Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წაკითხულიდან აზრის გამოტანა მოსწავლეებს ისევ უჭირთ - PISA-ს კვლევა


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის, PISA 2022-ის კვლევის უახლესი მონაცემებით, 15 წლის ქართველი მოსწავლეების ცოდნა და უნარები მათემატიკაში, წაკითხულის გააზრებასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 2018 წელთან შედარებით არ გაუმჯობესებულა. PISA-ს ბოლო კვლევა ამ წელს ჩატარდა.

2022 წელს, 2018 წელთან შედარებით, მხოლოდ ერთი ქულით გაუმჯობესდა შედეგი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. მათემატიკასა და წაკითხულის გააზრებაში კი 8 და 6 ქულით გაუარესდა. ამის მიუხედავად, PISA-ს შეფასებაში ნათქვამია, რომ არცერთი ეს ცვლილება სტატისტიკას არ ცვლის.

კვლევის მიხედვით, მათემატიკის მე-2 საბაზო დონეს ქართველ მოსწავლეთა 34%-მა მიაღწია. ეს მონაცემი მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ ქვეყნების შედეგებს, რომლებიც PISA-ს შეფასებაში მონაწილეობენ. წაკითხულის გააზრებაში დაახლოებით 33%-მა მიაღწია კითხვის მე-2 ან უფრო მაღალ დონეს, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში - დაახლოებით 35%-მა.

მე-2 დონე ნიშნავს, რომ მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან მარტივი სტრატეგიები პრობლემის გადასაჭრელად, შეუძლიათ ინფორმაციის მიღება ერთი ან მეტი წყაროდან, მარტივი ამოცანების გადაჭრა, შედეგების პირდაპირი ინტერპრეტაცია.

შედეგები სკოლის ტიპის, ადგილის, ტესტის ენისა და მოსწავლის სქესის მიხედვით

ამ კომპონენტებზე დაყრდნობით, 2022 წლის შედეგების ანალიზი გვიჩვენებს:

  • კერძო სკოლის მოსწავლეები უფრო მაღალ შედეგს აღწევენ, ვიდრე საჯარო სკოლის მოსწავლეები;
  • მათემატიკაში მაღალი შედეგები თბილისში მცხოვრებ მოსწავლეებს აქვთ, შემდეგ - სხვა ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებლებს. ყველაზე დაბალია დაბაში მცხოვრები მოსწავლეების შედეგები. მსგავსია მონაცემები კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებშიც;
  • საქართველოში ბიჭები და გოგოები, საშუალოდ, ერთნაირ დონეზე ასრულებენ მათემატიკის დავალებებს. კითხვაში გოგოები 35 ქულით სჯობნიან ბიჭებს;
  • საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, სადაც სქესის მიხედვით, გოგოების შედეგები აღემატება ბიჭების მიღწევებს. საქართველოს მსგავსი მონაცემები აქვთ ბრუნეის, ჩრდილოეთ მაკედონიას, ფილიპინებს, მაროკოს, ალბანეთს, პალესტინას, მონღოლეთს, აზერბაიჯანს, დომინიკის რესპუბლიკას, ფინეთს და კიდევ 6 სხვა ქვეყანას;
  • საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი მოსწავლეების მიღწევები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ჩამორჩება ქართულენოვანი და რუსულენოვანი ჯგუფის შედეგებს.

შედეგები სოციალურ-ეკონომიკური ინდექსის მიხედვით

  • საქართველოში კვლევაში მონაწილე მოსწავლეების მხოლოდ 7.3 % იყო ყველაზე ღარიბი;
  • საქართველოს მსგავსი სოციალურ-ეკონომიკური ფონი ჰქონდა ყოველ მესამე მოსწავლეს თურქეთსა და ვიეტნამში;
  • საქართველოში სოციალურ-ეკონომიკურად შეძლებულმა მოსწავლეებმა მათემატიკაში 65 ქულით აჯობეს შეჭირვებულ მოსწავლეებს;
  • საქართველოს ეკონომიკურად შეჭირვებული 15 წლის მოსწავლეების დაახლოებით 14%-მა მათემატიკაში უმაღლესი ქულები მიიღო. ისინი მაღალი მიღწევების მქონე მოსწავლეების ზედა 25%-ში მოხვდნენ.

კვლევა ამ მოსწავლეებს აკადემიურად მდგრადებს უწოდებს, რადგან მიუხედავად ეკონომიკური სტატუსისა, საქართველოს სხვა მოსწავლეებთან შედარებით უმაღლეს შედეგებს მიაღწიეს.

მოსწავლის კმაყოფილება სასკოლო ცხოვრებით

საქართველოში 2022 წელს 15 წლის მოსწავლეების 79%-მა განაცხადა, რომ ადვილად იძენს მეგობრებს სკოლაში და 51% სკოლაში თავს კომფორტულად გრძნობს. ამავდროულად, 14% თავს სკოლაში მარტოსულად, ხოლო 13% უცხოდ ან გარიყულად მიიჩნევს.

  • 2022 წელს, ისევე როგორც 2018-ში, ყოველმა მეათე მოსწავლემ თქვა, რომ უკმაყოფილო იყო თავისი ცხოვრებით;
  • საქართველოს 15 წლის გოგოების 13%-მა და ბიჭების 15%-მა განაცხადა, რომ თვეში რამდენჯერმე მაინც გამხდარა ბულინგის მსხვერპლი;
  • მოსწავლეები სკოლის გაცდენის მიზეზად ყველაზე ხშირად ავადმყოფობას, მოწყენილობას ასახელებენ;
  • 2022 წელს მნიშვნელოვნადაა შემცირებული ისეთი მოსწავლეების რაოდენობა, რომლებსაც არჩეული აქვთ თავიანთი მომავალი პროფესია.

აღსანიშნავია, რომ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც არჩეული აქვთ თავიანთი მომავალი პროფესია, წაკითხულის გააზრებაში უკეთესი შედეგები აქვთ. მოსწავლეები ყველაზე ხშირად იურისტის პროფესიას ირჩევენ. ყველაზე ხშირად დასახელებულ პროფესიებს შორის მეორე ადგილზეა პროგრამისტობა - 2018 წელს ეს პროფესია მეოთხე ადგილზე იყო.

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან შედარებით, საქართველო სამივე კატეგორიაში ჩამორჩა უკრაინის იმ ტერიტორიებს, სადაც კვლევის ჩატარება მოხერხდა [27-დან 18 ოლქი], აზერბაიჯანს მხოლოდ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში აჯობა, სამივე კატეგორიაში ჩამორჩა მოლდოვას, ლიეტუვას, ყაზახეთს და ესტონეთს.

რა არის PISA

PISA მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამაა, რომელსაც სამ წელში ერთხელ ატარებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია. კვლევა 15 წლის მოსწავლეების ცოდნასა და უნარებს აფასებს მათემატიკაში, კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. შეფასებით ვიგებთ, რამდენად კარგად ამზადებს საგანმანათლებლო სისტემა 15 წლის ასაკის ბავშვებს გამოწვევებისა და მომავალი წარმატებისათვის. PISA-ს 2023 წლის კვლევაში 81-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა.

საქართველო PISA-ს შეფასებაში 2009 წლიდან მონაწილეობს. 2022 წელს კვლევაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 267 სკოლის 6 583-მა მოსწავლემ. PISA-ს ეროვნული ანგარიში შეფასებისა და გამოცდების ცენტრმა მოამზადა.

XS
SM
MD
LG