მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA-ს 2018 წლის ოფიციალური შედეგები საქართველოს განათლების სისტემის შესახებ შემდეგ სურათს იძლევა:
- ქართველ მოსწავლეებს კვლავ უჭირთ წაკითხულიდან აზრის გამოტანა, აქვთ სუსტი მათემატიკური უნარები და უჭირთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.
- ქართველი მოზარდები 15 წლის ასაკში დაახლოებით ისეთივე განათლებას იღებენ სკოლებში, როგორსაც 2009 ან 2015 წლებში იღებდნენ, მეტიც, 2015 წლის შემდეგ მდგომარეობა მცირედით გაუარესდა.
- ამ ტესტის მონაცემებით, საქართველო მაშინაც და ახლაც, საშუალოზე დაბალი მაჩვენებლებით, 70-ზე მეტი ქვეყნის ბოლო ათეულში იკავებს ადგილს.
- სიის სათავეში კარგი შედეგებით ჩინეთი, სინგაპური, ესტონეთი, იაპონია და ფინეთია, საქართველოსთან ერთად კი საშუალოზე დაბალი მოსწრების მქონეთა ადგილს იკავებენ აზერბაიჯანი, ყაზახეთი, პანამა, ინდონეზია, მაროკო, კოსოვო და ფილიპინები.
განათლების სპეციალისტები წლებია საუბრობენ იმაზე, რომ ეს სფერო პოლიტიკური მოვლენებისგან დამოუკიდებლად უნდა ვითარდებოდეს და მიჰყვებოდეს სწორად შედგენილ და გრძელვადიან სახელმწიფო პოლიტიკას, იდენტიფიცირებული უნდა იყოს პრობლემები, სწორად დაისახოს მიზნები და ცნობილი იყოს მათი მიღწევის ინსტრუმენტები. პროცესი არ უნდა იყოს დამოკიდებული განათლების მინისტრების ცვლასა და საარჩევნო ციკლებზე. განათლების სპეციალისტებისთვის გასაკვირი არც პიზას ტესტის შედეგები აღმოჩნდა. ის, რომ ქართველი მოსწავლეები როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ კვლევებში საგანგაშოდ დაბალ შედეგებს აჩვენებენ, ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის სიახლე არ არის.
- რატომ არ გვაქვს პროგრესი განათლების სისტემაში?
- რით შეიძლება ვუშველოთ შექმნილ საგანგაშო მდგომარეობას?
- რა გაკვეთილს იძლევა პიზას და სხვა ამ ტიპის კვლევების შედეგები?
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია ვითარებას კატასტროფულთან მიახლოებულად აფასებს და ამბობს, რომ ამ შედეგამდე სასკოლო რეფორმის განუხორციელებლობამ მიგვიყვანა, რომელიც რთული, მტკივნეული და ხანგრძლივი, მაგრამ აუცილებლად გასავლელი ეტაპია ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, თუკი გვინდა, როგორც ქვეყანა, შევდგეთ და არ წავართვათ მომავალი მომავალ თაობებს.
„ფუნდამენტური სასკოლო რეფორმის გატარების გარეშე განწირულები ვართ სრული წარუმატებლობისთვის ყველა სფეროში, იქნება ეს სამოქალაქო თვითშეგნება, ეკონომიკა, პოლიტიკა თუ კულტურა. შეუძლებელია, ადამიანების იმ კოჰორტებმა, რომლებმაც ვერ შეძლეს მიეღოთ ნორმალურთან მიახლოებული განათლება, მოახერხონ საკუთარი თავის ჩამოყალიბება, როგორც წარმატებულმა მეწარმეებმა, პოლიტიკოსებმა, ხელოვანებმა, მოქალაქეებმა.
თუ სერიოზული შემოტრიალება არ მოხდა ზოგადი განათლების სფეროში, წარმოუდგენელია, რა მომავალი შეიძლება გვქონდეს. იმისათვის, რომ ქვეყანა შედგეს ქვეყნად, როგორც აუცილებელია გქონდეს სასამართლო სისტემა, რომელსაც ადამიანები ენდობიან, ასევე აუცილებელია გქონდეს სასკოლო სისტემა, რომელიც მომავალ მოქალაქეებს აყალიბებს, როგორც ერთი საზოგადოების წევრებს, ცხოვრებისთვის საჭირო ცოდნითა და უნარებით. ეს იმდენად ელემენტარულია, რომ ამაზე ფოკუსირების გარეშე არაფერი არ გამოვა“, - ამბობს გიგა ზედანია.
კატასტროფულად მიიჩნევს განათლების სფეროში არსებულ მდგომარეობას განათლების სპეციალისტი რევაზ აფხაზავაც, რომლის თქმითაც, ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, თუნდაც პოლიტიკური კრიზისი და თუნდაც ეკონომიკური სიდუხჭირე, სწორედ განათლების დონით შეიძლება აიხსნას.
„ეს ერთის მხრივ იმის ბრალია, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია თანმიმდევრული პოლიტიკა ამ მიმართულებით გაუმჯობესების და, მეორეს მხრივ, საზოგადოების მხრიდანაც არ არის დაკვეთა, გვქონდეს უკეთესი განათლების სისტემა. როგორც ყველა საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჩვენებს, ეროვნულ საკითხებს შორის განათლება ყოველთვის ერთ-ერთი ბოლოა ხოლმე პრობლემათა ჩამონათვალში, სამწუხაროდ. ჩვენს საზოგადოებაში განათლება როგორც განვითარების, სოციო-ეკონომიკური სტატუსის ამაღლების, მოქალაქეობის, საზოგადოებრივი კეთილდღეობის ხელისშემწყობ და განმავითარებელ ფაქტორად არ განიხილება. უკეთესი განათლების სისტემის მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ, საზოგადოება, როგორ დამოკიდებულებას ვაჩვენებთ მთავრობას განათლების მიმართ, რას ვაყენებთ დღის წესრიგში“, - ამბობს რევაზ აფხაზავა.
