანონმდებლობით პედოფილია ისჯება. 14 წლის ბავშვის ცოლად მოყვანა დანაშაულია.

- ჰო მაგრამ... ეს მაინც ქართველ აზერბაიჯანელებში ხდება...

- ეთნიკურად ქართველები დიდი ხანია 16 წლის გოგოებს აღარ იტაცებენ?..

რამდენს უნდა გავუგოთ, როცა ბოროტებას არც სჭირდება, რომ ვინმეს მისი ესმოდეს... ვიდრე „ჰო მაგრამები“ ტოლობის ნიშანს სვამენ, სისტემური ბოროტება უდანაშაულოთა სისხლის ღვრითაა დაკავებული.

ზოგადადაც, „ჰო-მაგრამ-მოაზროვნენი“, როგორც წესი, ზერელედ იცნობენ იმ საგანს, რაზედაც ვითომდა მსჯელობენ და უმეტესად იქ დაძრწიან და იმ ქარს მიუყვებიან, რომელსაც პროპაგანდა ან კონიუნქტურა მოჰყვება.

მორალი აქ მეტწილად პოზაა.

სადაც ტერორიზმია - „ჰო მაგრამ“ ყოველთვის ტერორისტის და დიქტატორის მოკავშირეა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG