ბოლო 10 დღეში სამართალდამცველებმა ორჯერ, 18 და 26 ნოემბერს, გამოიყენეს წყლის ჭავლი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტის შენობასთან იყვნენ შეკრებილი. 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაშავდა 6 ადამიანი, 26 ნოემბერს - 3.
- რა შემთხვევაში აქვს პოლიციას წყლის ჭავლის გამოყენების ვალდებულება?
- როგორ რეგულირდება ქართული და საერთაშორისო სამართლით წყლის ჭავლის გამოყენება?
- ჯანმრთელობის დაზიანების რა რისკებს შეიცავს წყლის ჭავლის გამოყენება დემონსტრანტების წინააღმდეგ?
- რა გამოხმაურებები მოჰყვა გამთენიისას წყლის ჭავლით აქციის დაშლას?
საქართველოს კანონი პოლიციის შესახებ, რომელიც პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს, განმარტავს, რომ პოლიცია იძულების ღონისძიებებს იყენებს საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად პროპორციულად და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
ამავე კანონის მიხედვით, „წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება გამოიყენება მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, რომლის მძღოლმა არ შეასრულა პოლიციელის მოთხოვნა გაჩერების შესახებ, შეიარაღებული დამნაშავის დასაკავებლად“.
პოლიციის კანონის თანახმად, „პოლიციელი ვალდებულია სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად პირის დაჭრის ან დაზიანების შესახებ აცნობოს უშუალო უფროსსა და პროკურორს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირის დაჭრის ან დაზიანების შესახებ უშუალო უფროსისა და პროკურორისათვის შეტყობინება შეუძლებელია, დაკავშირებულია განსაკუთრებულ სირთულეებთან ან ხელს შეუშლის საპოლიციო ფუნქციის შესრულებას“.
წყლის ჭავლის/წყალსატყორცნის კანონიერი გამოყენების გარემოებებს განმარტავს გაეროს ადამიანის უფლებების უახლესი (2019 წლის აგვისტო) სახელმძღვანელო კანონის აღსრულებისას ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. ამ სახელმძღვანელოს მიხედვით, წყლის ჭავლი უნდა იყოს გამოყენებული მ ხ ო ლ ო დ ს ე რ ი ო ზ უ ლ ი საზოგადოებრივი უწესრიგობის სიტუაციაში, როდესაც არსებობს სიცოცხლის დაკარგვის, სერიოზული დაზიანების ან ქონების ფართომასშტაბიანი განადგურების რისკი. აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, წყლის ჭავლის გამოყენება უნდა დაიგეგმოს ფრთხილად და უნდა იყოს მართული მკაცრი ბრძანებისა და ზედა რგოლის კონტროლის ქვეშ“.
გაეროს სახელმძღვანელოს მიხედვით, წყლის ჭავლის გამოყენებას თან ახლავს სპეციფიკური რისკები, რის გამოც: „წყლის ჭავლი არ უნდა იყოს გამოყენებული ამაღლებულ ადგილებზე მყოფი პირების წინააღმდეგ, სადაც მნიშვნელოვანი მეორადი დაზიანების რისკია. სხვა რისკები მოიცავს ჰიპოთერმიას (გადაციება), ცივი წყლის შოკს ცივ ამინდში (განსაკუთრებით, როდესაც წყალი არ არის გამთბარი), მოცურების ან წყლის ძლიერი ნაკადით კედლებსა ან სხვა მყარ საგნებზე მიხეთქების რისკს“.
სახელმძღვანელოში განმარტებულია წყლის ჭავლის უკანონოდ გამოყენების გარემოებებიც: „წყლის ჭავლი არ უნდა იყოს დამიზნებული პირზე ან პირთა ჯგუფზე ახლო მანძილიდან, სამუდამო სიბრმავის ან მეორადი დაზიანებების რისკების გამო, რადგან წყლის ჭავლი ენერგიულად ზემოქმედებს მათზე. ის ასევე არ უნდა იყოს გამოყენებული თავისუფლებაშეზღუდული პირების ან იმ პირების წინააღმდეგ, რომელთაც სხვადასხვა მიზეზით არ შეუძლიათ გადაადგილება“.
წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად დაზიანებებსა და რისკებზე გაფრთხილებებს შეიცავს ამერიკის სამოქალაქო თავისუფლების კავშირის მიერ გამოცემული გზამკვლევიც, სადაც ნათქვამია, რომ წყლის ჭავლის გამოყენებამდე კარგად უნდა იყოს გათვალისწინებული კონტექსტუალური ფაქტორები, განსაკუთრებით, ცივ ამინდსა და ისეთ ადგილებში, სადაც ხალხის გაფანტვა შეიძლება არ იყოს უსაფრთხო.
ამავე გზამკვლევის თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ წყლის ჭავლის გამოყენებისას შეიძლება ადამიანს დაუზიანდეს თვალი ან, მეორეულად, დაცემის და მიხეთქებისას მიიღოს თავის ტვინის დაზიანებები, სისხლჩაქცევები ან ნეკნის მოტეხილობები, წყლის ჭავლის არაპროპორციული გამოყენება შეიცავს დისკრიმინაციული მოპყრობის ან კოლექტიური დასჯის იარაღად ქცევის რისკებს.
„უსაფრთხოების ძალებმა პატივი უნდა სცენ დემონსტრანტების მშვიდობიანი შეკრებისა და უკმაყოფილების გამოხატვის უფლებას“, - დაწერა აქციის დაშლის პარალელურად „ამნესტი ინტერნეიშენალ - ამერიკის“ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, დენიელ ბალსონმა, „ტვიტერის“ პირად გვერდზე და საქართველოს ხელისუფლებას შეახსენა, რომ ამერიკა ყურადღებით აკვირდება აქ მიმდინარე მოვლენებს.
26 ნოემბერს, დილის 5 საათზე, აქციის დაშლას გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათია“, რომელიც გმობს რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო მშვიდობიანი აქციის მორიგი ძალადობრივი დარბევის ფაქტს და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ყინვაში გასათბობი საშუალებების წართმევა, ცივი წყლის ჭავლით დარბევა არღვევს ადამიანის ჯანმრთელობის კონსტიტუციურ უფლებას, ასევე გამოხატვის თავისუფლების უფლებას და წარმოადგენს არაადამიანური მოპყრობის ნიმუშს. ორგანიზაცია თვლის, რომ დემონსტრანტების მიმართ სამართალდამცველების ქცევა მიზნად ისახავს მოსახლეობის დაშინებას, რაც ტოტალიტარული რეჟიმებისათვის დამახასიათებელი ფენომენია.
არაპროპორციული ძალის კიდევ ერთ გამოყენებად აფასებს 26 ნოემბერს აქციის დაშლას „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტიც“, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ ძალის გამოყენება არ ემსახურებოდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სიკეთეების დაცვას და არ იყო დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი.
ინსტიტუტის შეფასებით, მოქალაქეთა შეკრებების ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით დაშლამ უკვე მიიღო სისტემატური ხასიათი, რაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი უკანგადადგმული ნაბიჯია. ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს იმაზეც, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან შსს-ს მიერ გამოყენებული არაპროპორციული ძალის პროფესიონალიზმად შეფასება ძალადობის პირდაპირ სანქცირებად შეიძლება იქნეს აღქმული და პოლიტიკოსებს უფრო მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
26 ნოემბრის აქციის დაშლის შემდეგ პარლამენტარმა სოფიო კილაძემ თქვა, რომ „პოლიციამ წინა შემთხვევაშიც და ახლაც მაქსიმალური პროფესიონალიზმი გამოავლინა, ისეთი პროფესიონალიზმი, როგორიც ევროპული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი“.
18 ნოემბრის აქციის დაშლის შემდეგ კი, კიდევ ერთმა პარლამენტარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, თქვა, რომ პოლიციელებმა „ზემაღალი სიზუსტით შეასრულეს დავალება“.
ჰუმანურად შეაფასეს პარლამენტარებმა, მამუკა მდინარაძემ და ირაკლი კობახიძემ, 26 ნოემბრის პარლამენტის სხდომაზე, პოლიციის ქმედება აქციების დაშლისას.