საზოგადოებრივი მაუწყებელი 45-მილიონიანი სესხის აღებას გეგმავს. წინასწარი ინფორმაციით, ამ კრედიტს მაუწყებლის მენეჯმენტი ტექნიკური გადაიარაღებისათვის დახარჯავს. საზოგადოებრივმა მაუწყებლობამ სესხის ასაღებად ნაწილობრივი თანხმობა უკვე მიიღო სამეურვეო საბჭოსგან. საბოლოო თანხმობას კი ის მას შემდეგ მიიღებს, რაც ის სამეურვეო საბჭოს დეტალურად და მაქსიმალურად მიახლოებულ ციფრებში წარუდგენს შესაძენი ტექნიკის ნუსხასა და ღირებულებას.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ნინია კაკაბაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ დღესდღეობით მაუწყებლის ტექნიკური ვითარება სავალალოა და ის რეალურად საჭიროებს განახლებას. მათ შორის, მისი თქმით, მაუწყებელი საჭიროებს ისეთი ძვირად ღირებული ტექნიკის შეძენას, როგორიცაა, მაგალითად, მოძრავი სტუდია, რაც უზრუნველყოფს საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების პირდაპირ ეთერში გადაცემას: „ცხადია, მოძრავი სტუდია საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს, მაგრამ ის არ აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ვალდებულება, რომ, მაგალითად, გააშუქოს სხვადასხვა მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება, ჩემპიონატი და ა.შ. ამისათვის „უეფა“ ითხოვს კონკრეტულ სტანდარტებს და იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს, მაუწყებელი ამ ტექნიკას ქირაობს, რაშიც საკმაოდ დიდი თანხა იხარჯება“.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ეთერში დღემდე კასეტებით გადის და არა ციფრული ფორმით.
ნინია კაკაბაძის თქმით, დღეს, საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“ ტექნიკური აღჭურვილობის არქონის გამო, ვერ მაუწყებლობს HD ხარისხით: „გარდა ამისა, გამოსაცვლელია სამონტაჟოებიც, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი ეთერში დღემდე კასეტებით გადის და არა ციფრული ფორმით. თავად „მოამბის“ სტუდია საჭიროებს სერიოზულ გადაიარაღებას. მართალია, რამდენიმე ხნის წინ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეიძინა კამერები, თუმცა ეს კამერები განკუთვნილია გარე გადაღებისთვის, რაც შეეხება სტუდიის კამერებს, ისინიც განახლებას საჭიროებს".
კონკრეტულად, რა ტიპის ტექნიკური აღჭურვილობის შეძენას გეგმავს 45 მილიონი ლარის კრედიტით საზოგადოებრივი მაუწყებელი, ამის გარკვევას სამი თვეა ცდილობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. ინფორმაციის გასაჯაროების მოთხოვნით, მათ 2018 წლის 5 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსაც მიმართეს. ორგანიზაციამ სასამართლოში საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლითაც ორგანიზაციას უარი ეთქვა მაუწყებლის ტექნიკური გადაიარაღების გეგმისა და ჩამონათვალის გადაცემაზე.
მარიამ გოგოსაშვილი, საიას პროგრამების კოორდინატორი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ დაფარულია აბსოლუტურად ყველა დეტალი სესხთან დაკავშირებით, მათ შორის ისიც, თუ რომელი ბანკიდან გეგმავს საზოგადოებრივი მაუწყებელი სესხის აღებას: „როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ასეთი რაოდენობის სესხის აღებას გეგმავს, არ შეიძლება, რომ ეს იყოს კომერციული საიდუმლოება. ამ სესხის დაფარვა უნდა მოხდეს ბიუჯეტის თანხებით, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლის ძირითადი დაფინანსება სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოდის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია იყოს საჯარო. ასევე საჯარო უნდა იყოს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ გეგმავს საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ სესხის დაფარვას“.
ჯერ კიდევ სექტემბერში, როდესაც ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავდა 45-მილიონიანი სესხის აღებას ტექნიკური გადაიარაღებისათვის, გაჩნდა ეჭვი და კითხვის ნიშნები ამ სესხის საჭიროებასა და მაუწყებლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ. ამ კითხვების საპასუხოდ, სექტემბრის დასაწყისშივე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა გაცხადება, სადაც ის წერდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ფინანსურად სრულიად გამჭვირვალე ერთადერთი ტელევიზია საქართველოში და მის მიერ დახარჯულ თითოეულ ლარზე სამეურვეო საბჭოს, საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და დამოუკიდებელი გარე აუდიტის მიერ ხორციელდება კონტროლი. რაც შეეხება სესხის აუცილებლობას, ისინი განცხადებაში მიუთითებდნენ, რომ „ტელევიზიის მძიმე ტექნიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად, მენეჯმენტმა შეიმუშავა ტექნიკური გადაიარაღების გეგმა, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია მხოლოდ საკრედიტო რესურსით, რადგან ერთბაშად ამ მოცულობის თანხის გადახდა შეუძლებელია არა მარტო საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, არამედ ნებისმიერი სხვა ტელევიზიისთვის ან სხვა პროფილის ორგანიზაციისთვისაც კი“.
ტექნიკური გადაიარაღება - შეუსრულებელი მისია?
ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ტექნიკურ განახლებას თუ გადაიარაღებას საჭიროებს, ამაზე ძალიან ბევრი წელია ლაპარაკობენ როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის რიგითი თანამშრომლები, ისე მაუწყებლის დირექტორები. თუმცა 2005 წლიდან დღემდე, ანუ 13 წელია, ეს პრობლემა პრობლემად რჩება. უნდა ითქვას, რომ იმ ცხრა დირექტორიდან, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკური გადაიარაღების აუცილებლობაზე ლაპარაკობდნენ, რვამ ვერ დაასრულა კანონით გათვალისწინებული 6-წლიანი ვადა. ისინი ან თავად ტოვებდნენ თანამდებობას, ან მათ სამეურვეო საბჭო ათავისუფლებდა. მეცხრე, ვასილ მაღლაფერიძე კი დირექტორის თანამდებობას 2017 წლის იანვრიდან იკავებს.
ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ ვითარებასა და ამ ვითარებიდან გამოსვლის სამწლიან გეგმაზე, მაუწყებელში მისვლისთანავე ვრცელი პრეზენტაცია გამართა. მან მაშინ თქვა, რომ წლების განმავლობაში, ტელევიზიაში არამიზნობრივად იხარჯებოდა მილიონები. ამ მილიონების დასაზოგად და თანხების მიზნობრივად ხარჯვის ერთ-ერთ გზად კი ჯერ არაერთი გადაცემის შეჩერება, შემდეგ კი ზოგიერთი მათგანის საბოლოოდ დახურვა აირჩია. მათ შორის, დაიხურა რადიო თავისუფლების ორი გადაცემა - „წითელი ზონა“ და „ინტერVIEW“
გაშვებული და მიღებული თანამშრომლები
გარდა ამისა, გეგმის თანახმად, განხორციელდა თანამშრომელთა ოპტიმიზაციაც. წინასწარი გათვლებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში თანამშრომელთა ოპტიმიზაციას 15 მილიონი ლარი უნდა დაეზოგა. ეს თანხა კი მოხმარდებოდა მაუწყებლის მატერიალურ-ტექნიკურ და ტექნოლოგიური ბაზის განახლებას. რა თანხა დაზოგა, ან დაზოგა თუ არა საერთოდ რაიმე თანხა საზოგადოებრივმა მაუწყებლობამ თანამშრომელთა ოპტიმიზაციის შედეგად, ამის შესახებ ინფორმაცია უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში, ახალი მენეჯმენტის პირობებში, არაერთი ახალი თანამშრომელი დასაქმდა და არაერთი თანამშრომელი გათავისუფლდა.
საკადრო პოლიტიკის არარსებობა ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი სუსტი წერტილია. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ პროგრამების კოორდინატორის მარიამ გოგოსაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოში საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 30-მდე თანამშრომელი დაითხოვეს. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, მაუწყებელს არ გააჩნია საშტატო განრიგი და სახელფასო პოლიტიკა: „დღემდე არ არის შემუშავებული შრომის პოლიტიკის დოკუმენტი, სახელფასო ნუსხა და კრიტერიუმები“.
საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ საკადრო პოლიტიკის გაურკვევლობაზე ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან მაუწყებლის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა. მისი თქმით, ბოლო თვეებში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს არაერთი კვალიფიციური კადრი შეეწირა: „მათი მოსვლისთანავე გაჩნდა განცდა, თითქოს ჩვენ, ის თანამშრომლები, რომლებიც იქ დავხვდით, არაფერს წარმოვადგენდით. საზოგადოებრივ მაუწყებელში მიიღეს ძალიან ბევრი ახალი თანამშრომელი. არადა, შემიძლია ვთქვა, რომ ახალი თანამშრომლების მიღების პარალელურად, არაერთი მაღალკვალიფიციური კადრი გაუშვეს. თუკი მათ სჭირდებოდათ დამატებითი თანამშრომლები, მაშ, რატომ გაუშვეს გამოცდილი კადრები? როდესაც ახალ მენეჯმენტს დავუსვით კითხვა, რა კრიტერიუმების მიხედვით გადაწყვეტდნენ თანამშრომლების დათხოვნას, ამ კითხვაზე მაშინ პასუხი ვერავინ გაგვცა. თუკი გადაცემას ხურავ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ გადაცემის თანამშრომელს სხვა გადაცემისთვის მუშაობა არ შეუძლია. მთელი ტელევიზია ხომ არ დახურულა?“
რას და რა გზით ყიდულობს საზოგადოებრივი მაუწყებელი?
