„შრომის კოდექსში“ ცვლილებების მხარდასაჭერად საქართველოს რამდენიმე ქალაქში ხელმოწერებს აგროვებენ. საუბარია უფრაქციო დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებს მინიმალური ხელფასის 500 ლარამდე გაზრდას, ზეგანაკვეთური და ღამის შრომის ანაზღაურებას, არასრულწლოვანთა შრომის რეგლამენტირებას და სამუშაო ცვლებს შორის შესვენების ხანგრძლივობის განსაზღვრას. ხელმოწერებს რუსთავშიც აგროვებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „მშრომელთა სოლიდარობის კავშირის“ თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის, ინფორმაციით, 500-მდე ხელმოწერა უკვე აქვთ.
გიორგი ტყემალაძის თქმით, ხელმომწერებს შორის არიან როგორც დასაქმებულები, ისე უმუშევრები, ახალგაზრდები და უფროსი ასაკის ადამიანები. ერთ-ერთმა ხელმომწერმა, ახალგაზრდა ფსიქოლოგმა ხატია ტყეშელაშვილმა, რომელიც კერძო კომპანიაში მუშაობს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მინიმალური ხელფასის ოდენობა აუცილებლად კანონით უნდა განისაზღვროს:
„ჩემი კურსელებიდან, პროფესიის მიხედვით 3-4 ადამიანი მუშაობს, რადგან არ არის სამუშაო ადგილები და თუ არის, იქაც ისეთი ანაზღაურებაა, რომ არ უღირთ. სკოლაში ფსიქოლოგად რომ იმუშაო, საერთოდ არ ღირს, იმდენად დაბალი ანაზღაურებაა“.
ხატია ტყეშელაშვილის თქმით, მას, უბრალოდ, გაუმართლა, რომ სამსახური იშოვა, თუმცა ის 600 ლარიც, რასაც ხელფასის სახით იღებს, ინფლაციის პირობებში საკმარისი არ არის. საკანონმდებლო ინიციატივას მხარდაჭერა ხელმოწერით გამოუცხადა ეთერ კუტიბაშვილმა, რომელიც, დიდი ხანია, სამსახურს ეძებს. მისი თქმით, მინიმალური ხელფასის ზღვრული ოდენობის დაწესებასთან ერთად, სახელმწიფომ სოციალურ გარანტიებზეც უნდა იზრუნოს:
„თუკი ამ 500-ლარიან ხელფასთან ერთად გაიაფდება ტრანსპორტის ხარჯები, გაიაფდება მედიკამენტები, უფასო გახდება სამედიცინო მომსახურება, უფასო იქნება სწავლა, პენსიაც მოიმატებს, მინიმალური ხელფასი შეიძლება პირველ ეტაპზე მისაღები იყოს“.
პარლამენტის წევრ ბექა ნაცვლიშვილის საკანონმდებლო ინიციატივაში სერიოზულ რისკებს ხედავს ბიზნესმენი სოსო მაზმიშვილი, რომელიც ამბობს, რომ კანონპროექტის ექსპერტულ შეფასებას ვერსად მიაგნო. მაზმიშვილის აზრით, მაღალი უმუშევრობის პირობებში ადამიანები მზად არიან 500 ლარზე ნაკლებ ხელფასზეც დათანხმდნენ:
„ადამიანების უმრავლესობა, ოღონდ სამუშაო იშოვოს, ხელფასი მიიღოს, მზად არის არაფორმალურად დასაქმდეს, ხელშეკრულების გარეშე. ამდენად, ვფიქრობ, ზედმეტი რეგულაციები გამოიწვევს არალეგალურად მომუშავეთა რაოდენობის ზრდას“.
სოსო მაზმიშვილის შეფასებით, პრობლემურია ზეგანაკვეთური სამუშაოს იმგვარად რეგულირებაც, როგორც ეს კანონპროექტშია ასახული. საუბარია დამატებით სამუშაო დროისთვის ხელფასის 50 %-ით გაზრდაზე.
„მაგალითად, მაღაზიის კონსულტანტი, სადისტრიბუციოს თანამშრომელი... მათიზეგანაკვეთური შრომა [დამსაქმებელს] თუ იმდენი დაუჯდა, როგორც კანონპროექტშია მითითებული, ასეთ შემთხვევაში დამსაქმებელი იძულებული გახდება, არავინ ამუშაოს ზეგანაკვეთურად და დამატებით მიიღოს ახალი თანამშრომელი. მართალია, ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება, მაგრამ დამსაქმებელი ზღვრულ ნიშნულზე მეტს მაინც არ გადაიხდის, ეს იქნება მოჩვენებითი ეფექტი“.
თავის მხრივ, კანონპროექტის ავტორი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ინიციატივა შეაფასებინა თითქმის ყველა დარგის წარმომადგენლებს და, აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული მათი სურვილები, საჭიროებები, სპეციფიკა და მოსაზრებები.