სანამ ხაშურში, სასამართლოს სხდომაზე წავიდოდი, იურისტს ველაპარაკე. ანა თავხელიძემ მითხრა, რომ 22 წლის კაცს, რომელსაც გამოძიება 12 წლის ბავშვთან სქესობრივ კავშირს 140-ე მუხლით ედავებოდა (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში), ბრალი უნდა დამძიმებოდა და საქმე სასამართლოში 137-ე, გაუპატიურების მუხლით უნდა წასულიყო. მისი თქმით, სწორედ ეს იქნებოდა გამოძიება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.
ასეც მოხდა. 7 ნოემბერს, სასამართლოს სხდომის დაწყებამდე, ფაქტობრივად, რამდენიმე საათით ადრე, გამოძიებამ გადაწყვიტა, რომ 22 წლის გ.ტ.-სთვის წინა დღით წაყენებული, შედარებით მსუბუქი მუხლი (140-ე მუხლი), რომელიც შვიდიდან ცხრა წლამდე პატიმრობით ისჯება, განსაკუთრებით მძიმე მუხლით (137-ე მუხლით) შეეცვალა.
ახლა, თუკი 22 წლის კაცს ბრალი დაუმტკიცდა, მას 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ხაშურის რაიონული სასამართლოს ფოიეში მოსამართლის გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ 22 წლის გ.ტ.-ს დედა, და, ბებია და ბიძები ელოდებიან.
ჩუმად არიან, ერთმანეთსაც იშვითად ეტყვიან რამეს. დროდადრო, ადვოკატს უსვამენ კითხვებს. ისიც ხმამაღლა პასუხობს:
- კი, დამძიმდა ბრალი. დღეს დამძიმდა. ისევ ის მუხლი რომ იყოს, კიდევ რა გვიჭირდა.
- ანუ, დღეს უნდა გადაწყდეს ყველაფერი? - ეკითხება დედა.
- არა, დღეს არაფერი წყდება. დღეს მხოლოდ მისი პატიმრობის საკითხი წყდება. გადაეცით ბადრაგს მისი ტანსაცმელი, ხო?
22 წლის გ.ტ-ს ოჯახის წევრები ისევ ჩუმდებიან. ჟურნალისტი ჩემ მეტი არავინაა. რაკი არც მიკროფონი მიჭირავს ხელში, არც კამერა, უფრო მარტივია მათთან დალაპარაკება:
- არა, არ მოუტაცებია. არც მანქანაში ჩაუტენია, არც ხელები გადაუგრეხია, თორე ხომ ვიცით, რასაც ნიშნავს ძალით ადამიანის მოტაცება, - მეუბნება ბიძა.
- მეზობელმა დაინახა, ჩანთით მოჰყვებოდა გვერდში, ერთად მოდიოდნენ. თქვენი ნათესავი გვეგონაო, - დიალოგში ერთვება ახლობელი.
- სახლში არავინ ვიყავით, ისეთ დროს მოიყვანა, ჩვენ არაფერი ვიცოდით, - ამბობს დედა.
- 15 წლის ვარო, ასე უთქვამს ბიჭისთვის. არა, განა რამე იცვლება იმით, 15 წლის რომც ყოფილიყო, გასაგებია, რომ ბავშვი მაინც არასრულწლოვანია, მაგრამ 15-16 წლის გოგოსთან 22 წლის ადამიანი მაინც ფიქრობს ოჯახის შექმნას. ასე ეგონა ამასაც, - ისევ ერთვება ლაპარაკში ბიძა.
- 20 წუთის მოყვანილიც არ ჰყოლია, პოლიცია რომ მოვიდა და წაიყვანეს, - ბებია ამბობს.
გამოძიების ოფიციალური, თუმცა, ზოგადი ინფორმაციის თანახმად, შემთხვევა ქარელის რაიონში 4 ნოემბერს, გვიან ღამით მოხდა.
12 წლის ბავშვი 22 წლის კაცმა ე.წ. ცოლად მოყვანის მიზნით საკუთარ სახლში წაიყვანა. რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, ბავშვის გატაცების შესახებ ზარი 112-ში გოგოს ოჯახის წევრისგან (თუმცა, არა დედისგან) შევიდა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლალი ბესტავაშვილმა 7 ნოემბერს გამართული სასამართლო სხდომა, სადაც 22 წლის კაცისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე უნდა ემსჯელა, დახურა, რადგან საქმეში დაზარალებულის სტატუსით არასრულწლოვანი ფიგურირებს და საქმე შეეხება სქესობრივ დანაშაულს. გ.ტ.-ს ოჯახის წევრებმა, მე და ფოტოგრაფმა სასამართლოს დარბაზი დავტოვეთ.
მოსამართლეს ერთი საათი დასჭირდა იმისათვის, რომ მიეღო გადაწყვეტილება, ბრალდებულ გ.ტ.-ს აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებდა, როგორც ამას მისი ადვოკატი ითხოვდა თუ ორთვიან პატიმრობას შეუფარდებდა. მოსამართლემ საქმის პროკურორების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 22 წლის კაცი წინასწარ ორთვიან პატიმრობაში გაუშვა.
რას ამბობს პროკურორი?
სასამართლოს სხდომიდან გამოსული ნიკოლოზ სანიკიძე, შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორი მეუბნება, რომ ამ დროისათვის, საქმეში არსებულმა მტკიცებულებებმა ბრალდებას მისცა საფუძველი, რომ 22 წლის კაცისთვის ბრალი დაემძიმებინათ და საქმე გაუპატიურების მუხლით გაეგრძელებინათ. მტკიცებულებების შინაარსზე არ ლაპარაკობს და ამას იმით ხსნის, რომ საქმეში არასრულწლოვანი ფიგურირებს და ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ამ დეტალებზე ბრალდების მხარე საჯაროდ ვერ ისაუბრებს:
„ამ ეტაპზე, ბრალდება გულისხმობს არასრულწლოვნის გაუპატიურებას ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილი). საქმის ფაქტობრივი გარემოებები ვერ იქნება საჯარო, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რაც ადასტურებს ბრალდებას იმ სტანდარტით, რასაც ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა. ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, რის საფუძველზე ბრალდებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები იძლეოდა ბრალის დამძიმების შესაძლებლობას. მსგავსი ტიპის დანაშაულებზე ბრალდების პოზიცია იქნება და არის უმკაცრესი“, - ამბობს ნიკოლოზ სანიკიძე, რომელიც კიდევ ერთ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას. უფრო ზუსტად კითხვაზე, რომელიც, მისი თქმით, სხდომათა დარბაზშიც დაისვა ადვოკატის მხრიდან და ეს კითხვა აქვთ ბრალდებულის ოჯახის წევრებსაც და, სავარაუდოდ, ექნება საზოგადოების ნაწილსაც:
„სად არის ძალადობა? სად იყო იძულება, თუკი ბავშვი მას თავად გაჰყვა?“ - აქ ჩვენ არ ვსაუბრობთ კლასიკური გაგებით ხელის გადაგრეხვით, მანქანაში ძალით ჩასმაზე. აქ ლაპარაკია 12 წლის ბავშვის ფსიქიკაზე, მისი უმწეობის გამოყენებაზე, შესუსტებული ნებით მანიპულირებაზე. არ შეიძლება ამას ამოეფარო და ფორმალური თანხმობით შეიქმნა გარანტია, რომ უი, თანხმობა მქონდა და თურმე, ეს ძალადობა არ არის. ზუსტად ასაკობრივი უმწეობის გამოყენება არის 137-ე მუხლის, გაუპატიურების პირდაპირი კომპონენტი“.
რატომ არ ეთანხმება ბრალის დამძიმებას ადვოკატი?
მარინე მარიამიძე, ბრალდებულის ადვოკატი, 22 წლის გ.ტ.-ს აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ანუ მის სახლში გაშვებას სთხოვდა მოსამართლეს. თუმცა, სავარაუდოდ, არ ჰქონდა იმედი, რომ მოსამართლე მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებდა.
სხდომის დაწყებამდე, ფოიეში შეკრებილ ბრალდებულის ახლობლებს ეუბნებოდა:
- შეეგუეთ ამას.
სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა რადიო თავისუფლებას უთხრა:
„დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ არ არის მტკიცებულებები და არ დასტურდება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან მასზე შერაცხული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილით. ჯერჯერობით, ჩვენი ვარაუდია, რომ ძალიან მძიმე მუხლი აქვს წაყენებული. ჩემი აზრით, როგორც დაცვის მხარე, ვამბობ, რომ ნამდვილად, ამ ეტაპზე, არ არის იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ყოველ შემთხვევაში, მტკიცებულებები კიდევ მოსაძიებელი აქვს ბრალდების მხარეს, რომელიც ეჭვგარეშე დაარწმუნებდა ნებისმიერ პიროვნებას, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა ჩაიდინა მასზე შერაცხული დანაშაული. ამ ეტაპზე, სხვას ვერაფერს გეტყვით“.
12 წლის ბავშვის გაუპატიურების საქმიდან ცალკე გამოყოფილი საქმე - ოჯახში ძალადობა
პროკურორ ნიკოლოზ სანიკიძის ინფორმაციით, 12 წლის გოგო, ამ ეტაპზე, მისი სურვილის გათვალისწინებით, ერთ-ერთ თავშესაფარშია გადაყვანილი.
მისივე ინფორმაციით, 12 წლის ბავშვის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს კიდევ ერთი, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს:
„საქმე ეხება არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის სხვა სავარაუდო შემთხვევებს. ბრალდების მხარე აღნიშნულ ფაქტებს სწავლობს, ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას. ცალკე წარმოებად გამოიყო საქმე ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით. ლაპარაკია გოგონას ოჯახის წევრებზე. ბავშვი ამჟამად თავშესაფარში, შესაბამის დაწესებულებაში იმყოფება, მისი აზრის გათვალისწინებით“.
12 წლის გოგოს ოჯახის წევრებთან დაკავშირებას ბოლო სამი დღეა ცდილობს ბავშვის სკოლის დირექტორი, თუმცა, ვერ ახერხებს. სკოლაში მისულს მეუბნება, რომ სკოლა „ინფორმაციულ ვაკუუმშია“ და მხოლოდ ის იცის მომხდარი ფაქტის შესახებ, რაც მედიით ვრცელდება.
მეშვიდეკლასელი მოსწავლის ე.წ. დაქორწინების ამბავი 5 ნოემბერს, სკოლის მოსწავლისგან შეიტყო:
„კვირას, გვიან ღამით, 12-ის წუთები იქნებოდა, მესენჯერში მომივიდა შეტყობინება, მასწავლებელო, გაიგეთ? ... გათხოვდაო. დაუჯერებელი ამბავი იყო ჩვენთვისაც. სკოლაში ჩვეულებრივად დადიოდა. პარასკევსაც იყო“.
დირექტორის თქმით, სკოლამ ინფორმაცია ორშაბათს დილითვე შეატყობინა მანდატურის სამსახურს და, როგორც დირექტორი ამბობს, რეფერირების ყველა პროცედურა განახორციელა:
„სკოლას რაც ევალება მსგავს სიტუაციებში, ყველაფერი მყისიერად გავაკეთეთ და ამით ამოიწურა ამ საქმეში ჩვენი მონაწილეობის საკითხი“.
დირექტორი ამბობს, რომ ბავშვს „ყურადღებიანი და აქტიური“ მშობლები ჰყავს. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოზარდი შესაძლოა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყოს, ვერ ადასტურებს.
