Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არავითარი ტანჯვა მაგას არ განუცდია" - 9 წლის ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში მსჯავრდებული მოზარდის ხელახალ ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ითხოვს


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

მოზარდ გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში მსჯავრდებული მამაკაცი, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს, მოითხოვს, რომ არასრულწლოვანს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ხელახლა ჩაუტარდეს. 9 წლის გოგონაზე ძალადობის საქმე, რომელზეც განაჩენი გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 2 წლის წინ გამოიტანა და დამნაშავე ციხეში გაუშვა, ახლა სააპელაციო სასამართლოშია.

დაზარალებული გოგონას ინტერესების დამცველი „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააკმაყოფილოს მსჯავრდებულის ადვოკატის, ზურაბ როსტიაშვილის შუამდგომლობა, რადგან იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზა ბავშვის ხელახალ ტრავმირებას გამოიწვევს.

მსჯავრდებული, რომლის სახელს, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდის ინტერესებიდან გამომდინარე, არ ვასახელებთ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ 2021 წლის ნოემბერში ცნო. დანაშაულის 13 ეპიზოდისთვის მას 16-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

9 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის გარდა (რომელიც 3 წელი გრძელდებოდა), მსჯავრდებულის მიმართ საქმე აღძრული იყო ოჯახში ძალადობის ბრალდებითაც.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გურჯაანის ოფისის ადვოკატი ლია ხუროშვილი ყვება, რომ ბავშვზე სექსუალური ძალადობის ამბავი მაშინ გამოაშკარავდა, როცა ოჯახში ძალადობის საქმის გამოძიებისას, მსჯავრდებული კაცის არასრულწლოვანი შვილები გამოჰკითხეს. სწორედ მათ ახსენეს, რომ მამა, მათი ოჯახის ნათესავ გოგონასთან ერთად, ხშირად უჩინარდებოდა ხოლმე. გამომძიებელს ეს დეტალი საეჭვოდ მოეჩვენა და მალე გაირკვა, რომ კაცი მხოლოდ ცოლზე არ ძალადობდა.

ლია ხუროშვილს არაერთხელ აქვს მოსმენილი გოგონას დეტალური მონათხრობი, რა ხდებოდა იმ წლების განმავლობაში. ადვოკატი ამბობს, რომ ბავშვი ასეთ დეტალებს ვერ გამოიგონებდა და ეს, მისი თქმით, თავის დროზე, ფსიქოლოგმაც დაადასტურა და სასამართლომაც ჩათვალა მტკიცებულებად.

ბავშვზე სექსუალური ძალადობა 2018-დან - 2021 წლამდე გრძელდებოდა. ადვოკატი ამბობს, რომ ეს ამბავი შესაძლოა იმიტომ დარჩა შეუმჩნეველი, რომ მსჯავრდებული და გოგონას ოჯახი ნათესავები არიან და კაცში ეჭვი არავის შეუტანია - მოძალადე რომ ხშირად სწორედ ოჯახის ახლობელია, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან მომუშავე ყველა ფსიქოლოგი შენიშნავს.

ხშირად მშობლები ამას ყურადღებას არ აქცევენ, თუმცა, ამ თემაზე ჩატარებული კვლევები და სტატისტიკა ადასტურებს, რომ უმრავლეს შემთხვევაში, ბავშვებზე სექსუალურად ძალადობენ ის ადამიანები, რომლებსაც ისინი კარგად იცნობენ და ენდობიან.
ხშირად ეს ძალადობა შეიძლება რამდენიმე წელიც გაგრძელდეს. ფსიქოლოგები ასეთ მოძალადეებს „სიტუაციურ მოძალადეებს“ უწოდებენ. ისინი, როგორც წესი, იშვიათად მიმართავენ ძალას და ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას მათი ცდუნებით, მოტყუებით, მოფერებითა და საჩუქრებით ახერხებენ.
უმრავლეს შემთხვევაში, მოძალადე კაცია. მოძალადეების მხოლოდ 2%-ია ქალი. თუმცა ფსიქოლოგი ქეთი თავართქილაძე ვარაუდობს, რომ ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი უნდა იყოს. ამის მიზეზი მარტივია: საზოგადოებისთვის, ქალი - ბავშვის გვერდით, ნაკლებ ეჭვს აღძრავს.

გოგონამ არაერთხელ, ჯერ გამოძიების პერიოდში და შემდგომ, სასამართლოზეც, დეტალურად აღწერა ყველა ქმედება, ყველა ადგილი, სადაც მოძალადესთან ერთად მარტო რჩებოდა და ისიც თქვა, რომ ბოლოს, როდესაც ამ შეხვედრებისთვის თავის არიდებას ცდილობდა, მსჯავრდებული დაემუქრა.

„მისთვის ეს ძალიან მტკივნეული პროცესი იყო. თავიდან, ჯერ ფსიქოლოგს ეუბნებოდა ჩურჩულით, ყურში და ფსიქოლოგი ჩვენ გვიამბობდა. მოგვიანებით, როცა დარწმუნდა, რომ თავად არ იყო ამ ამბავში დამნაშავე და მას არ დასჯიდნენ, ალაპარაკდა“, - იხსენებს ლია ხუროშვილი.

ბავშვს საცხოვრებელი ადგილი არ შეუცვლია. ის დედასთან ერთად დღესაც იმავე რაიონში ცხოვრობს და, როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ გვითხრეს, ამ ამბის გამო, არცთუ იშვიათად განიცდის ბულინგს. მისთვის იძულებით ხელახალი ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება კი, მისი უფლებების დამცველების თქმით, ისევ წარსულში დაბრუნებას ნიშნავს და მის კიდევ ერთხელ ტრავმირებას გამოიწვევს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტ-ანალიტიკოსის, ნინო ჩალაძის შეფასებით, სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს არალოგიკური მოთხოვნაა - არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, ყველა დეტალი და მტკიცებულება გამოკვლეულია:

„მეტიც, ვფიქრობთ, რომ ამ ამაზრზენ დანაშაულებზე ეს სასჯელი (16 წელი), რაც დამნაშავეს სასამართლომ მიუსაჯა, მცირეც კია“, - ამბობს ნინო ჩალაძე, რომლის სიტყვებით, მომავალში, ადვოკატებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ მსგავსი შუამდგომლობები არასოდეს დარჩება უყურადღებოდ. განსაკუთრებით, თუ საქმე არასრულწლოვანს ეხება.

თამუნა გაბოძე, იურისტი ორგანიზაციიდან „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, ამბობს, რომ საქმეში არსებული ყველა დაზარალებული, ამავე დროს, მოწმეცაა, ხოლო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (51-ე მუხლი) თანახმად, დაუშვებელია, ექსპერტიზა ჩატარდეს მოწმის სანდოობასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, სააპელაციო სასამართლოში იმავე მტკიცებულებების გამოკვლევა, რაც პირველმა ინსტანციამ უკვე გამოიკვლია, მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ საქმეში ჩნდება ისეთი ახალი მტკიცებულება, რასაც მხარე მანამდე სასამართლოში ობიექტური მიზეზების გამო ვერ წარადგენდა.

თამუნა გაბოძეც ხაზგასმით ამბობს, რომ დაუშვებელია მოზარდისთვის ხელახალი ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, რადგან ეს არ შედის ბავშვის საუკეთესო ინტერესში და მას აუცილებლად დააზარალებს. ცალკე, დიდი პრობლემაა საქართველოში ბავშვის ნაამბობის ეჭვქვეშ დაყენებაც, როგორც იურისტების, ისე სასამართლოს მხრიდან.

მსჯავრდებული დანაშაულს არ აღიარებს და მის უდანაშაულობას ამტკიცებს ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ „ტყუილი ექსპერტიზაა ჩატარებული“ და მას უფლება აქვს, კვლევა თავიდან მოითხოვოს.

„ისიც ტყუილია, ვითომ [ბავშვმა] ტანჯვა განიცადა, არავითარი ტანჯვა მაგას არ განუცდია... ჩვენ კი გვაქვს ალტერნატიული ექსპერტიზით მაგის გადამოწმების უფლება. ხუთი ეპიზოდი (გაუპატიურებაზე) მთლიანად გამოიგონა. მოკლედ, ტყუილია ყველაფერი და ამ საქმეს, საბოლოოდ, სტრასბურგში მაინც დავახურავ თავზე ამ სასამართლოებს“, - ასე უპასუხა ზურაბ როსტიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

საქმეზე მომდევნო სხდომა სააპელაციო სასამართლოში მარტის შუა რიცხვებში უნდა გაიმართოს. „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ იმედი აქვთ, რომ სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG