Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაბალი ხარისხის განათლება და მისი ფასი


ერთ-ერთი საჯარო სკოლა საქართველოში
ერთ-ერთი საჯარო სკოლა საქართველოში

სასკოლო განათლებაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტში თითქმის 700 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც, დაახლოებით, ორჯერ აღემატება 2011 წლის მაჩვენებელს, თუმცა, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ თავმოყრილი ინფორმაცია ადასტურებს, ზოგადი განათლების დაფინანსების ზრდა არ აისახება განათლების ხარისხზე, სასკოლო განათლების კრიტიკულად დაბალ დონეს კი, უპირველესად, ოფიციალური სტატისტიკა ადასტურებს.

საქართველოში ზოგადი განათლების დაბალ დონეზე მიუთითებს საერთაშორისო კვლევების შედეგებიც. მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) თანახმად, სასკოლო განათლების ხარისხით საქართველო 72 ქვეყანას შორის ბოლოდან მე-11 ადგილზეა, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსით კი - 137 ქვეყანას შორის 106-ზე.

სასკოლო განათლების დაბალი დონის ინდიკატორთა შორისაა ასევე პედაგოგის პროფესიისადმი ახალგაზრდა კადრების დაბალი ინტერესი და საშუალო ნომინალური ხელფასი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორში არსებულ საშუალო ხელფასს თითქმის ორჯერ ჩამოუვარდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის თანახმად, 2011-2017 წლებში საჯარო სკოლებში ნომინალური ხელფასი ძირითადად ეტაპობრივი ზრდის დინამიკით ხასიათდება - თითქმის ორჯერაა გაზრდილი, მაგრამ მაინც დაბალია. ნომინალური ხელფასი საშუალოდ საჯარო სკოლებში 548-ს, ხოლო კერძო სკოლებში 631 ლარს შეადგენს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ სასკოლო დაფინანსების ზრდა განათლების ხარისხის ამაღლებისკენ არ არის მიმართული და მის მიზანს მხოლოდ მოსწავლეების განათლებისადმი ხელმისაწვდომობა წარმოადგენს.

სასკოლო განათლების ხარისხის ამაღლებისადმი სახელმწიფოს ყურადღების ნაკლებობაზე ლაპარაკობს განათლების სპეციალისტი ნათია გორგაძეც, თუმცა აქვე აღნიშნავს იმასაც, რომ, ზრდის მიუხედავად, განათლების სექტორის დაფინანსება ძალიან მწირია. შესაბამისად, საკითხავია ისიც, თუ რამდენად სწორად ნაწილდება თანხები, რამდენად ყაირათიანად იხარჯება და რა კეთდება სასკოლო განათლების ხარისხის შესაფასებლად:

“ის საზომებიც კი მოშალეს, რომლითაც მე-11, მე-12 კლასებში საატესტატო გამოცდების შედეგები მოწმდებოდა, სადაც სუფთა მოტივაციის დონეზე ბავშვისათვისაც და მშობლისათვისაც ნიშნებით იყო განსაზღვრული შეფასებები. ესეც კი მოვხსენით“.

სასკოლო განათლების საბოლოო და შუალედური შედეგების შეფასება ერთ-ერთია იმ რეკომენდაციებს შორის, რომლითაც განათლების სამინისტროს მიმართა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“. რეკომენდაციების თანახმად, უნდა შემუშავდეს განათლების პროგრამის კონკრეტული მიზნები, რეგულარულად მოხდეს სასკოლო განათლების ხარისხზე დაკვირვება და სხვა. განათლების სამინისტროსგან კვლევის შესახებ საპასუხო კომენტარები ვერ მივიღეთ, ორგანიზაციაში კი იმედოვნებენ, რომ განათლების სამინისტროში დაწყებული საკადრო ცვლილებები მიზნად ისახავს განათლების ხარისხის რეალურად გაუმჯობესებას და არა თანამდებობის პირების ახალი, საკუთარი კადრებით მექანიკურად ჩანაცვლებას. განათლების რეფორმის პრეზენტაციას სამინისტრო უახლოეს დღეებში აპირებს.

XS
SM
MD
LG