ქაშუეთში, სამოქალაქო პანაშვიდზე ხალხმა დილიდან დაიწყო მოსვლა. მოდიოდნენ ახლობლები, ნათესავები, პატარა ლუკას თანაკლასელების მშობლები, მთავრობის წევრებიც. ხის ოთხი კუბო, ქართული ორნამენტებით ტაძრის შუაში იდო, ოთხივე ერთმანეთზე პატარა. ფოტოებიდან ოთხი ხუჭუჭა თავი ჩანდა. ეს სურათები უკვე მთელმა საქართველომ იცის. შოვში დაღუპულ ოჯახს გიორგი დუდაშვილი მთელი თვე ეძებდა.
ნატო ჭელიძე შოვში ხშირად ადიოდა. გუტაშვილების ნათესავი იყო, მათ კი იქ კოტეჯები ჰქონდათ. წელსაც ავიდა ბავშვებთან ერთად. 3 აგვისტოს მოვარდნილმა ღვარცოფმა არა მხოლოდ კოტეჯები, მთლიანად შოვი წალეკა. გიორგი დუდაშვილი მაშინ პირდაპირ ეთერში ტიროდა, მთავრობას ემუდარებოდა, ღვარცოფში ჩარჩენილების ძებნა ღამითაც განაგრძეთ, იქნებ, ვინმე ცოცხალი იყოსო: „მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს ჩარჩენილი. არ ვიცი, რა სიტუაციაა, როგორ არიან… არ გვინდა ეს სამი მცირეწლოვანი ბავშვი? დაიღუპონ მანდ? ხალხო, რამე ქენით, გამოგზავნეთ ერთი ვერტმფრენი მაინც, რომ ვიპოვოთ. დღისით, პირველ თუ თორმეტ საათზე [ველაპარაკე], არ მახსოვს. მერე აღარ გამოდიან კონტაქტზე... შოვის ტერიტორიაზე კოტეჯებში იყვნენ“.
იმ ღამეს ვერტმფრენებს არ უმუშავიათ. სამუშაოები დილით განახლდა. პირველ დღეებში დაკარგულების ახლობლებს ჯერ კიდევ ჰქონდათ იმედი, რომ ვინმეს შესაძლოა ტყეში შესვლა მოესწრო.
6 აგვისტოს რაჭის ეკლესიაში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. სასულიერო პირი ჰყვებოდა, რომ ტაძარში გიორგი დუდაშვილიც მივიდა. „ცოცხლებთან დავუნთებ სანთელსო, თქვა. მერე წავიდა ზევით და მკვდარი იპოვეს მაგის ბავშვი, ლუკა, თვითონვე ამოუცნია“.
ლუკა პირველი იყო, შემდეგ ნახეს მისი დედა - ნატო ჭელიძე.
„ნატოსთან ერთად გავიზარდე. ერთად გვეძინა, ერთად დავდიოდით სკოლაში, ყველაფერს ერთად ვაკეთებდით. მე რომ სტუდენტი ვიყავი, ნატო მივლიდა ხოლმე. მაგის შვილი ლუკა ჩემი ნათლული იყო“, - ჰყვებოდა ნატოს ნათესავი მარიტა გუტაშვილი რადიო თავისუფლებასთან. ნატოს ოჯახთან ერთად მარიტამ შოვში და-ძმა, დეიდა და დეიდაშვილებიც დაკარგა, - „იმ დღეს ანასტასიას გვირგვინი დავუწანი, ვაიმე, რა ლამაზი ვარო, დარბოდა გახარებული“.
ნატოსა და ლუკას შემდეგ 4 წლის ანდრიას მიაგნეს. ძალიან დიდხანს ვერ პოულობდნენ ნაბოლარა, 2 წლის ანასტასიას. მამა გოგონას თოჯინით ხელში შოვში იდგა და ელოდებოდა. საბოლოოდ, 24 აგვისტოს დაადასტურეს, რომ ანასტასიას ცხედარიც მოიძებნა.
26 აგვისტოს, სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ, ცხედრები ქაშუეთიდან გამოასვენეს.
ბოლო მონაცემებით, შოვში სულ 31 ადამიანის ნეშტია ნაპოვნი, აქედან ამოიცნეს - 28.