“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გორის ოფისში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის პირველი შედეგები წარმოადგინეს. საია საარჩევნო პროცესს პირველი აგვისტოდან აკვირდება და კონკრეტული დარღვევები უკვე აღმოაჩინა. საიას გორის ოფისში ანგარიშის პრეზენტაციას სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გორის ოფისის ხელმძღვანელმა ქეთი ბებიაშვილმა იმ შესაძლო დარღვევებზე ისაუბრა, რომლებზეც მისი ორგანიზაცია რეაგირებს. შიდა ქართლის მასშტაბით საოლქო და საუბნო კომისიებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის კვოტებით ისეთი ადამიანები ინიშნებიან, რომელთაც ნათესაური კავშირი აქვთ საოლქო კომისიის წევრებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან. საიას მონიტორინგმა ასეთი შემთხვევები გორსა და ქარელში გამოავლინა. ბებიაშვილის თქმით, პირდაპირი კანონდარღვევა ეს არ არის, მაგრამ უამრავი კითხვის ნიშანი ჩნდება.
შეხვედრაზე ყველაზე მეტად ყურადღება გამახვილდა მმართველი პარტიის წამომადგენლების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე.
საიას კითხვები პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“ აქვს. როგორც ცნობილია, ეს პარტია და მისი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე რეგიონებში „გარანტიის სერტიფიკატებს“ არიგებს და ამომრჩეველს ჰპირდება, რომ გამარჯვების შემთხვევაში საბანკო სექტორისგან დაზარალებულ მოსახლეობას ზიანს აუნაზღაურებს და ვალების გადახდაზე ორწლიან მორატორიუმს გამოაცხადებს. იურისტები მიიჩნევენ, რომ, სავარაუდოდ, იკვეთება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნის დარღვევა, პარტიისა და მისი წარმომადგენლის მიერ აკრძალული საქმიანობის განხორციელებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის კუთხით.
საიას მონიტორინგი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ამომრჩეველი იგებს, რა დარღვევებით მიდიან არჩევნებზე პარტიები და კანდიდატები, ეს კი, საარჩევნო ცნობიერების გაზრდის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
შეხვედრაზე ყველაზე მეტად ყურადღება გამახვილდა მმართველი პარტიის წამომადგენლების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელით გავრცელდა გორის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიხეილ გოგინაშვილის მოწოდება თანაპარტიელების მიმართ, გააზიარონ და მოიწონონ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის შტაბის გახსნის ვიდეო. ქეთი ბებიაშვილი მიიჩნევს, რომ გოგინაშვილი იყენებდა თანამდებობას და ადმინისტრაციულ რესურსს ზურაბიშვილის სასარგებლოდ. ამჟამად საიას საქმე საოლქო კომისიაში აქვს შეტანილი და გოგინაშვილის 2 000 ლარით დაჯარიმებას ითხოვს.
თავად მიხეილ გოგინაშვილი საოლქო კომისიაში მისი საქმის მოკვლევის დასრულებამდე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.
შეხვედრის დასასრულს ფონდ „აფხაზეთის“ წარმომადგენელმა იამზე გოჩაშვილმა აღნიშნა, რომ საიას მონიტორინგი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ამომრჩეველი იგებს, რა დარღვევებით მიდიან არჩევნებზე პარტიები და კანდიდატები, ეს კი, საარჩევნო ცნობიერების გაზრდის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წინასაარჩევნო მონიტორინგს აგრძელებს და მალე სექტემბრის საინფორმაციო ბიულეტენიც გამოიცემა.