საზოგადოების მხრიდან განათლების საკითხებზე მეტად აქტიურობას საჭიროდ მიიჩნევს გიგა ზედანიაც, რომლის აზრით, პრობლემის სიღრმე არც ელიტებს და არც საზოგადოებას კარგად გაცნობიერებული არ აქვთ.
„მიზეზი, რის გამოც ამაზე დისკუსიები არ მიდის, არის ის, რომ ბევრმა ადამიანმა მონახა საჯარო პრობლემის გადაჭრის პრივატული გზა და კერძო სკოლების და სხვა საშუალებების დახმარებით ის ადამიანები, რომლებსაც რესურსები აქვთ, ცდილობენ, საზოგადო პრობლემას გაექცნენ თავისი ოჯახის ფარგლებში. მაგრამ ეს მაინც გვიბრუნდება როგორც საზოგადოებრივი პრობლემა. ჩვენ შეიძლება, ერთის მხრივ, ჩამოვყალიბდეთ საზოგადოებად, სადაც მარკერი იქნება, სად მიიღო ადამიანმა განათლება და, მეორეს მხრივ, მივიღებთ ქვეყანას, სადაც კარგი განათლების მქონე ადამიანები არ გაჩერდებიან“, - ამბობს გიგა ზედანია.
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ პიზას 2018 წლის შედეგებისთვის მომზადებულ პრეზენტაციაში ნათქვამია, რომ საქართველოში სხვაობა დაბალი და მაღალი სოციო-ეკონიკური სტატუსის მქონე მოსწავლეებს შორის, მაგალითად, კითხვაში უფრო მცირეა, ვიდრე OECD-ს ქვეყნებში და რომ ეს სხვაობა 2018 წელს 2009 წელთან შედარებით შემცირდა, მაგრამ განათლების სპეციალისტის, რევაზ აფხაზავას განმარტებით, ეს მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ჩვენთან მაღალი სოციო-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეების მაჩვენებელიც დაბალია და კარგი განათლების მიღებას ვერც ეს სტატუსი უზრუნველყოფს და არა იმას, რომ სისტემა თანასწორ განათლებას უზრუნველყოფს.
საქართველოში განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს ხშირად ამ სფეროში თანხების სიმწირეს უკავშირებენ ხოლმე, თუმცა ბოლო წლების სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზი აჩვენებს, რომ თანხები ამ სფეროში მზარდია. 2011 წელს განათლებისთვის გამოყოფილი თანხები 2018 წელთან შედარებით ორჯერ ნაკლები იყო.
ის, რომ მხოლოდ თანხების ზრდა პროგრესს არ ნიშნავს, პიზას ტესტების შედეგებიც აჩვენებს, რომელიც ცხადს ხდის, რომ, მაგალითად, ეკონომიკურად ბევრად სუსტი ესტონეთი უფრო კარგად ვითარდება, ვიდრე ბევრად ძლიერი ბრიტანეთი და გერმანია. როგორც გიგა ზედანია ამბობს, ესტონეთმა განათლების სისტემის გამართვაზე ზრუნვა მაშინვე დაიწყო, როგორც კი საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოვიდა და გრძელვადიან შედეგზე გათვლილმა სწორმა გეგმამ მიიყვანა აქამდე. ესტონეთი კარგი მაგალითია იმისთვისაც, რომ ქვეყნის გამდიდრებას განათლებული მოქალაქეები უზრუნველყოფენ.
ესტონეთის განათლების სისტემის სიკეთეებზე მსჯელობისას სპეციალისტები რამდენიმე საკითხს გამოყოფენ: უფასო განათლების სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს მის ხელმისაწვდომობას ყველასთვის და ონლაინსწავლების სისტემის დანერგვას, რაც, ერთი მხრივ, ერთ სივრცეში მასწავლებლის, ბავშვისა და მშობლის თავმოყრას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ კი, მოსწავლეებს თანამედროვე უნარ-ჩვევებს უვითარებს.
პიზას ტესტის ანალიზისას მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მისი შედეგები ზომავს არა იმდენად კონკრეტულ დისციპლინებში მოსწავლეების ცოდნას, არამედ მათ მზაობას ამ ცოდნის ცხოვრებაში გამოყენებისთვის. ტესტი ასევე ცდილობს, აჩვენოს მოსწავლის კმაყოფილება სასკოლო ცხოვრებით.
PISA-ს ძირითადი მიზნებია იმის შეფასება, თუ:
- რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა ის ძირითადი ცოდნა და უნარები, რომელთა ფლობაც აუცილებელია ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ინდივიდის სრულფასოვანი მონაწილეობისათვის;
- რამდენად შეუძლიათ მათ ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორც სკოლაში, ასევე მის გარეთ და რამდენად ფლობენ ზოგად კომპეტენციებს: დამოუკიდებლად სწავლის, კომუნიკაციის, ადაპტაციის, პრობლემების გადაჭრისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარებს.