შოვში სტიქიური უბედურების შედეგად გარდაცვლილთაგან დღეს კიდევ ოთხ ადამიანს კრძალავენ. ნატო ჭელიძე და მისი სამი შვილი - ლუკა, ანდრია და ანასტასია დუდაშვილები თბილისში, ქაშვეთის ეკლესიიდან გამოასვენეს.
მამა - გიორგი დუდაშვილი ოჯახის წევრებს 3 აგვისტოს შემდეგ ეძებდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ერთ-ერთი შვილის ცხედარს ოჯახის სხვა წევრებზე ადრე მიაკვლიეს.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტო- და ვიდეომასალის მიხედვით, გიორგი დუდაშვილი სამძებრო სამუშაოებს პირადად ადევნებდა თვალს. რამდენიმე ფოტოზე ის სავარაუდოდ თავისი შვილის თოჯინით ხელშია ასახული.
ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მოძიებულია 31 ადამიანის ცხედარი და კვლავ ეძებენ დაკარგულად მიჩნეულ ორ ადამიანს. 25 აგვისტოს, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ მედიას აცნობა, რომ 31 ადამიანიდან უკვე ამოცნობილია 28 ადამიანი.
ღვარცოფი რაჭის კურორტ შოვში, 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათისთვის მოვარდა.
სახელმწიფო უწყებებს არ გამოუქვეყნებიათ გარდაცვლილთა, დაკარგულთა და გადარჩენილთა შესახებ სრულყოფილი ოფიციალური ინფორმაცია. ცნობები დაღუპულებსა და დაკარგულებზე მათ ახლობლებზე დაყრდნობით ვრცელდება - მხოლოდ მედიასა და სოციალურ ქსელებში.
სტიქიის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 240-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.