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის შესახებაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიუთითებს, ეს არის მათი თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე გაუმჭვირვალე, ბუნდოვანი შესყიდვები. მარიამ გოგოსაშვილი ამბობს, რომ ამ პრობლემის წარმოქმნას, ერთი მხრივ, ხელი შეუწყო მიმდინარე წლის მარტში შესულმა ახალმა კანონმაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“, რომლის თანახმადაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ტელე-რადიო, ასევე ვებგვერდისა და სოციალური ქსელისათვის განკუთვნილი პროდუქციის (პროგრამა, გადაცემა, ფილმი, სპექტაკლი, სერიალი...) ან მის შესაქმნელად საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, აგრეთვე სატელიტური თანამგზავრის საშუალებით ტელე-რადიო პროდუქციის გავრცელებასთან ან მის მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე (გარდა ტელე-რადიო პროდუქციის შესაქმნელად ან/და მაუწყებლობისათვის საჭირო საქონლისა და სამშენებლო სამუშაოსი) არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. ამიტომ ყველა ინფორმაცია, რაც ამ პერიოდში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გამოითხოვა საზოგადოებრივი მაუწყებლისგან, მარიამ გოგოსაშვილის თქმით, უპასუხოდ დარჩა: „საზოგადოებრივი მაუწყებელი გვეუბნება, რომ ეს არის კომერციული საიდუმლოება ან პერსონალური მონაცემები და ამიტომ ინფორმაციას შესყიდვების თაობაზე ვერ მოგვაწვდიან“.
საზოგადოებრივ მაუწყებელში ახალი მენეჯმენტის პირობებში შექმნილი ვითარების შესახებ 2017 წლის დეკემბერში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც გამოკვლევაში ვკითხულობთ, ამ პერიოდში განხორციელებული მთელი რიგი შესყიდვები კითხვის ნიშნებს ბადებს. მაგალითად, ორგანიზაციის წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებენ რეჟისორ გოგა ხაინდრავას კომპანიის მიერ მოგებულ ტენდერზე სერიალის წარმოებაზე: „გოგა ხაინდრავა ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია - მისმა კომპანიამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიის დაკვეთით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შესახებ სერიალი “ჰეროკრატია” გადაიღო. ასევე, პრობლემურია ბერა ივანიშვილის კომპანიის მიერ მოგებული განათების ტენდერი (რომლის დირექტორიც გოგა ხაინდრავაა). ტენდერი ამჟამად შეწყვეტილია, ხოლო განათების ტექნიკა ივანიშვილმა მაუწყებელს საჩუქრად გადასცა“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის თანახმადვე, გაუმჭვირვალედ წარიმართა დასაქმების პოლიტიკაც: „საზოგადოებრივ მაუწყებელში ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზიის “ჯი-დი-ეს”-ის თანამშრომლები აქტიურად დასაქმდნენ, როგორც წამყვანი მენეჯერის, ასევე ჟურნალისტების პოზიციებზე; საზოგადოებრივ მაუწყებელში წლების განმავლობაში საუბარია ე.წ. “გაბერილი კადრების” პრობლემაზე, თუმცა რეფორმა ვერცერთმა მენეჯმენტმა ვერ ან არ განახორციელა“.
გარდა ამისა, როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, ახალი მენეჯმენტის პირობებში გაძლიერდა ეჭვები, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხელისუფლებისა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირების ზეგავლენის შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მიმდინარე წლის დასაწყისში წერილითაც მიმართა საქართველოს აუდიტის სამსახურს, რათა ჩატარებულიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის 2017 წლის არაგეგმიური შემოწმება, თუმცა ამ მოთხოვნაზე ორგანიზაციამ უარი მიიღო. ამის მიზეზად კი აუდიტის სამსახურის მიერ 2017 წელს ჩატარებული საზოგადოებრივი მაუწყებლის 2015-2016 წლების შესაბამისობის აუდიტი დაასახელა, რომელიც მოიცავდა ორგანიზაციის საქმიანობის შესწავლას არაერთი მიმართულებით და ამ შესწავლის საფუძველზე გასცა რეკომენდაციებიც. შესაბამისად, აუდიტის სამსახური არაგეგმიური შემოწმების აუცილებლობას იმ ეტაპზე, ვეღარ ხედავდა.
ჩაჯდება თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი აუდიტის სამსახურის მიერ 2019 წელს შესამოწმებელ ორგანიზაციათა ნუსხაში? რადიო თავისუფლებას აუდიტის სამსახურში უთხრეს, რომ ჯერჯერობით ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი წლიდან წლამდე იზრდება. 2017 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბიუჯეტიდან 46 400 000 ლარი მიიღო. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი 2018 წელთან (52 მილიონი) შედარებით, 6 მილიონითაა გაზრდილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი და ის 58,8 მილიონ ლარს შეადგენს. საზოგადოებრივ მაუწყებელში აცხადებენ, რომ 45-მილიონიან სესხს, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი მაქსიმუმ ექვსი წლის ვადით აიღებს, სწორედ გაზრდილი ბიუჯეტიდან დაზოგილი თანხით გადაიხდიან.