„მშობლები სასკოლო ცხოვრებაში ჩართულები იყვნენ. ეს ბავშვიც აქტიური, კარგი ბავშვია. ვერ გეტყვით ვერაფერს, საკმაოდ ყურადღებიანი მშობლები ჰყავს. მაგალითად, გამოიხატება იმაში, რომ ყველა ექსკურსიაზე დადიოდა, ნორმალურად ეცვა ბავშვს. ეს დღეებია ვცდილობ ბავშვის დედასთან დაკავშირებას, მაგრამ ვერ ვუკავშირდები. არ გამოდის კონტაქტზე. მისი უმცროსი შვილებიც ჩვენს სკოლაში სწავლობენ, მაგრამ ეს ორი დღეა, ისინიც არ მოსულან სკოლაში. სავარაუდოდ, ამ სიტუაციის გამო ერიდებიან ბავშვების მოყვანას“, - მითხრა 7 ნოემბერს სკოლის დირექტორმა.
რატომ გაუპატიურების მუხლი? - როგორ ხსნის ბრალდების დამძიმებას იურისტი
ანა თავხელიძე, ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი, 12 წლის ბავშვის საქმეზე პროკურატურის მიერ ბრალდების დამძიმების და საქმის გაუპატიურების მუხლით წარმართვის გადაწყვეტილებას სწორ ნაბიჯად აფასებს და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება შესაბამისია ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტსა და ხელშეკრულებასთან, რაც საქართველოს აქვს ხელმოწერილი და სავალდებულოა შესასრულებლად, იქნება ეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია“, „სტამბოლის კონვენცია“, „ლანსაროტის კონვენცია“ თუ სხვა.
ანა თავხელიძის თქმით, ყველა ეს კონვენცია ამბობს, რომ თანხმობის გარეშე სექსუალური კავშირი არის გაუპატიურება. ხოლო 12 წლის ბავშვის ე.წ. თანხმობა სექსუალურ კავშირზე, ვერ იქნება ნამდვილი და რაციონალურ გადაწყვეტილებაზე დაფუძნებული:
„ძალიან კარგი იქნება, თუკი ეს მიდგომა განზოგადდება და ყოველ ასეთ შემთხვევაში, როდესაც დაზარალებული ასეთი მცირე ასაკისაა, სადაც თანხმობა ვერანაირად ვერ იქნება ნამდვილი, ეს ქმედებები შეფასდება გაუპატიურებად და მავნე პრაქტიკა, რაც გულისხმობს გაუპატიურების მუხლის ნაცვლად 140-ე მუხლის გამოყენებას (16 წელს მიუღწეველთან სქესობრივ კავშირს), აღმოიფხვრება“.
ანა თავხელიძე ამბობს, რომ ამ პრაქტიკას უნდა მოჰყვეს საკანონმდებლო ცვლილებაც, რათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდეს გაუპატიურების დეფინიცია, რომელიც დღეს არსებული კანონმდებლობის მიხედვით, ხარვეზიანია: ძალადობის მუქარა, უმწეო მდგომარეობის გამოყენება უნდა იყოს გათვალისწინებული დამამძიმებელ გარემოებად. გაუპატიურების დეფინიციად უნდა განისაზღვროს თანხმობის გარეშე სექსუალური კავშირის დამყარება. დიდი ხანია, იურისტები და უფლებების დამცველები ვითხოვთ ამ ხარვეზიანი ჩანაწერის ცვლილებას და იმედია, ამ ცვლილებასაც მივაღწევთ“.
რატომ ვერ იქნება 12 წლის ბავშვთან სექსუალური კავშირი ნებაყოფლობითი?
ერთ-ერთი ხმაურიანი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო, მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი.
თავად ფაქტი ორი წლის წინ მოხდა. 12 წლის ბავშვთან სქესობრივ დანაშაულში ბრალდებულ პირს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ციცინო მოსიძემ, საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცა და საბოლოოდ, მსჯავრდებულს პირობითი, 4-წლიანი გამოსაცდელი ვადა მიესაჯა. ინფორმაცია ამის შესახებ ონლაინგამოცემა „ბათუმელებმა“, 29 ივნისს გაავრცელა.
განაჩენის მიხედვით, კაცი თავის სახლში ამყარებდა სქესობრივ კავშირს 12 წლის მოზარდთან, მაგრამ ეს ფაქტი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ მისთვის სასჯელის ზომად არა 4-წლიანი გამოსაცდელი ვადა, არამედ 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა მიესაჯათ, როგორც ამას გაუპატიურების მუხლი ითვალისწინებს. სრულწლოვან კაცს ეს მუხლი საერთოდ არ ჰქონია წარდგენილი. მისი საქმის გამოძიება 140-ე მუხლით მიმდინარეობდა.
