Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

18 ნოემბრის აქციის მონაწილე ამბობს, რომ აქციის დაშლისას ხელი მოტყდა


გიორგი მღებრიშვილი წყლის ჭავლით აქციის დაშლისას
გიორგი მღებრიშვილი წყლის ჭავლით აქციის დაშლისას

18 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ ხელი დაშლისას მოიტეხა. მაჯის ორმაგი მოტეხილობა გიორგი მღებრიშვილმა პარლამენტისა და პირველი სკოლის შუაში მდებარე ქუჩაზე ჩამოსვლისას მიიღო, როდესაც სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გაუშვეს. მისი თქმით, ჭავლის ძლიერმა ნაკადმა ის გადააგდო და ხელი ამ დროს დაუზიანდა.

„ამ მოტეხილი ხელით სადღაც 40 წუთი გავძელი კიდევ პარლამენტთან, მერე დამიჭირეს თავისუფლების მოედანზე აქციის რამდენიმე სხვა მონაწილესთან ერთად, გადაგვიყვანეს სამარშუტო ტაქსით თაბუკაშვილზე, პოლიციის სამმართველოსთან, სადაც გვიპოვა ელენე ხოშტარიამ. პოლიციაში ვერ გავარკვიეთ ჩვენი სტატუსი, დაკავებულები არ ვიყავით, მაგრამ პოლიციას ვყავდით აქ მანქანით გადმოყვანილები. პოლიციის ეზოდან გამოვიძახე სასწრაფო, რომელმაც გადამიყვანა "ამტელ ჰოსპიტალში".

სამარშუტო ტაქსიდან აქტივისტების გამოხსნა 18 ნოემბერს პირდაპირ ეთერში აჩვენა რამდენიმე ტელევიზიამ და ონლაინმედიამ, რომელთა კადრებშიც ჩანდა გიორგი მღებრიშვილი. ის ამ დროს უკვე ამბობდა, რომ ხელი დაზიანებული ჰქონდა და სტკიოდა. მაჯის ორმაგი მოტეხილობის შესახებ საავადმყოფოში უთხრეს.

გიორგი ამბობს, რომ აქციაზე დაშავებული უფრო მეტია, ვიდრე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მოყვანილი ციფრებია და თვითონაც ერთ-ერთი მათგანია, რომელიც სამინისტროს სტატისტიკაში ვერ მოხვდა. ჯანდაცვის სამინისტრო აქციის დაშლის შემდეგ 3 დაშავებულზე საუბრობდა.

18 ნოემბერს გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქციაზე დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის - ორი პოლიციელი.

18 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა 16:00 საათის შემდეგ დაიწყო. აქცია პარლამენტთან მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც ჩავარდა კანონპროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემააზე გადასვლას ისახავდა მიზნად. დაშლისას დააკავეს აქციის 37 მონაწილე.




XS
SM
MD
LG