Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რთე/რთ-ის პრეზიდენტი გაწბილებას გამოთქვამს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილების გამო


გიორგი გვახარია და სალომე ასათიანი
გიორგი გვახარია და სალომე ასათიანი

16 ივნისს გამოქვეყნებულ პრესრელიზში რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლება სინანულს გამოხატავს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილების გამო, თავისი პროგრამიდან ამოიღოს გადაცემები „წითელი ზონა“ და „ინტერVIEW“. პრესრელიზში, კერძოდ, ნათქვამია:

რადიო თავისუფალ ევროპა / რადიო თავისუფლებას ეცნობა, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ივლისიდან წყვეტს ორ უაღრესად წარმატებულ სატელევიზიო პროგრამას. ეს ნაწილია მაუწყებლის რესტრუქტურიზაციის პროცესისა, რომელიც, კრიტიკოსთა მტკიცებით, მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ხმების ჩახშობას.

5 ივნისით დათარიღებულ წერილში საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ სეზონს და ახალ პროგრამებთან დაკავშირებულ გეგმებს ასახელებს რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის მიერ მომზადებული ორი პროგრამის 17 ივლისიდან შეწყვეტის მიზეზად. „წითელი ზონა“, რომელიც თითქმის ერთი ათწლეული გადიოდა ეთერში, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ქვეყნის საბჭოურ მემკვიდრეობას. იგი წარმოაჩენდა კულტურის იმ მოღვაწეთა ცხოვრებასა და შემოქმედებას, რომლებიც ნაკლებად არიან ცნობილი დღევანდელ საქართველოში. „ინტერVIEW“ არის მწვავე დისკუსიებზე ორიენტირებული ტოკშოუ, რომლის მიზანია საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების გაზრდა და აქტიური პოლიტიკური დებატების ხელშეწყობა.

რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა თომას კენტმა განაცხადა, რომ [საზოგადოებრივი მაუწყებლის] გადაწყვეტილება „გაწბილებას იწვევს, რადგან ამ ორ პროგრამას მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საჯარო დისკურსსა და პოლიტიკურ განვითარებაში.“ მაგრამ, მისი თქმით, კომპანია განიხილავს სხვა შესაძლებლობებს და იმედოვნებს, რომ პროგრამები სხვა პლატფორმებზე განაგრძობს არსებობას.

მრავალმა პროფესიულმა თუ სადამკვირვებლო ორგანიზაციამ არ დააყოვნა კრიტიკის გამოთქმა პროგრამების დახურვის შესახებ ცნობის გამო. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 14 ივნისს გამოვიდა მოწოდებით, რომ პროგრამები შენარჩუნებულ იქნეს. ორგანიზაციის თანახმად, „წითელი ზონა“ და „ინტერVIEW“ მაყურებელს სთავაზობს „მაღალი პროფესიული სტანდარტებით მომზადებულ მრავალფეროვან მედიაპროდუქტს“. ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო, კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, „წითელი ზონისა“ და „ინტერVIEW“-ს დახასიათებისას აღნიშნავენ, რომ ისინი „გამორჩეული პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობის გადაცემებია, რომლებიც ძალაუფლებრივი ღერძებისა და პოლიტიკური პროცესების მწვავე კრიტიკით გამოირჩევა“ და „აძლიერებს ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ, რომელიც ამ თანამდებობაზე მიმდინარე წლის იანვრიდან მუშაობს, თებერვალში გამოაცხადა, რომ მაუწყებლის გარდაქმნას გეგმავს. მაუწყებლის რვაკაციანი სამეურვეო საბჭოს ზოგმა წევრმა ამ გეგმის მიზანშეწონილობის თაობაზე გარკვეული ეჭვი გამოთქვა, რაც შემოდგომისთვის დანიშნულ ადგილობრივ არჩევნებსაც უკავშირდება.

„ფრიდომ ჰაუსის“ პრესის თავისუფლების 2017 წლის რეიტინგში საქართველოს მინიჭებული აქვს „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნის სტატუსი და ის 198 სახელმწიფოს შორის 102-ე ადგილზეა.

XS
SM
MD
LG