საპროცესო შეთანხმებების დამტკიცების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად კი დასახელდა ე.წ. ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი. რომ თითქოს, ბრალდებულს 12 წლის მოზარდთან არა ძალადობით, არამედ ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი ჰქონდა.
„რატომ ვერ იქნება 12 წლის ბავშვთან სქესობრივი კავშირი ნებაყოფლობითი? იმიტომ, რომ 12 წლის ბავშვს, რომელიც ჯერ კიდევ ადრეული მოზარდობის ასაკშია, ვერ მოსთხოვ პასუხს მის ქცევაზე და განსაკუთრებით სექსუალურ ქცევაზე“, - ამბობს ნათია კუჭუხიძე, ფსიქოთერაპევტი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის.
მისთვის სრულიად მიუღებელია პროკურატურისა და სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლის შედეგადაც, ზრდასრული პირები, რომლებიც სქესობრივ კავშირს ამყარებენ ბავშვებთან და მოზარდებთან, ე.წ. ნებაყოფლობითი კავშირის იარლიყით, ფაქტობრივად, სასჯელის გარეშე რჩებიან.
„12 წლის ბავშვს ზრდა-განვითარება არ აქვს დასრულებული. მისი კოგნიტური ფუნქციონირება ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. იმ ადამიანს, ვინც ამბობს, რომ 12-13 წლის ბავშვი „ნებაყოფლობით“ თანხმდება სქესობრივ კავშირს, ან წარმოდგენა არ აქვთ ბავშვის განვითარებაზე, ან მოძალადეს ხელს აფარებს, სხვა ახსნას ვერ ვპოულობ“.
ნათია კუჭუხიძის თქმით, ზრდასრულ ადამიანს, რომელსაც განზრახული აქვს ბავშვთან სქესობრივი კავშირის დამყარება, ადვილად შეუძლია მისი ნდობის მოპოვება, სქესობრივ კავშირზე დაყოლიება, რომელსაც შემდგომ მოზარდის თანხმობით გაამართლებს. და ეს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძალიან დაბალია ზოგადად საზოგადოებაში და, მით უმეტეს, ბავშვებში სქესობრივი განათლება:
„ამ ასაკის ბავშვის გავლენის ქვეშ მოქცევა არის ძალიან მარტივი. ძალიან თანმიმდევრულია სექსუალური მოძალადეების ქცევა. და კი, ზრდასრული ადამიანი, რომელიც 12-13 წლის ბავშვთან ამყარებს სქესობრივ კავშირს, ის სექსუალური მოძალადეა და ამას ვერანაირი ე.წ. თანხმობა ვერ ამართლებს. მათი ქმედება შენიღბულია, ნდობით ურთიერთობებში შედიან ბავშვებთან, მათ ოჯახთან. შემდეგ ისინი ახდენენ ბავშვების იზოლაციას, ან დასაჩუქრებით, ან დაშინებით. გარდა ამისა, ბავშვებს არ აქვთ სქესობრივი განათლება, ამ ასაკში მათ ვერ მოსთხოვ კრიტიკულ აზროვნებას და საღი გადაწყვეტილებების მიღებას“.
რაც შეეხება სქესობრივ განათლებას და სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ საკითხების შეტანას ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ეს საკითხი წლებია ღიად რჩება განათლების სისტემისთვის და არათუ ღიად, ქცეულია აზრთა სხვადასხვაობის, აქციებისა და აგრესიული პროტესტის საგნადაც.
მაგალითად, 2016 წელს შეიქმნა პეტიცია, რომელსაც ხელს აწერდნენ ხელოვნების სხვადასხვა დარგის თუ სპორტის სხვადასხვა სახეობის ცნობილი წარმომადგენლები. პეტიციას ემხრობოდნენ სასულიერო პირებიც. ისინი მიიჩნევდნენ, რომ საგანი „მე და საზოგადოება“, რომელიც სწორედ იმ პერიოდში უნდა შესულიყო სკოლაში, როგორც სავალდებულო საგანი, ხელს უწყობდა „დაწყებით კლასებში, ერთი მხრივ, ბილწი და უსაშინლესი ცნობიერებით მოწამვლას, გარყვნას და, მეორე მხრივ, მათი სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების გადაგვარებასა და აღრევას”.
ის, რომ სქესობრივი განათლების თემა ბავშვებში ტაბუდადებულია, ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ასევე ჯერ 1998 წელს, შემდეგ კი 2003 წელს, გამომცემლობა „დიოგენეს“ მიერ გამოცემული წიგნი „მხიარული საუბრები ჰიგიენის, სექსისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ“. საზოგადოების უმრავლესობის რეაქცია ამ წიგნზე მკვეთრად უარყოფითი იყო. 2003 წელს, როდესაც წიგნი მეორედ გამოიცა, მისმა მოწინააღმდეგებმა დაწვეს გამომცემლობა „დიოგენეს“ აბრა. იყო მცდელობები გამომცემლობის ოფისში შევარდნისა და სტენდის დარბევის. წიგნის გამოცემით აღშფოთებული მოქალაქეების ნაწილმა, იგი საჯაროდაც დაწვა.
ფსიქოლოგები და სექსოლოგები თანხმდებიან, რომ სქესობრივი განათლება არის ადრეული ქორწინების, არასასურველი ორსულობის, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თავიდან აცილების, ძალადობრივი კავშირების პრევენციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზა.
და რაც შეეხება ადრეულ ქორწინებას და ე.წ. ოჯახის შექმნის მიზნით, 12 წლის ბავშვის თუნდაც არაძალადობრივი გზით - მანქანაში იძულებით ჩასმისა და გატაცების გარეშე, წაყვანას, ამ ტიპის დანაშაულებრივი გადაწყვეტილების მიღებამდე, როგორც ოჯახის შექმნის მსურველებმა, ისე მათი ოჯახის წევრებმა უნდა იცოდნენ, რომ:
საქართველოს კანონმდებლობით, აკრძალულია 18 წლამდე ასაკის პირის ქორწინება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქვეყანაში ქორწინება 18 წლის ასაკიდანაა დაშვებული. 2016 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა წესი, რომლის თანახმადაც, 16 წელს მიღწეულ პირთა ქორწინება მშობლების თანხმობით დაიშვებოდა. მხოლოდ ერთ წლის განმავლობაში, 2017 წლამდე არსებობდა ასევე სამოქალაქო კოდექსში ჩანაწერი, რომ 17 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვებოდა მისი ნებით და მხოლოდ სასამართლოს თანხმობით, ისეთი პატივსადები მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ბავშვის დაბადება. 2017 წლის პირველი იანვრიდან, ეს მუხლი ძალადაკარგულად გამოცხადდა. ანუ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, 18 წლამდე მოზარდი მის სრულწლოვან პარტნიორთან მხოლოდ ფაქტობრივ თანაცხოვრებაში იმყოფება და არა ქორწინებაში.
ამასთანავე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, რომელიც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში, ითვლება მძიმე დანაშაულად და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 9 წლამდე.
კიდევ უფრო მძიმე, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებში შედის სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს გაუპატიურებას და, როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვან, მაგალითად, 12 წლის ბავშვს, მასთან დამყარებულ სქესობრივ კავშირს ე.წ. ოჯახის შექმნის სურვილი და მიზანი ვერ გაამართლებს.
არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის სტატისტიკა
თბილისის ადამიანით ვაჭრობის და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის პირველ ცხრა თვეში, სექტემბრის ჩათვლით, ცენტრში სქესობრივი დანაშაულის 97 არასრულწლოვანი მსხვერპლის საქმეზე ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები.
მსხვერპლთა უმრავლესობა გოგოა. სქესობრივი სახის დანაშაული განხორციელდა 11 ბიჭის მიმართ.