ლანჩის ნაკრებების ტენდერი საპროტესტო აქციების პერიოდში ქუჩებში მომუშავე სამართალდამცავებისთვის, 28 ნოემბერს, საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყების დღეს გამოცხადდა.
წინადადებების მიღების ვადა რამდენიმე დღის წინ ისე ამოიწურა, რომ ტენდერში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერის გამოცხადებამდე სამინისტრომ ბაზრის კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ორმა კომპანიამ გამოთქვა ტენდერში მონაწილეობის წინასწარი სურვილი და ფასიც შესთავაზა, თუმცა უკვე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა კომპანიებმა არ მიიღეს - ტენდერი არ შედგა.
ტენდერის ჩაშლის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრო ლანჩის ნაკრებების შესყიდვას ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვით განაგრძობს.
2024 წლის გაზაფხულიდან შსს ლანჩის ნაკრებების დიდ ნაწილს ისედაც ტენდერის გარეშე ყიდულობს და შესყიდვის დეტალებს კანონდარღვევით მალავს. სამინისტროს მიერ აქციის დაშლაში მონაწილე სამართალდამცავებისთვის საკვების უტენდეროდ შესყიდვის შესახებ რადიო თავისუფლებამ რამდენჯერმე დაწერა.
ლანჩის ნაკრები, რომელსაც სამინისტრო ყიდულობს, ერთი სენდვიჩის, ერთი 55-გრამიანი შოკოლადისა და ერთი 0.5-ლიტრიანი პეპსისგან შედგება და დაახლოებით 9 ლარამდე ღირს.
ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ქუჩებში მომუშავე ძალოვნების კვებისთვის 1 მლნ 300 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.
შს სამინისტრომ ლანჩის ნაკრებები ტენდერით ბოლოს 2024 წლის ივლისში იყიდა, მაშინ ტენდერში კომპანია „სთარ ფუდმა“ გაიმარჯვა. მისი წარმომადგენელი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ახალ ტენდერში მათთვის მისაღები ფასი არ იყო და რადგანაც პროდუქტი გაძვირდა, ტენდერში მონაწილეობა აღარ მიიღეს.
2024 წლის მაისში „აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციების დროს 150 ათასი ლარის ლანჩის ნაკრებები ტენდერით მიაწოდა სამინისტროს შპს „ევროპულმა საცხობმა“. ამ კომპანიის 65%-ს კვების სფეროში ცნობილი ბრენდი „დეგუსტო“ ფლობს, 35%-ს - უკრაინელი ბიზნესმენი.
„ევროპულ საცხობში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მას შემდეგ პოლიციელებისთვის ლანჩის ნაკრებები აღარ მიუწოდებიათ.
ფორუმი