სახელმწიფო გეგმავს კანონის გამკაცრებას პედოფილიის ფაქტებზე - როგორც სასჯელის გაზრდას, ისე ამ დანაშაულში მსჯავრდადებულთათვის მთელი რიგი უფლებების ჩამორთმევას - საპატიმროში. ციხის დატოვების შემდეგ კი ახალი კანონი პოლიციას ამ დანაშაულის ჩამდენ პირებზე კონტროლის დაწესებას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ დღეს ქვეყანაში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის უმძიმესი სტატისტიკა არსებობს.
თუმცა მხოლოდ კანონის გამკაცრებაში საშველს ვერ ხედავენ ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები.
მაგალითად, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა თავხელიძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ მთავარი ბერკეტი, რომლითაც სახელმწიფო პედოფილიას და არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულს უნდა ებრძოლოს, არის არა მხოლოდ მკაცრი კანონი, არამედ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია, რომელიც ჩართული იყო იყოს ყველა, ვისაც არასრულწლოვნებთან აქვს ხშირი კონტაქტი:
- მშობლები და ოჯახის წევრები - მათ უნდა იცოდნენ, რა სავარაუდო ნიშნები მიუთითებს სექსუალურ ძალადობაზე;
- მასწავლებლები და ბაღის აღმზრდელები, რომლებიც პატარებთან დიდ დროს ატარებენ;
- სამედიცინო პერსონალი, რომელთაც, როგორც ანა თავხელიძე ამბობს, ხშირად თავად ვერ გაურკვევიათ სექსუალური ძალადობის ნიშნები. საჭიროა მათაც მიეცეთ საგანგებო ინსტრუქცია;
- მთლიანად საზოგადოება, რომელიც, როგორც წესი, არ არის კრიტიკული ასეთი ქმედებების მიმართ;
- და რაც მთავარია, თავად ბავშვები, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ ამაზე ლაპარაკი.
რაც უფრო დაფარული ტიპისაა დანაშაული, სექსუალური ძალადობა კი, სპეციალისტების შეფასებით, სწორედ ასეთ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება, მით უფრო ნაკლებია ინფორმაცია. ძალიან ხშირად, ამბობს ანა თავხელიძე, მშობლები არც კი აპროტესტებენ არასასურველ შეხებას და ბავშვების ამგვარი „მოფერება“ ნორმალურად ითვლება.
ის, რაც „ნორმალურია“ მასისთვის, ტრაგედია ხდება ცალკეული ბავშვისთვის.
ძალიან ხშირად ხდება ისეც, რომ სახელმწიფო, როგორც წესი, ბავშვებს არ უჯერებს - ანა თავხელიძეს არაერთი მსგავსი შემთხვევა ახსენდება, ბავშვი ამბობს, რომ მასზე იძალადეს, სახელმწიფო კი ეუბნება, რომ ის პატარაა.
„ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო, სისტემა ბავშვის ინტერესებს სათანადოდ არ იცავს. ეს ვერ ჩაითვლება ბავშვზე მორგებულ მიდგომად. ბავშვის საუკეთესო ინტერესი ამ პროცესში დაკარგული“.
ბავშვთა უფლებების დამცველებმა შსს-ს მიმართეს კიდეც ინიციატივით, შექმნილიყო პედოფილების რეესტრი, ყველა იმ ადგილის მონიშვნით, სადაც არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულებში მსჯავრდებული პირები ცხოვრობდნენ ან გადაადგილდებოდნენ საპატიმროს დატოვების შემდეგ. ინიციატივის ავტორები ფიქრობდნენ, რომ ეტი ინფორმაცია მშობლებსაც და ბავშვებსაც დაეხმარებოდა ამ დანაშაულის პრევენციაში და მეტადაც გაფრთხილდებოდნენ. თუმცა ეს ინიციატივა შსს-მ არ გაიზიარა.
კიდევ ერთი უწყება, რომელსაც ბავშვთა უფლებადამცველები აქტიურობას უწუნებენ და აცხადებენ, რომ ის არაფერს აკეთებს ფორმალური განათლებისთვის და მუდმივად გაურბის პასუხისმგებლობას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ 2018 წელს, პირველი 9 თვის განმავლობაში სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის 300 შემთხვევა დაფიქსირდა. 2017 წელს - 257, 2016-ში კი - 336 შემთხვევა. აქედან 2017 წელს არასრულწლოვნებზე სექსუალური ხასიათის დანაშაულის 174 ფაქტია.